საცხოვრებელ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა

12710

ბავშვების უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ოჯახებისთვის. სახლის გარემო შეიძლება შეიცავდეს მრავალ საფრთხეს, ამიტომ საჭიროა სათანადო ზომების მიღება, რათა ბავშვმა შეძლოს უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად ცხოვრება.
ამ სტატიაში გაგაცნობთ ძირითად უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც დაეხმარება მშობლებს, უზრუნველყონ დაცული საცხოვრებელი გარემო.

სასიარულო ზედაპირი

 

        • იატაკის საფარი უნდა იყოს უსაფრთხო, ერთგვაროვანი და არასრიალა.

 

        • არ არის რეკომენდებული თხელი ხალიჩების გამოყენება, რომლებიც მარტივად სრიალდება და ზრდის დაცემის რისკს.

 

        • აბაზანასა და საშხაპეში სასურველია დაცურების საწინააღმდეგო ხალიჩების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს სველ ზედაპირზე ფეხის ასრიალების პრევენციას.

 

ავეჯის უსაფრთხო განლაგება და კიდეების დაცვა

 

        • ავეჯი უნდა განთავსდეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს შემთხვევითი დაჯახების რისკი.

 

        • ბასრი ან მკვეთრი კუთხეების მქონე ავეჯზე (მაგიდები, თაროები, კომოდები) უნდა დამონტაჟდეს რეზინის ან სილიკონის დამცავები.             

 

        • კარადები, გარდერობები და სხვა მაღალი ავეჯი უნდა იყოს მყარად მიმაგრებული კედელზე სპეციალური სამაგრებით, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი გადმოვარდნა ბავშვის მხრიდან მასზე აცოცების მცდელობის, ან მოულოდნელი ბიძგის შემთხვევაში.

 

ელექტრომოწყობილობები 

 

        • სასურველია სახლში კვამლის დეტექტორებისა და სახანძრო სიგნალიზაციების დამონტაჟება.

 

        • ელექტროსადენები და მოწყობილობები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და რეგულარულად შემოწმებული. დაზიანებული სადენები ან დანადგარები დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

 

        • ელექტრონული მოწყობილობები არ უნდა დარჩეს ჩართული ზედამხედველობის გარეშე, განსაკუთრებით ღამით ან სახლიდან გასვლისას.

 

        • მეტი უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია დენის როზეტებზე დამცავების გამოყენება.

 

        • ღუმელისა და გაზქურის სახელურები უნდა იყოს ბლოკირებადი ან აღჭურვილი საბავშვო უსაფრთხოების რეჟიმით.

 

ბასრი და მტვრევადი ნივთები

 

        • დანები, შუშის ჭურჭელი და სხვა სახიფათო ნივთები უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი მისაწვდომ სიმაღლეზე არსებულ კარადებშია მოთავსებული, კარადები უნდა იყოს აღჭურვილი ჩამკეტებით, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს მათი გახსნა.

 

ქიმიური საშუალებების შენახვა

 

        • ქიმიური საწმენდი საშუალებები, მედიკამენტები და საკვები კონტეინერები უნდა იყოს ერთმანეთისგან განცალკევებულ ადგილას განთავსებული.

 

        • თუ ქიმიური საწმენდი საშუალებები მოთავსებულია სხვა, არაპირვანდელ კონტეინერში, აუცილებელია მის ზედაპირზე შესაბამისი წარწერის ან აღნიშვნის დატანა, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი შეცდომით და არასწორი გამოყენება.

 

ფანჯრებზე და აივნებზე დამცავი ბადეების მონტაჟი

 

        • ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ფანჯრებზე, აივნებზე და კიბეებზე დამცავი ბადეების (ან გისოსების) მონტაჟი. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს შემთხვევითი გადავარდნის რისკს და უზრუნველყოფს დაცულ საცხოვრებელ გარემოს.

 

 

ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახლის პირობებში მოითხოვს წინასწარ გააზრებულ და პრაქტიკულ ღონისძიებებს. სათანადო დაცვის საშუალებების გამოყენებით, შესაძლებელი ხდება რისკების მინიმუმამდე შემცირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვი უსაფრთხოდ და მშვიდად გაიზრდება. 

Spread the love

Tell us what you think