უფლებები განათლების პროცესში

teacher in the classroom

განათლების ფუნდამენტური და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზება მოსწავლის სასწავლო გარემოში ჩართვით იწყება. ამავდროულად, მოსწავლის სკოლაში რეგისტრაცია და კლასში ფიზიკური დასწრება არასაკმარისი პირობაა, იმისათვის რომ  განათლების უფლება აღსრულებულად ჩაითვალოს.
ხშირად, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები კლასში ყოველდღიური დასწრების პირობებშიც კი თავს სასწავლო პროცესიდან და თანატოლებისგან გარიყულად გრძნობენ; მიუხედავად სურვილის და ინტერესისა მრავალ სასკოლო საქმიანობაში ვერ ერთვებიან, და აკადემიური პროგრესიც ნაკლებად აღენიშნებათ.  
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, განათლების მიღების პროცესში მოსწავლეს აქვს მისაწვდომობის, მონაწილეობის და პროგრესის უფლება.
მასწავლებელს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია აღნიშნული უფლებების რეალიზების პროცესში. 
განვიხილოთ თითოეული პირობა.
სასწავლო პროცესის მისაწვდომობის უფლება: მასწავლებელს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ რაც ერთი მოსწავლისთვის იოლად მისაწვდომია, მეორისთვის რთულად მისაწვდომი და სრულად მიუწვდომელი შეიძლება იყოს. მაგ. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის მთელი საგაკვეთილო პროცესი მიუწვდომელი იქნება, თუ მასწავლებელი მას განსაკუთრებულ ადგილს არ მიუჩენს წინა რიგებში, და მუდმივად არ გააკონტროლებს თავის ხმის ტემბრს და პოზიციას მოსწავლესთან მიმართებაში (თუკი მოსწავლეს მოსაუბრის გაგებაში ბაგეზე კითხვა ეხმარება, ის მუდმივად უნდა ხედავდეს მასწავლებელს); ასევე მიუწვდომელი დარჩება სავალდებულო ინფორმაცია სკოლაში ლინგვისტური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლისათვის, თუ სკოლის უსაფრთხოების წესები მას საგანგებოდ მისთვის ხელსაყრელ ფორმატში - მშობლიურ ენაზე, არ მიეწოდა.
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მისაწვდომი იყოს კლასში ჩართული ყველა მოსწავლისთვის,  მასწავლებელს უნდა შეეძლოს განსხვავებული სასწავლო მასალის, რესურსების, ინფორმაციის წარდგენის სტრატეგიების და აქტივობების შერჩევა მოსწავლეთა მრავალფეროვნების გათვალისწინებით. მაგ. ქართული ენის გაკვეთილზე ნაწარმოების გმირის თვისებების შესაფასებლად, მასწავლებელმა მოსწავლეთა ერთ ჯგუფთან შესაძლებელია გამოიყენოს ტექსტი სახელმძღვანელოდან, მეორე ჯგუფს კი აღნიშნული ნაწარმოების შესაბამისად შექმნილი სიუჟეტური გამოსახულებები მიაწოდოს. ამგვარად, მასწავლებელი უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის და აქტივობის თანაბარ მისაწვდომობას ყველასთვის - მოსწავლეთათვის რომლებიც გაწაფულად კითხულობენ და ასევე მათთვის, რომელთაც კითხვის ან ენის ცოდნის სირთულეები აღენიშნებათ.
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი სასწავლო აქტივობებს დაგეგმავს კლასში მოსწავლეთა უმრავლესობის გათვალისწინებით, რაც არ უნდა ეფექტური სასწავლო სტრატეგია შეარჩიოს მან მოსწავლეთა ამ ჯგუფისთვის, თუ მოცემულ აქტივობა შეუსაბამო აღმოჩნდება  ცალკეული მოსწავლისთვის  (მაგ. ლინგვისტური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვისთვის ან მოსწავლისთვის, რომელსაც წერითი ან მიმართული მეტყველების გაგება უჭირს), ამ მოსწავლეებთან განათლების მისაწვდომობის ფუნდამენტური უფლება დაცულად ვერ ჩაითვლება.
