შესაძლებლობების გათანაბრება

equal rights

დისკრიმინაციისაგან თავისუფალი სასწავლო გარემოს ფორმირების წინაპირობა არის მასწავლებლის უნარი  აღიაროს მოსწავლეთა შორის არსებული განსხვავებულობა, და განსხვავებულობაზე მართებული რეაგირებით  უზრუნველყოს მოსწავლეთა შესაძლებლობების გათანაბრება, თუნდაც ეს მოსწავლეთა მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებას გულისხმობდეს.
ამ ხედვის  საპირისპიროდ, ხშირად, მცდარად არის მიჩნეული, რომ გაუმართლებელია მოსწავლეებთან განსხვავებული მიდგომების გამოყენება, რადგან ეს ხაზს უსვამს მოსწავლეთა შორის განსხვავებულობას და უთანაბრო მდგომარეობაში აყენებს მათ.
მოვიყვანოთ მაგალითი. მასწავლებელმა არ  გაითვალისწინა სპეციალისტის რჩევა დისლექსიის მქონე მოსწავლესთან დაკავშირებით და უარი თქვა  მისთვის საკონტროლო დავალებისთვის (რომელიც ტექსტის გააზრებას და კითხვებზე პასუხის წერილობით გაცემას გულისხმობდა)  განკუთვნილი დრო 15 წუთით გაეხანგრძლივებინა. თავისი პოზიციის არგუმენტად, მასწავლებელმა მოიყვანა შემდეგი: მოსწავლისთვის  განსხვავებული პირობების შექმნა არასამართლიანია სხვა მოსწავლეების მიმართ; ამავდროულად, 15 წუთის დამატებით, მოცემული მოსწავლე თავს იგრძნობს განსხვავებულად, მასწავლებელს კი  სურს მოსწავლეს უსიამოვნო განცდები აარიდოს თავიდან.
მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ მასწავლებელი თავს არიდებს განსხვავებულობის ხაზგასმას;  განსხვავებული მიდგომების გამოყენება მას მცდარ, არასასურველ  და არასამართლიან სტრატეგიად მიაჩნია.
ამავდროულად, მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე დიდი უსამართლობა სწორედ განსხვავებულ პირობებში მყოფ მოსწავლეთა მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის გამოყენებაა.  მოსწავლეთა შესაძლებლობებს შორის განსხვავების არ დანახვა/იგნორირება  გამოიწვევს ყველაზე უსამართლო შედეგს - ინდივიდუალურად მორგებული პირობის, დამატებითი დროის გარეშე, მოსწავლე ვერ შეძლებს  ტექსტის სათანადოდ დამუშავებას, გააზრებას,  წერილობითი პასუხების ჩამოყალიბებას - და მაშასადამე, თავისი შესაძლებლობების სრულად დემონსტრირებას (რასაც ის ეფექტურად შეძლებდა გაზრდილი დროის პირობებში).
ამავდროულად, ინდივიდუალური საჭიროებების იგნორირებით, მასწავლებელი ვერ აარიდებს მოსწავლეს იმის შეგრძნებას, რომ ის სხვებისგან განსხვავებულა.  მეტიც, გაზრდილი დროის გარეშე შესრულებული საკონტროლო დავალების შედეგის გამო, მოსწავლე თავს არა მხოლოდ განსხვავებულად, არამედ წარუმატებლადაც კი იგრძნობს.
მასწავლებლის ამოცანაა, მოსწავლეებს ყველა პირობა და შესაძლებლობა შეუქმნას სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის, პროგრესისთვის, წარმატების მიღწევისთვის. ამისათვის მან უნდა დაინახოს თითოეული მოსწავლის უნიკალური თავისებურებები და საჭიროებები; მოსწავლეები ერთმანეთისგან სწორედ ამ თავისებურებებით და საჭიროებებით განსხვავდებიან. განსხვავებულ საჭიროებებზე ერთგვაროვანი რეაგირებით, მასწავლებელი ვერ გაათანაბრებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ეს სამართლიან შედეგს არ მოიტანს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი მართლაც ინდივიდუალურად გააანალიზებს თითოეული მოსწავლის საჭიროებას და ყველას უზრუნველყოფს იმგვარი და იმ ოდენობის მხარდაჭერით, რაც მათ სჭირდებათ, სამართლიანი შედეგი დადგება. 

Spread the love

Tell us what you think