28 მაისი — იოლი ენის საერთაშორისო დღეა!
ინფორმაციაზე წვდომა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა ინფორმაციის გასაჯაროება ან ადრესატამდე მიტანა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იგი ხელმისაწვდომად ჩაითვალოს. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ადამიანს შეუძლია ინფორმაციის გაგება, გამოყენება და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამას უწყობს ხელს იოლი ენა.
რა არის იოლი ენა?
იოლი ენა გულისხმობს ინფორმაციის ისე გადმოცემას, რომ შენარჩუნდეს შინაარსი, მაგრამ გაიოლდეს მისი გაგება. ამისთვის გამოიყენება მოკლე წინადადებები, ნაცნობი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გამოყენებადი სიტყვები, მკაფიო სტრუქტურა და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალური მხარდაჭერაც.
იოლი ენის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უჭირთ რთული ტექსტის წაკითხვა, გაგება ან გადამუშავება. ეს შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სწავლასთან, კითხვასთან, ენასთან, მეტყველებასთან ან კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები; უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია ან ინფორმაციის დამახსოვრება. იოლი ენა ასევე ეხმარება იმ ადამიანებს, ვისთვისაც ტექსტის ენა მშობლიური არ არის, ან ვინც სტრესის, დაღლილობისა და ინფორმაციული გადატვირთვის ფონზე ეცნობა ახალ ინფორმაციას.
მიუხედავად იმისა, რომ იოლი ენის გამოყენებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს, მის გავრცელებას ხშირად ხელს უშლის მცდარი წარმოდგენები და მითები.
3 გავრცელებული მითი იოლი ენის შესახებ
მითი N1: იოლი ენა მხოლოდ ბავშვებისთვისაა.
სინამდვილე: იოლი ენა სასარგებლოა არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც. როგორც აღვნიშნეთ, ის განსაკუთრებით ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც რთული ინფორმაციის გაგება უჭირთ. ამავე დროს, იოლი ენა ყველასთვის სასარგებლოა მაშინ, როდესაც დაღლილები ვართ, სტრესის ქვეშ ვიმყოფებით ან ერთდროულად ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ.
მითი N2: იოლი ენა შინაარსს ზედაპირულად გადმოსცემს.
სინამდვილე: პირიქით, იოლი ენა მოითხოვს შინაარსის სიღრმისეულ გაგებას, მთავარი აზრის სწორად გამოყოფას და მკაფიოდ გადმოცემას. ინფორმაციის იოლ ენაზე წარმოდგენა არ ნიშნავს ძირითადი აზრის დაკარგვას. იგი ემსახურება იმას, რომ ინფორმაცია უფრო გასაგები და გამოსაყენებელი გახდეს.
მითი N3: იოლ ენაზე დაწერილი ტექსტის ერთი ვარიანტი ყველასთვის გამოსადეგია.
სინამდვილე: იოლ ენაზე წარმოდგენილი ინფორმაცია ითვალისწინებს კონკრეტულ პრინციპებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ტექსტი ყველა ადამიანისთვის ერთნაირად გასაგები იქნება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ვისთვის იქმნება ტექსტი — ბავშვისთვის, მშობლისთვის, სპეციალური საჭიროების მქონე პირისთვის, თუ ფართო საზოგადოებისთვის. ამიტომ კარგი პრაქტიკაა, იოლ ენაზე დაწერილი ტექსტი გადამოწმდეს იმ ადამიანებთან, ვისთვისაც ის არის განკუთვნილი.
იოლი ენა არ აკნინებს ადამიანს. პირიქით, ის პატივს სცემს მის უფლებას — გაიგოს ინფორმაცია, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მონაწილეობა მიიღოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში.
Tell us what you think