როგორ მოვამზადოთ ბავშვი ექიმთან ვიზიტისთვის

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ექიმტან ვიზიტისთვის?

ზოგჯერ ბავშვებისთვის  ექიმთან ვიზიტი უარყოფით ემოციებთან და განცდებთანაა დაკავშირებული. პატარები ხშირად გამოხატავენ დისკომფორტს, შიშს ან პროტესტს სამედიცინო პროცედურების მიმართ. სწორედ ამიტომ, ბავშვის ექიმთან ვიზიტამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი საკითხის გათვალისწინება. 

 

  • ბავშვის ინფორმირება - წინასწარ მიაწოდეთ ბავშვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან ვიზიტი. ესაუბრეთ მოსალოდნელი ტკივილის, დისკომფორტის შესახებ, თუმცა ყოველთვის აქცენტი გააკეთეთ სამედიცინო პროცედურების სარგებელზე. 
  • თამაში - ჩართეთ თამაშის პროცესში. მაგალითად: ექიმობანა - დაგეგმეთ თამაშები სადაც ბავშვი შეძლებს მოირგოს ექიმისა თუ პაციენტის როლი და გამოიყენოს სათამაშო სამედიცინო ხელსაწყოები, გაითამაშოს პაციენტის გასინჯვის სცენა და სხვა.
  • ვიზუალური მასალა - აჩვენეთ სურათები, ვიდეოები რომელიც გადაღებულია ექიმის კაბინეტში. ამ გზით ბავშვი წინასწარ იღებს ინფორმაციას გარემოს შესახებ და უჩნდება მოლოდინი იმის შესახებ თუ რა პროცედურების გავლა დასჭირდება ექიმთან.
  • ინდივიდუალური საჭიროებები - შესაძლებელია ბავშვი მგრძნობიარე იყოს გარკვეული ტექსტურის ან თუნდაც ხმის მიმართ. ამ დროს შესაძლებელია შესთავაზოთ საყვარელი პლედის, ბალიშის ან თუნდაც სათამაშოს თან წაღება. ასევე, ზოგჯერ ბავშვისთვის ბევრად კომფორტულია როდესაც სამედიცინო პროცედურებისას მშობელს უზის კალთაში, მნიშვნელოვანია ყოველთვის ბავშვისთვის კომფორტული პოზიციის მოძებნა და შემდეგ გადასვლა პროცედურებზე.
  • მხარდაჭერა - ესაუბრეთ და მიეცით საშუალება გამოხატოს ემოციები. წაახალისეთ რომ სურვილის შემთხვევაში თავად დაუსვას ექიმს კითხვები და/ან, სურვილის შემთხვევაში ჩაინიშნოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როდესაც ბავშვი ნერვიულობს ექიმთან ვიზიტის გამო, მნიშვნელოვანია რომ მან იგრძნოს მხარდაჭერა როგორც მშობლისგან, ისე ექიმისგან

ასევე, გაითვალისწინეთ -  აუცილებელია  ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ექიმთან წინასწარ შეთანხმება და მასთან ერთად გეგმის შედგენა.

Spread the love

Tell us what you think