მსჯელობის უნარების განვითარება
შაბათი დღე გათენდა. სახლი დასალაგებელი გაქვთ. ორი დიდი ამოცანაა შესასრულებელი: ტანსაცმლის გარეცხვა და იატაკის მოწმენდა. ორივეს შესრულება 3 საათამდე უნდა მოასწროთ, რადგან 4 საათისთვის წვეულებაზე ხართ წასასვლელი. იმაზე ფიქრი, თუ რომელი საქმით ჯობია დაწყება, იმის გათვალისწინება, თუ რომელს რამდენი დრო დასჭირდება და დღის ისე დაგეგმვა, რომ წვეულებაზე წასვლა შეძლოთ, მსჯელობის მაგალითია.
რა არის მსჯელობა?
მსჯელობა მოვლენათა რაციონალურად შეფასების უნარია, რომელიც ლოგიკის გამოყენებას გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების ან პრობლემის გადაჭრის პროცესში.
მსჯელობა საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ ორი ან მეტი ვარიანტის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე და არჩევანი საუკეთესო ან ჩვენს საჭიროებებზე ყველაზე მეტად მორგებულ ვარიანტზე გავაკეთოთ. ზოგჯერ მსჯელობას "კრიტიკულ აზროვნებასაც" უწოდებენ.
რატომაა მნიშვნელოვანი მსჯელობის უნარები?
24-დან 36 თვემდე ასაკის ბავშვებში ადგილი აქვს დიდ ნახტომს კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების თვალსაზრისით. ამ ასაკში ბავშვები ხშირად იწყებენ საკუთარი იდეების გამომუშავებას. თუმცა, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ყველა საჭირო უნარი, საკუთარი იდეების განსახორციელებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძაფრი ემოციები, როგორიცაა სიბრაზე, დაბნეულობა ან იმედგაცრუება, რომელთა მართვაც რთულია.
ასეთ ემოციებთან გამკლავების სირთულეები ხშირად ვლინდება ე.წ. ტანტრუმის სახით. ამავე ასაკში ბავშვები იწყებენ იმის გაცნობიერებას, თუ რა ლოგიკური კავშირები არსებობს მოვლენათა შორის (მაგალითად, ვანთებთ შუქს, როდესაც ოთახში სიბნელეა), მეტყველების განვითარებასთან ერთად კი იწყებენ კითხვების დასმას გაგონილის, ნანახის ან სხვა მხრივ მიღებული გამოცდილებების შესახებ.
როგორ ხდება მსჯელობის უნარების განვითარება?
მსჯელობის უნარების განვითარება შესაძლებელია და სასურველიცაა იქცეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. ბავშვთან ურთიერთობის პროცესში მნიშვნელოვანია მათი წახალისება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ:
- ისაუბრეთ ემოციების შესახებ (როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების)
დაეხმარეთ ბავშვს ემოციის აღმნიშვნელი სიტყვების დასწავლაში. გაახმოვანეთ მისი განცდები. მაგალითად: „ძალიან გაბრაზებული ხარ, იმიტომ რომ სკვერიდან მივდივართ.“ „სევდიანი ხარ, როდესაც ბებია სხვაგან მიდის“’; ასეთი მიდგომა ეხმარება ბავშვს საკუთარ ემოციებში გარკვევასა და მათთან გამკლავებაში. მოახდინეთ გარშემომყოფთა ემოციების სახელდებაც და ისაუბრეთ მათზე. მაგალითად, უთხარით:“ ეს გოგონა სიხარულით ზემოთ-ქვემოთ ხტუნავს და იღიმება, როგორ ფიქრობ, გახარებულია?“; წიგნის კითხვისას, დაუსვით ბავშვს კითხვები პერსონაჟის განცდების შესახებ: „როგორ ფიქრობ, სიბნელის ეშინია?“
- დასვით ბევრი შეკითხვა ყოველდღიური აქტივობების მიმდინარეობისას:
დღის განმავლობაში, ბავშვთან საუბრისას გამოიყენეთ “რატომ“ შეკითხვები: „როგორ ფიქრობთ, რატომ სცვივათ ხეებს ფოთლები?“, „რატომ მოდის წვიმა?“
ასეთი კითხვები ბავშვის აზროვნების სტიმულირებას ახდენს და აგრძნობინებთ, რომ დაინტერესებულნი ხართ მათი იდეებით.
აუცილებლად გამოიყენეთ ღია კითხვებიც. იმის ნაცვლად, რომ ავტომატურად გასცეთ პასუხი ბავშვის მიერ დასმულ კითხვებზე, წაახალისეთ მისი კრიტიკული აზროვნება და შეკითხვას შეკითხვით უპასუხეთ: "შენ რა მოსაზრება გაქვს? შენი აზრით რაშია საქმე?“ ბავშვის ნებისმიერ პასუხს, იქნება ის სწორი თუ არასწორი, პატივისცემით მიუდექით. შეგიძლიათ უთხრათ: "ეს საინტერესოა. მითხარი, რატომ ფიქრობ ასე."
- დააკავშირეთ ერთმანეთს წარსული და აწყმო.
გაავლეთ ლოგიკური კავშირები ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებს შორის, მაგალითად: „ ქურთუკი იმიტომ უნდა ჩაიცვა, რომ არ გაცივდე.“, „აუზზე პირსახოცის წაღება იმიტომ გჭირდება, რომ ტანი გაიმშრალო.“
- დაახარისხეთ და დააჯგუფეთ საგნები დღის განმავლობაში
შეასრულეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოითხოვს ნივთების დაჯგუფებას საერთო ნიშნის მიხედვით. მაგალითად, დაახარისხეთ სარეცხი. სთხოვეთ ბავშვს თეთრი ფერის ტანსაცმელი გამოაცალკევოს ფერადისგან, ან ცალ-ცალკე დააწყოს წინდები, მაისურები და შარვლები. სათამაშოების ალაგებისას სთხოვეთ მანქანები ერთ თაროზე დაალაგოს, წიგნები კი მეორეზე.
და ბოლოს, ყველაზე ღირებული, რაც შეიძლება ბავშვისთვის გააკეთოთ, ეს საკუთარი კრიტიკული აზროვნების მოდელირებაა. მოზრდილები მიდრეკილნი ვართ იმისკენ, რომ მსჯელობის უხმოდ გამოვიყენოთ, შესაბამისად ბავშვები მხოლოდ საბოლოო შედეგს ხედავენ.
ამის ნაცვლად, სცადეთ ხმამაღლა ისაუბროთ პრობლემების გადაჭრისა და არჩევანის გაკეთების პროცესში. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: „მე ვაპირებ სახლში სხვა გზით წავიდე, რადგან მაღაზიაში უნდა შევიარო. “
შეეცადეთ გამოავლინოთ თანმიმდევრულობა ბავშვისთვის მსჯელობის უნარების მოდელირებისა და წახალისებისას.
Tell us what you think