Როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაუმკლავდეს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ გლოვას?
ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ერთ-ერთი ყველაზე სტრესული მოვლენაა ბავშვის ცხოვრებაში, თუმცა გარშემომყოფთა მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში, მათი უმეტესობა ახერხებს გლოვის ეტაპის გადალახვას და ნორმალურ ფუნქციონირების აღდგენას გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინებაც მსგავს შემთხვევაში დაგეხმარებათ:
ბავშვის სათანადო მხარდაჭერისთვის, უმნიშვნელოვანესია რომ ზრდასრულებმა იზრუნონ საკუთარ თავზე. ითხოვეთ და ისარგებლეთ სასურველი მხარდაჭერით ახლობელი ადამიანების, საჭიროების შემთხვევაში კი სპეციალისტის მხრიდან.
- გაითვალისწინეთ, რომ სევდა, დარდი და ზოგჯერ ბრაზიც კი გარდაცვლილ ადამიანთან დაკავშირებით, გლოვის პროცესთან დაკავშირებული ბუნებრივი ემოციებია. მიეცით ბავშვს მათზე საუბრის საშუალება და აგრძნობინეთ რომ ეს ემოციები ბუნებრივი და ნორმალურია მოცემულ სიტუაციაში.
- მიაწოდეთ ბავშვს ძირითადი ინფორმაცია ახლობელი ადამიანის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, მიეცით მათ შეკითხვების დასმის საშუალება, თუმცა მოერიდეთ გრაფიკული დეტალების მიწოდებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.
- მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს სიკვდილის ფენომენზე დამატებით საუბარი და იმის ხაზგასმა, რომ იგი შეუქცევადი პროცესია და გარდაცვლილი ადამიანი არ შეიძლება “გაცოცხლდეს” ან უკან დაბრუნდეს.
- ხაზი გაუსვით, რომ სიკვდილის გამოწვევა მხოლოდ სერიოზულ დაავადებებს ან დაზიანებებს შეუძლიათ და არსებობს მთელი რიგი ზომები, რომელსაც იცავს როგორც ოჯახი, ასევე უფრო ფართო საზოგადოება, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის და ასევე ოჯახის სხვა წევრების უსაფრთხოება.
- ნუ დააძალებთ ბავშვს გარდაცვლილ ადამიანზე საუბარზე, თუმცა აგრძნობინეთ რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მოგმართოთ შეკითხვით ან გაგიზიაროთ საკუთარი განცდები ამასთან დაკავშირებით.
- მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ბავშვის ყოველდღიური რუტინა.
- დაგეგმეთ ბავშვისთვის სასიამოვნო აქტივობები, რომელიც პოზიტიური გამოცდილების წყარო იქნება მისთვის და დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება გრძელდება და დადებითი ემოციების განცდა ამ სიტუაციაშიც კი შესაძლებელი და მისაღებია.
- თუკი ბავშვს აღენიშნება სუიციდალური აზრები, თვითდამაზიანებელი ქცევები, ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალებიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგაც, ვერ ახერხებს ნორმალურ ფუნქციონირებასთან დაბრუნებას, სასურველია მიმართოთ სპეციალისტს დამატებითი კონსულტაციისთვის.
Spread the love
Tell us what you think