როგორ დავეხმაროთ ბავშვს სახლის გარემოში ენერგიის სასიამოვნოდ დახარჯვაში?!

articlwe2

 

ხშირად, როდესაც ბავშვები მოუსვენრად არიან, მათ დამშვიდებას პასიური გზით ვცდილობთ  -  ვთხოვთ, რომ დასხდნენ და სიჩუმე შეინარჩუნონ. სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში ბევრად ეფექტურია მათ ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვან მოძრაობებს. ეს ეხმარება ბავშვს, უკეთ შეიგრძნოს საკუთარი სხეული, შეძლოს დაგროვებული ენერგიის მიზანმიმართულად დახარჯვა და თვითრეგულაცია.
ქვემოთ მოცემული აქტივობების გამოყენებით სახლის გარემოში შეძლებთ, რომ ბავშვი ჩართოთ მისთვის სახალისო და საინტერესო მოძრაობებში, რომლებიც დაეხმარება მას საჭირო შეგრძნებების მიღებასა და დამშვიდებაში. ამავდროულად, ხელს შეუწყობს ბავშვის მოტორული და შემეცნებითი უნარების განვითარებას.

 

  1. სახლის საქმეებში დახმარება - შესთავაზეთ ბავშვს სახლის საქმეებში ჩართულობა, რომლებიც მოიცავს მოქმედებებს, როგორიცაა, მოქაჩვა, მიწოლა, ნივთების აწევა და სხვა. მაგალითად, სთხოვეთ, რომ მიაწვეს სარეცხით სავსე კალათას; დაგეხმაროთ ლოგინის გასწორებაში, რა დროსაც უნდა დაიჭიროს დიდი ბალიშები და საბანი, შემდეგ კი მოათავსოს ლოგინზე; დაგეხმაროთ ტაფებისა და ქვაბების კარადის თაროებზე დალაგებაში, პროდუქტებით სავსე ჩანთების წაღებაში და ა.შ. ზემოთ აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობით ბავშვი გარდა იმისა, რომ იღებს სხვადასხვა მოძრაობით და შეგრძნებით სტიმულს, ასევე, ეუფლება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

  2. ცხოველების მოძრაობების იმიტაცია - ბავშვმა უნდა განასახიეროს ცხოველების მოძრაობები, მაგალითად, იხტუნოს, როგორც ბაყაყმა, კენგურუმ ან კურდღელმა, იხოხოს, როგორც გველმა, ოთხზე იაროს, როგორც დათვმა ან ლომმა, იბაჯბაჯოს, როგორც პინგვინმა და ა.შ.თუ ბავშვს სუპერგმირები უყვარს, შეგიძლიათ მათი იმიტაციაც, მაგალითად, შეინარჩუნოს სუპერმენის, ადამიანი-ობობას, ბეტმენის პოზები და განასახიეროს მათი მოძრაობები.
  3. დაბრკოლებების გადალახვა - მოაწყვეთ სახლის ნივთებით სხვადასხვა დაბრკოლება: მიმოაბნიეთ ბალიშები იატაკზე, რომლებსაც უნდა გადაახტეს ბავშვი; გააკეთეთ გვირაბი პლედებით, რომლებშიც უნდა გაძვრეს; დააწყვეთ ბოთლები, რომლებიც კეგლების ნაცვლად უნდა წააქციოს; შეეჯიბრეთ თოკის გადაწევაში და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ აუცილებელია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ბავშვის უსაფრთხოების საკითხები. ასევე, ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ბავშვს შესთავაზებთ უნდა იყოს მისთვის სასიამოვნო და არა ძალდატანებითი. თუ რაიმე აქტივობის მიმართ უარყოფით ემოციებს გამოხატავს, აუცილებლად შესთავაზეთ სხვა. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბავშვს საკუთარი სხეულის აღქმაში, ენერგიის მიზანმიმართულად დახარჯვასა და თვითრეგულაციაში.

Spread the love

Tell us what you think