თანამონაწილეობის უფლება: მასწავლებელს უდნა ახსოვდეს, რომ სკოლის მიტოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სასწავლო პროცესებში ბავშვის თანამონაწილეობის შეზღუდვა სახელდება. შესაბამისად, იმისათვის რომ არ დაირღვეს მოსწავლის განათლების ფუნდამენტური  უფლება,  მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მას სასწავლ პროცესში აქტიური მონაწილეობის და ჩართულობის პირობები შეუქმნას. ამისათვის, მასწავლებელი უწყვეტად უნდა აფასებდეს, რამდენად საკმარისად არის მისი თითოეული მოსწავლე  სკოლაში მიმდინარე პროცესების თანამონაწილე, ხომ არ არსებობს რამე ფაქტორი, რომელიც ბავშვებს აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას უზღუდავს. თუ მასწავლებელი არასაკმარისად აკონტროლებს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში თანამონაწილეობის საკითხს ეტლით მოსარგებლე მოსწავლე შეიძლება მოკლებული აღმოჩნდეს შესაძლებლობას კლასთან ერთად ექსკურსიაზე წავიდეს, თუ გასვლითი ღონისძიება ეტლით მიუწვდომელ ადგილას დაიგეგმება;  ექსკურსიაში მონაწილეობა შეიძლება ვერ მიიღოს ვერც განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელმა მოსწავლემ, თუკი გასვლითი დღე მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულზე დაიგეგმება.
გასათვალისწინებელია შემდეგიც - ცოდნის დაგროვებისთვის მოსწავლეები აქტიურობას და კეთების გზით სწავლას საჭიროებენ, რა დროსაც ისინი წყვეტ ინტერაქციაში უნდა იყვნენ თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან და სასწავლო მასალასთან.
მოსწავლის აქტიურობის წახალისება მასწავლებლის ამოცანაა. სწორედ ის უნდა ზრუნავდეს  მოსწავლისთვის საინტერესო და შესაბამისი სასწავლო აქტივობების შერჩევაზე, რომლებიც მას აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობას და სურვილს გაუჩენს. ხანგრძლივად პასიურ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლის მიმართ განათლების ფუნდამენტური უფლება დარღვეულია.
პროგრესის უფლება: მისაწვდომობა და სასწავლო პროცესებში თანამონაწილეობა სწორედ მესამე  ფუნდამენტურ უფლებას განაპირობებს - ეს აკადემიური პროგრესის და მიღწევის უფლებაა. ყველა ბავშვს აქვს უფლება მასზე მორგებული სასწავლო პროცესის საფუძველზე ჰქონდეს აკადემიური პროგრესი. მასწავლებლის ვალდებულება კი ამ პროგრესის უზრუნველყოფაა. სასწავლო პროცესი ვერ ჩაითვლება წარმატებულად, თუ მან მოსწავლის აკადემიური პროგრესი არ უზრუნველყო.
შესაბამისად, მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის შეთავაზებულ საკლასო აქტივობას სასწავლო ღირებულება უნდა ჰქონდეს. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები აღნიშნულ გამოწვევას არასაკმარისად უმკლავდებიან. შედეგად, მოსწავლე შესაძლებელია გარკვეულ აქტივობებში იყოს ჩართული, მაგ. აფერადებდეს გაკვეთილზე, მარტივ დიალოგს/როლურ თამაშს ასრულებდეს მასწავლებელთან ერთად, მაგრამ აღნიშნულ აქტივობებს მისი აკადემიური პროგრესი არ მოყვებოდეს. ამ აქტივობების გაანალიზებისას შესაძლებელია, აღმოვაჩინოთ, რომ მოსწავლე აქტივობებში რუტინულად არის ჩართული, ისინი სიახლის, გამოწვევის შემცველი აღარ არის მისთვის, შესაბამისად, არანაირი საგანმანათლებლო ღირებულება აღარ აქვთ. 
ამავდროულად, მასწავლებელს უდნა ახსოვდეს, რომ მოსწავლეები აკადემიურ პროგრესს თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში აღწევენ. ზოგიერთი მოსწავლის შედეგი, მიუხედავად დახარჯული ძალისხმევისა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თანატოლთა მიღწევებისგან. მაგ. ინტელექტუალური სფეროს დარღვევის მქონე მოსწავლემ, სასწავლო წლის განმავლობაში შესაძლებელი მხოლოდ რამდენიმე ასო-ბგერის ათვისება შეძლოს, თანაკლასელებისგან განსხვავებით, რომლებიც შესაძლებელია უკვე ტექსტებსაც კი კითხულობენ. მიუხედავად ამისა, მოსწავლის შედეგი ღირებულების მატარებელი და დაფასებული უნდა იყოს მასწავლებლის მხრიდან. შესაძლებელია ეს მოსწავლისთვის საუკეთესო შედეგიც კი იყოს მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. მასწავლებლის ვალდებულებაა ყველა მოსწავლესთან ერთნაირი მონდომებით იყოს ორიენტირებული პროგრესზე; არ გამოეპაროს მოსწავლის თუნდაც მინიმალური წინსვლაც კი.  დაუშვებელია, მასწავლებელმა გულგრილობა გამოიჩინოს და არ დაუფასოს მოსწავლეს მიღწეული შედეგი იმ მიზეზით, რომ მისი შედეგი ჩამორჩება კლასში სხვა მოსწავლეთა მიღწევას.

Spread the love

Tell us what you think