რას ნიშნავს ნეიროგანსხვავებულობა?
იცოდით, რომ ყველა ადამიანის თავის ტვინი უნიკალურია? არ არსებობს ორი ერთნაირი თავის ტვინი, ისევე როგორც არ არსებობს ორი ადამიანი, იდენტური თითის ანაბეჭდებით. თავის ტვინის მრავალფეროვნება ადამიანების ბიოლოგიური მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.
თავის ტვინის თავისებურებები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გადაამუშავებენ ადამიანები ინფორმაციას, მათ შორის ტექსტებს, რიცხვებს, როგორ ამყარებენ კომუნიკაციას გარშემომყოფებთან, როგორ გამოხატავენ და მართავენ ემოციებს, როგორ რეაგირებენ სხვადასხვა სტიმულაციაზე, მაგალითად განათებასა და ხმაურზე. ეს ინდივიდუალური განსხვავებები ქმნის ნეირომრავალფეროვნებას.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანთა დაახლოებით 25 % ნეიროგანსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი თავის ტვინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანთა უმრავლესობის, ანუ ე.წ. ნეიროტიპური ადამიანების თავის ტვინისგან.
ნეიროგანსხვავებულობის შემჩნევა არ არის ისეთი იოლი, როგორც ადამიანის გარეგნული ნიშნების, მაგალითად სიმაღლის ან თვალის ფერის, მაგრამ ის ადამიანის ქცევასა და შემეცნებით მახასიათებლებში ვლინდება. ნეიროგანსხვავებულობა ხშირად დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორებიცაა აუტისტური სპექტრი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დისლექსია და დისკალკულია.
ნეიროგანსხვავებული ადამიანები საზოგადოებაში ხშირად აწყდებიან სხვადასხვა ბარიერს, რაც ხელს უშლით საკუთარი უნიკალური მახასიათებლებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენაში. მხარდამჭერი გარემოს პირობებში, ასეთ ადამიანებს არა მხოლოდ საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზება შეუძლიათ, არამედ მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის:
- ნეიროგანსხვავებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი აზროვნება ხშირად იძლევა პრობლემის განსხვავებული კუთხიდან დანახვის შესაძლებლობას. ხშირად სწორედ ისინი გვთავაზობენ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის ინოვაციურ გზებსაც. კვლევების თანახმად, გუნდები, რომლებსაც ნეიროგანსხვავებული წევრები ჰყავთ, პრობლემებს 30%-ით უფრო ეფექტურად უმკლავდებიან, ვიდრე მხოლოდ ნეიროტიპური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდები.
- ზოგიერთ ნეიროგანსხვავებულ ადამიანს წარმატებით შეუძლია ისეთი ამოცანების შესრულება, რომლებიც სხვებისთვის დიდი გამოწვევაა. მაგ: აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ პატერნების ამოცნობის განსაკუთრებული უნარი, რაც ძალიან ღირებულია სხვადასხვა საქმიანობისთვის, მაგალითად, მონაცემთა ანალიზისა და პროგრამირებისთვის.
- ნეიროგანსხვავებული ადამიანები ხშირად განსაკუთრებით მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევიან, რადგან შეუძლიათ ყურადღების ხანგრძლივად კონცენტრირება ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ ინტერესებსა და ძლიერ მხარეებს შეესაბამებათ.
ეს იმ დადებითი მხარეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ნეიროგანსხვავებული ადამიანების სოციალურ ინკლუზიას და მათთვის სწავლისა თუ მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ახლავს თან.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნეიროგანსხვავებული ადამიანები არ წარმოადგენენ ერთგვაროვან კატეგორიას, მათ განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები და ინტერესები აქვთ.
Tell us what you think