რატომ იზიდავს ეკრანი ბავშვებს?
თანამედროვე ფსიქოლოგიურ და ნეორომეცნირულ წრეებში ხშირად მსჯელობენ იმაზე, თუ რატომ ხდება ციფრული მოწყობილობა ბავშვისთვის „მაგნიტური“ მიზიდულობის საგანი. უახლესი კვლევების მიხედვით, მიზიდულობა ეკრანისადმი არა მხოლოდ გართობის სურვილთან, არამედ რთულ ბიოლოგიურ პროცესებთანაც არის დაკავშირებული.
- დოფამინი და მყისიერი ჯილდო
ეკრანთან ურთიერთობისას, თავის ტვინში აქტიურდება ე.წ დაჯილდოვების სისტემა. ყოველი ახალი ვიდეო, თამაშში მიღებული ჯილდო (მაგ: ქულა) ან ფერადი გამოსახულება იწვევს ჯილდოსა და მოტივაციის ჰორმონის, დოფამინის გამოყოფას.
კვლევების მიხედვით, ბავშვის თავის ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და არ გააჩნია ძლიერი იმპულსების კონტროლის მეზანიზმი, რაც ეკრანზე მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას აძლიერებს.
- სენსორული სტიმულაციის ინტენსივობა
ბავშვთა ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში შემეცნება სენსორული ანუ შეგრძნების არხებით ხდება. ციფრული მოწყობილობები ბავშვებს სთავაზობს:
- გადაჭარბებულ სტიმულაციას: სწრაფად ცვალებადი კადრები, მკვეთრი ფერები და დინამიკური ხმა ბევრად უფრო ძლიერი სტიმულია, ვიდრე რეალური სამყაროდან მიღებული შეგრძნებები.
- კონტროლის ილუზია: ეკრანი ბავშვის ყოველ შეხებაზე რეაგირებს, რაც მას „ყოვლისშემძლეობის” და გარემოზე კონტროლის ილუზიას უქმნის.
- ინტერაქციულობა და „აქტიური ჩართულობა“
ტელევიზორის პასიური ყურებისგან განსხვავებით, თანამედროვე პლანშეტები და თამაშები ბავშვებს საშუალებას აძლევენ, რომ პროცესის მონაწილეები იყვნენ. ეს კი აკმაყოფილებს მათ ბუნებრივ მოთხოვნილებას - გამოიკვლიონ და გავლენა მოახდინონ გარემოზე. სწორედ ეს უკუკავშირი ხდის ეკრანს სტატიკურ სათამაშოსთან შედარებით, ბევრად უფრო საინტერესოს.
- ემოციური რეგულაცია
ხშირად ბავშვები ეკრანს სტრესის, მოწყენილობისა და დაღლილობის დროს მიმართავენ. მეცნიერთა ნაწილი ამას „ ემოციური რეგულაციის გარე მექანიზმს“ უწოდებს და გულისხმობს, რომ ეკრანი ბავშვებს არასასურველი ემოციებისგან თავის დასაღწევად მარტივ გამოსავალს სთავაზობს, რაც დროთა განმავლობაში ჩვევაში გადაიზრდება.
მეცნიერული თვალსაზრისით, ბავშვის ინტერესი ეკრანის მიმართ არა „ხასიათის“ ან სიჯიუტის, არამედ მისი ნეიროფიზიოლოგიური მოწყობის შედეგია. ჩვენი ამოცანაა არა ტექნოლოგიების სრულად აკრძალვა, არამედ მათი ისეთი აქტივობებით ჩანაცვლება, რომლებიც ასევე გამოიწვევს ჯანსაღ ინტერესს და ემოციურ კმაყოფილებას.
Tell us what you think