სელექციური მუტიზმი

Close up of schoolgirl and mother doing homework together at desk. Portrait of parent and daughter preparing for online remote classes, looking at camera. Primary school pupil and adult

სელექციური (შერჩევითი) მუტიზმი ერთ-ერთი შფოთვითია აშლილობაა, რომელიც ხასიათდება კომუნიკაციის, მეტყველების უნარის შეზღუდვით ისეთ სოციალურ გარემოში, სადაც ბავშვისგან მოელიან საუბარს (მაგ. სკოლა, საბავშვო ბაღი), იმის მიუხედავად, რომ ბავშვს შეუძლია ლაპარაკი სხვა სიტუაციებში.  ამ სირთულეს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვის აკადემიურ მიღწევებზე და სოციალურ ურთიერთობებზე.

სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვები: 

    • მეტყველებით კომუნიკაციას მხოლოდ მათთვის კომფორტულ (შერჩეულ)  გარემოში ამყარებენ, სადაც ისინი უფრო მეტად უსაფრთხოდ  და დაცულად გრძნობენ თავს. მაგ. საუბრობენ ოჯახის წევრების თანდასწრებით, მაგრამ ხშირად არ საუბრობენ ოჯახის ახლობლების (თუნდაც ბებია-ბაბუის, ნათესავების, ახლო მეგობრების) თანდასწრებით. 

 

    • განიცდიან სირთულეებს თანატოლებთან ურთიერთობაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ გზებს (ჟესტები, წერა) და რიგ შემთხვევებში გამოხატავს ისეთ სასკოლო აქტივობებში ჩართვის სურვილს, რომელიც არ მოითხოვს საუბარს (მაგ. როლი სპექტაკლში, რომელსაც არ სჭირდება საუბარი).

 

    • ხასიათდებიან სხვადასხვა ხარისხის სირთულეებით: მაგალითად, ზოგიერთ ბავშვს შეუძლია კომუნიკაციისას  თქვას სიტყვა „დიახ“ ან „არა“, ან თავის დაქნევით გვანიშნოს პასუხი.  ზოგიერთი საუბრობს ერთ ან ორ სიტყვიანი წინადადებით,  ან  ჩურჩულებს. 

 

    • პირველ სირთულეებს ავლენენ დაახლოებით 2 დან 4 წლამდე პერიოდში, თუმცა ხშირად დიაგნოსტირება არ ხდება სკოლის ასაკამდე, როდესაც განსაკუთრებით შესამჩნევი და ხელისშემშლელი ხდება მეტყველების შეუძლებლობა. 

 

მდგომარეობები, რომლებიც არ უნდა აგვერიოს სელექციურ მუტიზმში

  • ოპოზიციური ქცევა: სელექციური მუტიზმი ხშირად შეცდომით აღიქმება ოპოზიციურ (წინააღმდეგობრივ) ქცევად, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბავშვი უარს აცხადებს კითხვებზე პასუხის გაცემაზე. სინამდვილეში, სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვები განიცდიან უკიდურეს შფოთვას, რაც სურვილის მიუხედავად, შეუძლებელს ხდის საუბარს.
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობა: როგორც აუტიზმის, ისე სელექციური მუტიზმის დროს, სახეზეა სოციალიზაციის სირთულეები, რაც ხშირად ართულებს მათ დიფერენცირებას. სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვები ახერხებენ სოციალური სიტუაციების ინტერპრეტირებას და ჩართულობას არავერბალური მანიშნებლების გამოყენებით. ხოლო მათი სოციალური უნარები ტიპური განვითარების შესაბამისია სახლში ან სხვა, მათთვის უსაფრთხო გარემოში.
  • ტრავმა: არსებობს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვებს აუცილებლად აქვთ მატრავმირებელი გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტრავმის შემდეგ ლაპარაკის შეწყვეტის ალბათობა, ასეთ დროს როგორც წესი, ბავშვი თავს არიდებს არა ზოგადად, არამედ ტრავმულ გამოცდილებაზე საუბარს.
  • მეორე ენა: თუ ლაპარაკის შეუძლებლობა გამოწვეულია ენობრივი ბარიერით - ბავშვს აქვს მხოლოდ მისთვის არამშობლიური ენის გაგების  და გამოყენების სირთულე - ეს არ ჩაითვლება სელექციურ მუტიზმად. 
  • სოციალური შფოთვითი აშლილობა: ბავშვებს ამ მდგომარეობით, აქვთ სხვების მხრიდან გაკიცხვის უკიდურესი შიში. მათთვის შფოთვისმომგვრელია არა მხოლოდ საუბარი, არამედ ხმამაღლა კითხვა, დაფაზე წერა და ზოგადად, სხვების დასანახად რაიმეს შესრულება. სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს, ხშირად ვხვდებით სელექციურ მუტიზმსაც. 

როგორც ვხედავთ,  სელექციური მუტიზმის მახასიათებლები რთული გასარჩევია სხვა მდგომარეობების დამახასიათებელი ნიშნებისაგან. გახსოვდეთ, რომ სელექციური მუტიზმის, ისევე როგორც სხვა შფოთვითი აშლილობების დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ სპეციალისტის (ბავშვთა ფსიქიატრის და/ან ფსიქოლოგის) მიერ, მას შემდეგ, რაც გამოირიცხება სხვა სამედიცინო მდგომარეობები. 

Spread the love

Tell us what you think