ტანსაცმლის მიმართ სენსიტიურობა და ზოგადი რჩევები 

2705

გარკვეული სტიმულების მიმართ დაბალი ან მაღალი მგრძნობელობა ხშირად დაკავშირებულია სენსორული გადამუშავების სირთულეებთან, თუმცა შესაძლებელია ცალკეულადაც ვლინდებოდეს. 
სხვადასხვა სპეციფიკურ სტიმულებზე განსხვავებული რეაქცია ხშირად აისახება ყოველდღიურ აქტივობებზე, როგორიცაა მაგალითად კვება, კბილების გახეხვა, ჩაცმა/გახდა და სხვა. 
ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ჩაცმა გახდაზე. ზოგჯერ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა სხვადასხვა ტექსტურის, ქსოვილის თუ ტანისამოსის მიმართ, რის გამოც ხშირად ეს პროცესი მისთვის სტრესული და არაკომფორტულია. განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი რაც შესაძლოა ბავშვისთვის დისკომფორტის გამომწვევი იყოს, მაგალითად: ტანსაცმელზე არსებული იარლიყები; ძალიან მჭიდრო ან თავისუფალი ტანისამოსი; ნაკერები ტანსაცმელზე, წინდებსა თუ ფეხსაცმელზე; სხვადასხვა სპეციფიკური ქსოვილისგან შეკერილი ტანისამოსი (მაგალითად შალი, სინთეტიკა); მაღალი მგრძნობელობა ჩაცმის შემდგომ ტემპერატურის ცვლილებებისადმი; ტანსაცმელზე არსებული აქსესუარები, მაგალითად ღილები, ელვა, თასმები, ჯიბეები, ახალი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და სხვა. 

იმისთვის რომ ჩაცმა გახდის პროცესი ბავშვისთვის უფრო კომფორტული გახდეს გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას:

    • ჩართეთ ბავშვი საკუთარი ტანსაცმლის შერჩევის პროცესში - ერთად შეარჩიეთ ტანსაცმლის სტრუქტურა, შესთავაზეთ რბილი, სუნთქვადი მასალისგან შეკერილი ტანისამოსი, როგორიცაა მაგალითად ბამბა. მოერიდეთ სინთეტიკურ ქსოვილებს. 
    • წინასწარ მოამზადეთ ტანსაცმელი - ახალი ტანსაცმლის გამოყენებამდე, უმჯობესია რამდენჯერმე მისი გარეცხვა, წაახალისეთ ბავშვი თავად ჩაალაგოს ტანსაცმელი კალათში, ხოლო გარეცხვის შემდეგ დაგეხმაროთ მის დაფენაში. რამდენიმე გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელი შედარებით რბილი ხდება და პარალელურად ბავშვი მასზე შეხებით თანდათანობით ეჩვევა ახალ ქსოვილს. 
    • ყურადღება გაამახვილეთ იარლიყებსა და ნაკერებზე – დარწმუნდით რომ ტანსაცმელზე არსებული იარლიყები არ არის ბავშვისთვის შემაწუხებელი, საჭიროების შემთხვევაში სრულად მოაცილეთ ისინი ტანსაცმელს. ასევე, უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ტანისამოსი, რომელსაც არ აქვს ნაკერები ან თუნდაც საჭიროების შემთხვევაში გადმოაბრუნეთ ისინი.
    • მიეცით საშუალება ბავშვს ახალი ტანისამოსი ჩაიცვას თუნდაც მცირე დროით - მაგალითად, სახლის გარემოში შესთავაზეთ რამდენჯერმე მოიზომოს სარკის წინ და მცირე დროის შემდეგ სურვილის შემთხვევაში გაიხადოს. ეს მეთოდი დაეხმარება ბავშვს თანდათანობით მიეჩვიოს ახალ ტანსაცმელს და გამოსცადოს ბუნებრივ გარემოში.
    • შესთავაზეთ ბავშვს სხვადასხვა საინტერესო და სახალისო თამაშის/აქტივობა - მაგალითად თოჯინისთვის ტანსაცმლის შერჩევა, საკუთარი ტანსაცმლის ფერების მიხედვით დაჯგუფება და სხვა. პროცესი დაგეგმეთ ისე, რომ  ბავშვს მოუწიოს სხვადასხვა ქსოვილზე შეხება, ტანსაცმლის გადმობრუნება, მათი დალაგება და ასე შემდეგ.
    • წაახალისეთ ბავშვის ჩართულობა ისეთ თამაშებში, რომელიც ხელს შეუწყობს პროცესში შეხებით სტიმულების მიღებას მთელს სხეულზე - მაგალითად ქვიშით, პლასტელინით, ბურღულეულით თამაში, სხვადასხვა ზედაპირის ბილიკზე გადაადგილება, ქსოვილის მილში გაძვრომა, სხვადასხვა სტუქტურის ბალიშების ბარიერების გავლა და სხვა. 

 

Spread the love

Tell us what you think