ჯღაბნიდან პირველ წინადადებამდე: წერის უნარის განვითარების ეტაპები
წერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია. მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ბავშვი ამ უნარს ეტაპობრივად ეუფლება. იმისათვის, რომ უკეთ გავიაზროთ, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება ბავშვი, სასარგებლოა ვიცოდეთ, თუ როგორ იცვლება ფანქრის ჭერის ტიპი ასაკთან ერთად:
- 1–2 წელი: ბავშვი ფანქარს მთელი მუშტით იჭერს, ხელისგული ზემოთ აქვს შემოტრიალებული და ფანქარს მთელი მკლავის მოძრაობით ატარებს ქაღალდზე.
- 2–3 წელი: ფანქარი უკვე თითებში უჭირავს და თითის წვერები ქაღალდისკენ აქვს მიმართული, ხელისგული კი ქვემოთაა დახრილი, თუმცა ხაზების გავლებისას მაინც მთელი მკლავი მოძრაობს.
- 3–4 წელი: ბავშვი ფანქარს უკვე ცერით, საჩვენებელი და შუა (ხანდახან არათითით) თითით აფიქსირებს. ამ დროს თითები ჯერ კიდევ უძრავია და ფანქარს მაჯის მოძრაობით მართავს.
- 4–6 წელი: ფანქარი მყარად უჭირავს ცერს, საჩვენებელსა და შუა თითს შორის. ამ დროს მაჯა უკვე უძრავადაა, ხოლო ფანქარს მხოლოდ თითების ნატიფი მოძრაობით ამოძრავებს. ეს არის ფანქრის ჭერის ის საბოლოო, გამართული ფორმა, რომელიც ბავშვს სკოლაში წერისას სჭირდება.
კალმის/ფანქრის გამოყენებისას თავდაპირველად ბავშვი იწყებს ჯღაბნას, ნელ-ნელა კი გადადის ისეთი ფორმების მოხაზვაზე, როგორიცაა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, წრე, ჯვარი და ა.შ. სასკოლო ასაკში კი უკვე ეუფლება ასოებისა და ციფრების ფორმირებასა და წინადადებების დაწერას.
სწორი პოზის მნიშვნელობა
ხშირად ყურადღება მხოლოდ თითებსა და ფანქარზე გადაგვაქვს, თუმცა წერის პროცესში უდიდეს როლს თამაშობს სხეულის სწორი პოზა. თუ ბავშვი არასწორად ზის, მისი ხელი სწრაფად იღლება.
მიაქციეთ ყურადღება „90 გრადუსის წესს“:
- ფეხები: მყარად იდგეს იატაკზე (ან ფეხის დასადგამზე) - მუხლებში 90-გრადუსიანი კუთხით.
- წელი: ეყრდნობოდეს სკამის ზურგს (მენჯი და წელი 90 გრადუსით).
- მკლავები: იდაყვები თავისუფლად უნდა იდოს მაგიდაზე (ასევე, 90-გრადუსიანი კუთხით).
- მეორე ხელი: აუცილებლად უნდა ეხმარებოდეს და აფიქსირებდეს ქაღალდს.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს წერისთვის მზაობაში?
აღსანიშნია, რომ წერის უნარის ჩამოყალიბება იწყება ადრეული ბავშვობიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბავშვი შესაძლოა საერთოდ არ იყენებდეს კალამსა თუ ფანქარს. სხვადასხვა აქტივობა ეხმარება ხელის კუნთების განვითარებას, რაც შემდგომში საფუძველს უყრის წერისთვის მზაობას, ამიტომ სანამ ბავშვს ასოების წერას მოვთხოვდეთ, მნიშვნელოვანია სხვაგვარად მოვამზადოთ. ამისათვის არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ფანქრით ვარჯიში, ყოველდღიური თამაშები საუკეთესო დამხმარეა:
- ძერწვა (პლასტელინი, ცომი): თითებით სრესა და ფორმების მიცემა აძლიერებს მტევნის კუნთებს.
- სარეცხის სამაგრებით თამაში: სამაგრზე დაჭერა ზუსტად იმ კუნთებს ავითარებს, რომლებიც შემდგომში ფანქრის ჭერისთვისაა საჭირო.
- მაკრატლით ჭრა: ქაღალდის უბრალო ზოლებად დაჭრაც კი ავითარებს ხელისა და თვალის კოორდინაციას.
- მძივების ასხმა ან მცირე ზომის საგნების დახარისხება: ცერითა და საჩვენებელი თითით (პინცეტისებური ჩაჭიდებით) მცირე ზომის ნივთების აღება პირდაპირ ამზადებს ხელს ფანქრის ეფექტურად დაჭერისთვის.
როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორც აღვნიშნეთ, წერა კომპლექსური უნარია. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ მის დაუფლებას სჭირდება შესაბამისი დრო და მოთმინება. თუ ბავშვი სისტემატურად თავს არიდებს წერასა და ხატვას, უჭირს კალმის ჭერა, სწრაფად იღლება ან სასკოლო ასაკის მიუხედავად ვერ ახერხებს ციფრებისა და ასოების სწორად დაწერას, შესაძლოა მას სპეციალისტის - ოკუპაციური თერაპევტის - დახმარება სჭირდებოდეს. ოკუპაციური თერაპევტი შეფასების საფუძველზე შეძლებს შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარებას, იქნება ეს დაკავშირებული ბავშვის პოზასთან, წერის დროს გამოყენებულ ნივთებთან, ბავშვის უნარებსა თუ პოტენციურ დამხმარე საშუალებებთან.
Tell us what you think