როგორ ვასწავლოთ ბავშვს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთა?
გზის უსაფრთხოდ გადაკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია ბავშვის დამოუკიდებლობის წასახალისებლად. სასურველია, ამ წესებზე ადრეული ასაკიდანვე დავიწყოთ საუბარი და დეტალურად ავუხსნათ პოტენციური საფრთხეები. გიზიარებთ ამ უნარის განვითარებისთვის საჭირო რამდენიმე რჩევასა და სახალისო აქტივობას:
- ქუჩაში გადაადგილებისას აუხსენით ბავშვს შუქნიშნის თითოეული ფერის მნიშვნელობა. გაახმოვანეთ და ერთად დააკვირდით, როგორ იქცევით სხვადასხვა ფერის ანთებისას.
- უმჯობესია, პრაქტიკული სწავლება შედარებით წყნარ ქუჩაზე დაიწყოთ. აჩვენეთ ბავშვს შუქნიშანზე დაკვირვების, შეჩერების, ორივე მხარეს მიმოხედვისა და მოსმენის საჭიროება გზის გადაკვეთამდე. ხაზი გაუსვით იმას, რომ მაშინაც კი, როდესაც მანქანები არ ჩანან, ყურადღებით ყოფნა მაინც აუცილებელია.
- შეგიძლიათ შექმნათ სპეციალური სიმღერა ან ლექსი, რომელსაც მუდმივად გააჟღერებთ გზის გადაკვეთის დროს. მსგავსი სიმღერებისა და საგანმანათლებლო ვიდოების მოძიება შესაძლებელია ინტერნეტშიც.
პრაქტიკული სწავლების გარდა, სახლის გარემოშიც შეგიძლიათ მოიფიქროთ მრავალფეროვანი სახალისო თამაშები და აქტივობები:
1. „წითელი შუქი, მწვანე შუქი“ - წამყვანი აჟღერებს „მწვანე შუქს“, რა დროსაც ყველამ უნდა იცეკვოს. უეცრად წამოიძახებს „წითელ შუქს“ - ამ დროს ყველა უნდა გაშეშდეს. „მწვანე შუქის“ გაჟღერებისას მოძრაობა ისევ გრძელდება.
2. „წითელი, ყვითელი, მწვანე“ - ბავშვი დგას ოთახის ერთ ბოლოში, თქვენ - მეორეში. ზურგით შებრუნდით და წარმოთქვით ფერები:
-
-
-
- მწვანე: ბავშვი სწრაფად მოდის თქვენკენ.
-
-
-
-
-
- ყვითელი: ნელა მიდის ან ადგილზე ნაბიჯებს დგამს.
-
-
-
-
-
- წითელი: ბავშვი ადგილზე უნდა გაიყინოს. ვინც წითელზე გაინძრევა, საწყის პოზიციას უბრუნდება.
-
-
3. შუქნიშნის კოლაჟები - ერთად შექმენით შუქნიშანი სხვადასხვა მასალისგან, როგორიცაა ფერადი ფურცლები, მუყაო, პლასტელინი და ა.შ. მუშაობის პროცესში ისაუბრეთ თითოეული ფერის მნიშვნელობასა და ქცევის წესებზე.
4. როლური თამაშები
-
-
-
- ზებრა სახლში: ფერადი ლენტებით ან ქაღალდებით იატაკზე მონიშნეთ „ზებრა გადასასვლელი“ და გზა. მუყაოსგან ან ფერადი ფურცლებისგან ერთად დაამზადეთ შუქნიშანი. თქვენ იყავით „შუქნიშანი“, ბავშვი კი - ქვეითი. ფერების მიხედვით ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს, როდის გაჩერდეს, როდის მოემზადოს და როდის გადავიდეს გზაზე. შემდეგ კი შეცვალეთ როლები.
-
-
-
-
-
- სათამაშოები: მსგავსი სიტუაციის გათამაშება შეგიძლიათ სათამაშოების გამოყენებითაც. ჰკითხეთ ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს სათამაშო სხვადასხვა დროს.
-
-
ბავშვს ასევე უნდა ავუხსნათ, როგორ გადაკვეთოს გზა უსაფრთხოდ „ზებრაზე“, როდესაც ქუჩაზე შუქნიშანი არ არის. ასეთ დროს მან უნდა დაიცვას 5 ოქროს ნაბიჯი:
-
-
-
- იპოვე უსაფრთხო ადგილი - დარწმუნდი, რომ გზა ყველა მიმართულებით კარგად ჩანს და მძღოლებიც გამჩნევენ.
-
-
-
-
-
- შეჩერდი - მოიტოვე უსაფრთხო დისტანცია გზის სავალ ნაწილსა და შენ შორის.
-
-
-
-
-
- გაიხედე ორივე მხარეს - კარგად დააკვირდი ორივე მხრიდან მომავალ ტრანსპორტს. თუ მანქანას ხედავ, დაელოდე, სანამ ის ჩაივლის.
-
-
-
-
-
- მოუსმინე - ხანდახან მოახლოებული მანქანის ხმა უფრო ადრე ისმის, ვიდრე თავად ტრანსპორტი გამოჩნდება.
-
-
-
-
-
- გადაკვეთე გზა ფრთხილად - გზაზე გადასვლისას არ აჩქარდე, პარალელურად გააგრძელე მიმოხედვა და მოსმენა. ყურადღება მიაქციე ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტს.
-
-
მნიშვნელოვანი წესი: გზის გადაკვეთის დროს კატეგორიულად დაუშვებელია ტელეფონით ან ყურსასმენებით სარგებლობა.
გახსოვდეთ, რომ ბავშვს გზის დამოუკიდებლად გადაკვეთის უფლება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მისცეთ, რაც სრულად დარწმუნდებით, რომ ის ამ ამოცანას თავს უსაფრთხოდ ართმევს.
Spread the love
Tell us what you think