ობსესურ კომპულსური აშლილობა(ოკა) - ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში
ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდი მხოლოდ სიხარულთან არ არის დაკავშირებული. იგი მრავალი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვლილებით და ახალი პასუხისმგებლობებით გამოირჩევა. ამ პერიოდში დედების ნაწილს შეიძლება განუვითარდეს ან გაუმწვავდეს ობსესურ-კომპულსური აშლილობის (ოკა) სიმპტომები.
რა არის ოკა?
ოკა-ს ორი მთავარი კომპონენტი აქვს:
- ობსესიები ანუ აკვიატებული, შემაწუხებელი, უნებლიე აზრები ან სურათ-ხატები;
- კომპულსიები - განმეორებითი ფიზიკური ან გონებაში შესრულებული ქმედებები (რიტუალები), რომლებსაც ადამიანი შფოთვის შესამცირებლად მიმართავს.
ამ პერიოდში განვითარებული ოკა ბავშვის უსაფრთხოების თემას უკავშირდება, დედას შეიძლება აწუხებდეს შემდეგი:
- განმეორებით ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს შეიძლება რამე დაუშავდეს, დაინფიცირდეს ან იფიქროს, რომ შეიძლება თავად მიაყენოს ზიანი საკუთარ შვილს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთების რეალური სურვილი არ ჰქონდეს. ასეთი აზრები პიროვნების მიერ ძალიან საშიშად და მიუღებელად აღიქმება და იწვევს ძლიერ შფოთვას.
- შფოთვის შემცირებას შესაძლოა სხვადასხვა ქმედების, ანუ კომპულსიის საშუალებით სცადოს. მაგალითად, დაიწყოს ბავშვის ხშირი შემოწმება, ხელების განმეორებით დაბანა, ახლობლებთან საუბარი იმ მიზნით, რომ მათგან დამამშვიდებელი საუბარი მოისმინოს.
- ასევე, შესაძლებელია, რომ დედამ სცადოს გარკვეული სიტუაციებისთვის თავის არიდება — მაგალითად, ბავშვის ხელში აყვანა, დაბანა ან მასთან მარტო დარჩენა. ეს ყველაფერი დროებით ამცირებს შფოთვას, მაგრამ გრძელვადიანი თვალსაზრისით, პირიქით, აძლიერებს მას.
- მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: ასეთი აზრების არსებობა არ ნიშნავს, რომ ბავშვისთვის ზიანის მიყენება გსურთ. პირიქით, ეს ფიქრები სწორედ იმიტომაა ასეთი შემაწუხებელი, რომ ისინი რადიკალურად ეწინააღმდეგება თქვენს ღირებულებებსა და შვილისადმი არსებულ რეალურ გრძნობებს.
სირცხვილის, დანაშაულის განცდისა და სოციალური სტიგმის გამო ქალები ხშირად თავს არიდებენ ამ სიმპტომებზე საუბარს, რაც დახმარების მიღებას აფერხებს. თუმცა დროული შეფასება და შესაბამისი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოკას სიმპტომების სიმძიმეს. მისი მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ მიდგომას კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია წარმოადგენს.
თუ ამ ნიშნებს საკუთარ თავში ან ახლობელ ადამიანში ამჩნევთ, მნიშვნელოვანია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
Tell us what you think