სტრესის მიმართ მედეგობის უნარის განვითარების ხელშეწყობა
სტრესი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, რომ ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი რთული გამოცდილების წინაშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის მნიშვნელოვანი ცვლილებები და ყოველდღიური ფუნქციონირების დარღვევა, სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემა, კერძოდ, ძლიერი შფოთვა, ურთიერთობებთან, სწავლასთან და მუშაობასთან დაკავშირებული სირთულეები.
ამგვარი გამოცდილებისგან არც ბავშვობის ასაკშია დაცული ადამიანი. იმისათვის რომ ემოციურად დატვირთულმა, ნეგატიურმა სიტუაციებმა, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, მის ყოველდღიურ ცხოვრებას და თანატოლებთან ურთიერთობის ხარისხს, მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნოთ ბავშვის სტრესის მიმართ მედეგობის უნარის განვითარებაზე.
სტრესის მიმართ მედეგობა წარმოადგენს რთულ ემოციურ გამოცდილებასთან ეფექტურად გამკლავების უნარს. ძლიერი მედეგობის მქონე ადამიანი სტრესულ გამოცდილებას ხვდება მეტი სიმტკიცით და მოქნილობით. იგი სწრაფად და ეფექტურად აღიდგენს ძალებს, გადალახავს სირთულეებს, და თითქოს შინაგანი მენტალური ზამბარა ჰქონდეს, ისე უბრუნდება საწყის მდგომარეობას და ადაპტირდება გარემოს ცვლილებებთან.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სტრესის მიმართ მედეგობის უნარის განვითარებას? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია:
- პოზიტიური და მხარდამჭერი სოციალური გარემოს ჩამოყალიბება.
ბავშვისთვის მზუნველი და კეთილსაიმედო სოციალური გარემოს შექმნა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრესმედეგობის ჩამოყალიბებაში. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ისეთ გარემოში, სადაც გრძნობენ სიყვარულს და მხარდაჭერას, უფრო დიდი ალბათობით გამოიმუშავებენ მენტალურ სიმტკიცეს, რომელიც საჭიროა სირთულეებთან გასამკლავებლად. ამგვარი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ ბავშვთან ღია კომუნიკაცია, აქტიური მოსმენა, ემოციური მხარდაჭერა.
ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებთან მყარი და ჯანსაღი სოციალური კავშირების არსებობა დადებით გავლენას ახდენს სტრესმედეგობის ჩამოყალიბებაზე. მყარი სოციალური კავშირები აძლიერებს მიკუთვნებულობისა და უსაფრთხოების განცდებს, რთულ სიტუაციაში კი წარმოადგენს დახმარების მიღების წყაროს და მხარდაჭერის სისტემას.
- პრობლემის გადაჭრის უნარების სწავლება.
მშობლებმა და მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ ბავშვებში პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას სირთულეების იდენტიფიკაციის, შესაძლო გადაჭრის გზების ანალიზის და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარების სწავლებით. პრობლემის გადაჭრის უნარის დაუფლება ბავშვს თვითეფექტურობისა და თავისუფალი ნების მიხედვით მოქმედების შესაძლებლობის გამომუშავებაში დაეხმარება. აღნიშნული უნარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დააკვირდეს ოჯახის წევრების მიერ გამოყენებულ პრობლემების განხილვისა და გადაჭრის სწორ სტრატეგიებს ბუნებრივ გარემოში. მოდელირება პრობლემის გადაჭრის უნარის სწავლების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა. თუკი ბავშვი ხედავს, თუ როგორ გადაჭრიან მისი ოჯახის წევრები პრობლემებს, ისიც სწავლობს ამას.
- ემოციური რეგულაციის სწავლება.
ემოციური ინტელექტი სტრესმედეგობის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ბავშები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ საკუთარი ემოციების ამოცნობას და მართვას მეტი წარმატების უმკლავდებიან რთულ მოვლენებს. ემოციური რეგულაციის სწავლებისთვის სასარგებლოა ისეთი ტექნიკების გამოყენება, როგორიცაა, სუნთქვითი სავარჯიშოები, გონების სისავსის სავარჯიშოები (ე.წ.მაინდფულნესი), ემოციების სხვადასხვა შემოქმედებითი ფორმით (ხატვის, ძერწვის, წერის და ა.შ.) გამოხატვის სწავლება.
- სირთულეების გადალახვა, როგორც პიროვნული ზრდის შესაძლებლობა.
ბავშვის ასაკის, კულტურისა და შესაძლებლობების შესაბამისი გამოწვევები სწავლის და განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ზრდაზე ორიენტირებული ხედვა დაეხმარება ბავშს, რომ არსებული სირთულეები განიხილოს როგორც შესაძლებლობები განვითარებისთვის, წინსვლისთვის და არა როგორც გადაულახავი დაბრკოლებები. ძალისხმევის, შეუპოვრობისა და შეცდომებზე სწავლის მნიშვნელობაზე ხაზგასმა ავითარებს მედეგობას და მუდმივი გაუმჯობესების შესაძლებლობის რწმენას.
- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სწავლის შესაძლებლობა.
ბავშვისთვის ასაკისა და განვითარების შესაფერის გამოწვევებსა და აქტივობებში ჩართვა განაპირობებს მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარის განვითარებას, ზრდის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულობის ხარისხს.
სტრესის მიმართ მედეგობის განვითარების ხელშეწყობა ბავშვობის ასაკიდან ადამიანის ზოგადი კეთილდღეობის და მენტალური ჯანმრთლეობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ხელი შევუწყოთ ბავშვებში ამ მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას.
Tell us what you think