შფოთვის გავრცელებული ფორმები ბავშვებში
მართალია შფოთვა ხშირად უსიამოვნოდ განიცდება, თუმცა მას დადებითი ფუნქციაც აქვს და ხშირად გვეხმარება საფრთხისთვის თავის არიდებაში, მაგრამ ზოგჯერ შფოთვა იმდენად ხშირად, ძლიერად და ხანგრძლივად ვლინდება, რომ ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მართალია შფოთვა ნებისმიერ საკითხს შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უფრო მეტადაა გავრცელებული ვიდრე სხვები.
ქვემოთ ჩამოთვლილია შფოთვის ყველაზე გავრცელებული ტიპები:
- განშორებასთან დაკავშირებული შფოთვა: მიჩნეულია განვითარების ნორმალურ ნაწილად ახალფეხადგმულ ბავშვებში, თუმცა რიგ შემთხვევებში ვლინდება უფრო გვიანდელ ასაკშიც. ამ პრობლემის მქონე ბავშვებს უჭირთ მშობელთან ან მიჯაჭვულობის სხვა ობიექტთან რამდენიმე წუთით განშორებაც კი, რაც რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან სირთულეების წყარო ხდება.
- სოციალური შფოთვა: ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება მისი სოციალური თვითცნობიერებაც, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც საკუთარი თავის სხვებთან შედარება და გარშემომყოფთა შეფასებებისადმი ინტერესის გაძლიერება წარმოადგენს.
- სპეციფიკური ფობია: წარმოადგენს გაზვიადებულ, ირაციონალურ შიშს ამა თუ იმ ობიექტის მიმართ. შესაძლოა ჩამოყალიბდეს სკოლამდელ ასაკშიც კი. საშიშ ობიექტთან რაიმე კონტაქტისას, ბავშვს აღენიშნება უსიამოვნო სიმპტომები, მათ შორის გულისცემისა და სუნთქვის გახშირება და იგი მაქსიმალურად ცდილობს მისგან თავის არიდებას.
- გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა: ზოგ შემთხვევაში ბავშვის შფოთვა არა რომელიმე ერთ, არამედ რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ სიტუაციებს უკავშირდება. ბავშვი შესაძლოა ხანგრძლივად და გამუდმებით ღელავდეს საკუთარი ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თანატოლების მხრიდან კრიტიკულ შეფასებაზე, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე, ხანძრის ან მიწისძვრის რისკებზე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ გენერალიზირებულ შფოთვაზე. ღელვას შესაძლოა თან ახლდეს სომატური ჩივილებიც, მაგალითად თავისა და მუცლის ტკივილი ან/და კუნთების დაჭიმულობა.
გაითვალისწინეთ, რომ არსებობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ეფექტური სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვს შფოთვით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში.
Spread the love
Tell us what you think