როგორ ავარჩიოთ ანიმაციური ფილმი ბავშვისთვის?!
ანიმაციური ფილმები არაჩვეულებრივი საშუალებაა ბავშვის გართობის, სწავლისა და ემოციური განვითარებისთვის. თუმცა, ყველა ანიმაცია ერთნაირი არ არის და არც ყველა საბავშვო ფილმი იქნება შესაბამისი თქვენი შვილის ასაკის, ტემპერამენტის ან ინტერესებისთვის. გიზიარებთ რამდენიმე რჩვევას, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ანიმაციური ფილმი თქვენი შვილისთვის.
- ასაკთან შესაბამისობა: თანამედროვე ანიმიაციურ ფილმებს ხშირად თან ახლავს ასაკობრივი მიზნობრიობის ნიშნები (მაგ., 7+), ამიტომ პირველ რიგში უყურეთ ანიმაციური ფილმის ტრეილერს და დეტალურად წაიკითხეთ რეცენზია - განსაკუთრებით, უცნობი ფილმების შემთხვევაში.
- სკოლამდელი ასაკის (3-5 წელი) ბავშვებისთვის შეარჩიეთ მსუბუქი ისტორიები, სადაც გადმოცემულია სიკეთე, მარტივი იუმორი და ასაკის შესაბამისი პრობლემების გადაჭრა.
6-9 წლის ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ შედარებით რთული სიუჟეტის გადამუშავება, თუმცა ყურადღებით იყავით, რომ ფილმში არ იყოს ძალადობის ამსახველი სცენები.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის და დაგჭირდებათ ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებაც. მაგალითად, მაღალი მგრძნობელობის მქონე ბავშვების შემთხვევაში, თავი აარიდეთ მუქ ფერებს, ინტენსიურ მუსიკასა და ისეთ სიუჟეტს, რომელიც ემოციურ განშორებას ასახავს. ეს შეიძლება მათთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდეს.
- პოზიტიური თემები და როლური მოდელები: ანიმაციური ისტორიები დიდ ძალას ფლობენ. მათ შეუძლიათ ბავშვებს ასწავლონ ემპათია, გამბედაობა, გუნდური მუშაობა ან პირიქით, სარკაზმი, აგრესია და სხვების უპატივცემულობა. ანიმაციური ფილმის ნახვამდე, დასვით შემდეგი კითხვები:
- აღწერს ფილმი პერსონაჟებს, რომლებიც კონფლიქტს სოციალურად მისაღები ფორმით წყვეტენ?
- ემოციები აღიარებული და ღიად განხილულია?
- ფილმში დადებითი კუთხითაა წარმოჩენილი ადამიანებს შორის არსებული განსხვავებები?
- ან სწავლობენ რაიმე ღირებულს მთავარი პერსონაჟები?
პოზიტიური თემების მაგალითებია: მეგობრობა განსხვავებულობის მიუხედავად, იმედგაცრუებასთან გამკლავება, ემოციების გააზრება და მართვა, გუნდური მუშაობა, სიკეთე და ა. შ.
- შეფარული აგრესია და ზრდასრულთა იუმორი: ბავშვებისთვის განკუთვნილი ბევრი ანიმაციური ფილმი შეიცავს ფარულ აგრესიას, დაცვინვას, ბულინგს, სექსუალიზირებულ პერსონაჟებს ან ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ალუზიებს, რომლებიც „ხუმრობებშია“ დამალული.
ამ „ნორმალიზებულ“ ქცევებს ხშირად იმეორებენ ბავშვები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არ ესმით კონტექსტი. იუმორი კარგი და სახალისოა, თუ ის არ შეიცავს ბოროტ განზრახვებს.
- ხანგრძლივობა და სიუჟეტის სიჩქარე: პატარა ბავშვებს ხშირად უჭირთ ხანგრძლივი ან სწრაფი ტემპის მქონე ანიმაციების ყურება. აირჩიეთ:
- ხანმოკლე ფილმები ან ეპიზოდები შესვენებებით.
- ნელი ტემპის სიუჟეტები ნაკლები პერსონაჟებით.
- მშვიდი მუსიკალური გაფორმებები.
- გაზიარებული გამოცდილება: შეეცადეთ ერთად უყუროთ ანიმაციური ფილმებს. ამ დროს შეგიძლიათ:
- შეაჩეროთ კადრი და განუმარტოთო ბუნდოვანი ან ემოციური სცენები;
- აღნიშნოთ პერსონაჟის დადებითი ქცევა („რა კარგია ასე, რომ მოიქცა, ეს ნამდვილი სიკეთეა!“)
- შეაფასოთ და განიხილოთ შინაარსი, რომელიც მიმოხილვებში ან ტრეილერში ვერ შენიშნეთ;
- გააძლიეროთ კავშირი თქვენსა და თქვენს შვილს შორის გაზიარებული გამოცდილების მეშვეობით.
ანიმაციური ფილმის არჩევა არ ემსახურება მხოლოდ "ცუდი გავლენების " თავიდან არიდებას—ეს არის ისტორიების გამოყენება სწავლების, კავშირის ჩამოყალიბების და შთაგონების მიზნით. სწორად არჩეული ფილმი ბავშვებში იწვევს სიცილს, სხვადასხვა საკითხზე დაფიქრებას, და იძლევა მნიშვნელოვანი საუბრების წამოწყების შესაძლებლობას - სიკეთის, გამბედაობის, მეგობრობის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ.
Tell us what you think