წიგნიერების საერთაშორისო დღე

1967 წლიდან დღემდე, ყოველ 8 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წიგნიერების დღე აღინიშნება.
რატომაა ეს დღე მნიშვნელოვანი?

  • მსოფლიოში დაახლოებით 775 მილიონი ზრდასრულ ადამიანს არ გააჩნია წიგნიერების ბაზისური უნარები, ანუ მსოფლიო მოსახლეობის ზრდასრულთა 20%-ს ან ყოველი 5 ადამიანიდან 1-ს. მათი ორი-მესამედი ქალია.
  •  წიგნიერება ადამიანის უფლებაა და იგი არა მხოლოდ განათლებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ სიღარიბის დაძლევის, სოციალური და ადამიანური პროგრესის მიღწევის მნიშვნელოვანი იარაღიცაა. „იუნესკოს“ სლოგანიც ხომ ასე ჟღერს: „წიგნიერება საუკეთესო წამალია!“
  • პრობლემის გადაჭრა კი ცნობიერების ამაღლებით იწყება!
  • წელს ამ დღის აქტუალურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი გავითვალისწინებთ 2020 წლის შემდგომ კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეულ სირთულეებს განათლების სისტემაში. როგორც ყველასთვის ცნობილია,კორონა ვირუსის გამო მსოფლიოს გარშემო ათასობით სკოლაში შეფერხდა სწავლება, დაიხურა ზრდასრულებისთვის განკუთვნილი წიგნიერების წრეებიც. ამ პერიოდის გრძელვადიანი შედეგები ჯერ კიდევ უცნობია.

როგორ აღვნიშნოთ ოჯახში წიგნიერების დღე? 

  • ბავშვებთან ერთად იმსჯელეთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნიერებას. შესთავაზეთ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება წერა-კითხვის ცოდნის გარეშე.
  • შეადარეთ ერთმანეთს წიგნი და მისი სიუჟეტის მიხედვით გადაღებული ფილმი. იმსჯელეთ მსგავსება-განსხვავებეზე.
  • აჩუქეთ წიგნი ახლობელ ადამიანს ან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
  • დაამზადეთ წიგნის სახალისო სანიშნები. ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=hEGGYub5XJ8
  • ალბათ, ყველას წაგვიკითხავს ისეთი ნაწარმოები, რომელსაც გვსურდა განსხვავებული დასასრული ჰქონოდა. გადაიკითხეთ ბავშვებთან ერთად რომელიმე ასეთი წიგნი და სთხოვეთ თავად მოიფიქრონ ამბის უკეთესი ფინალი.
  • გამოიყენეთ ეს დღე დისლექსიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვისაც. აუხსენით ბავშვებს, რომ ზოგიერთ ადამიანს მიუხედავად გონიერებისა და დიდი ძალისხმევისა, მაინც უჭირს წერა-კითხვა, თუმცა შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში, მათაც ისევე შეუძლიათ წარმატების მიღწევა, როგორც სხვებს.
Spread the love

Tell us what you think