მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს?! - თუ საკმარისად მოვინდომებთ

ThreeLittlePigs-Scene2

ყველასათვის ნაცნობი ზღაპარი სამი ძმა გოჭის შესახებ მხოლოდ სახალისო თავგადასავალი არ არის. მისი დახმარებით შეგვიძლია ბავშვებს დავანახოთ, როგორ გარდაიქმნება მცდელობა რეალურ შედეგად და როგორ გვეხმარება ძალისხმევის გაწევა სირთულეების დაძლევაში. ამ ამბავში მგელი ცხოვრებისეულ გამოწვევებს განასახიერებს, ხოლო გოჭების მიერ აშენებული სახლები იმ შინაგან სიმტკიცესა და მზაობას, რომლითაც ამ გამოწვევებს ვხვდებით.
მცირე ასაკის ბავშვებისათვის გადაწყვეტილების მიღება იმწუთიერ სურვილებს ეფუძნება, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, დაახლოებით 5-6 წლიდან, ბავშვები იმის გააზრებას იწყებენ, რომ თუ რაღაცას კარგად გააკეთებენ, მოგვიანებით დასვენებას შეძლებენ, მათ მიერ გაწეული ძალისხმევა კი შედეგს გამოიღებს.
ზღაპრის დასაწყისში ვხედავთ, რომ ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი თავს არიდებენ მძიმე სამუშაოს. მიწის თხრასა და ქვების ზიდვას ურჩევნიათ, რომ დრო სეირნობასა და მინდორში ხტუნვაში გაატარონ. მათგან განსხვავებით,  ნაფ-ნაფი დიდ ძალისხმევას დებს - ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავს, მასალასაც განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს, რადგან სწამს, რომ „გოჭის სახლი ციხე-სიმაგრე უნდა იყოს!“. საბოლოოდ, მის  მცდელობებს სასურველი შედეგი მოაქვს და ის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ დაუდევარ ძმებსაც გადაარჩენს, მგელი კი დამარცხებული და კუდამოძუებული გარბის.
„სამი გოჭის“ მეშვეობით შეგვიძლია ბავშვებს დავანახოთ სხვაობა სწრაფ და მარტივ გზასა და იმ გზას შორის, რომელიც მეტ დროს მოითხოვს, თუმცა საიმედო შედეგი მოაქვს. 

რა კითხვები შეიძლება დავუსვათ ბავშვს, ზღაპრის წაკითხვის შემდეგ

დარწმუნდით, რომ ბავშვსვ კარგად ესმის ზღაპრის შინაარსი. დისკუსია ეხმარება ბავშვს, უკეთ გაიაზროს პერსონაჟების ქცევა:

  • როგორ მოიქცეოდნენ ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი, ახლიდან რომ აშენებდნენ სახლებს?
  • როგორ ფიქრობ, ნაფ-ნაფსაც უნდოდა მინდორში სირბილი და თამაში, სანამ სახლს აშენებდა? რა დაეხმარა მას, რომ არ გაჩერებულიყო?
  • მოდი წარმოვიდგინოთ: მგელი რომ არ მოსულიყო, მაინც კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა ზამთრისთვის აგურის სახლის აშენება? რატომ?
  • როგორ ფიქრობ, რას გრძნობდნენ გოჭები, როდესაც მგელი წავიდა?

 

როდის შეიძლება ამ ზღაპრის გახსენება ბავშვთან?

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია ისეთი სიტუაციები, როდესაც ბავშვი სხვადასხვა რუტინულ აქტივობას ასრულებს, (მაგ: კბილებს იხეხავს), არჩევანის გაკეთება უწევს ან რაიმე რთულ დავალებასთან დაკავშირებულ იმედგაცრუებასთან უმკლავდება. შეგიძლიათ ეს სიტუაციები იმის ასახსნელად გამოიყენოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს  ძალისხმევის გამოვლენას. შესთავაზეთ ბავშვს დაფიქრდეს შემდეგ შეკითხვებზე:

  • „როგორ ფიქრობ, ნაფ-ნაფი როგორ მოიქცეოდა ამ დროს?“
  • „ეს დავალება ნამდვილი “აგურის სახლია” - რთულია და დიდი დრო სჭირდება, მაგრამ როცა დაასრულებ, ნამდვილი ციხე-სიმაგრე გამოვა.“
  • „შენი აზრით, ახლა ჩალის სახლს ვაშენებთ (სწრაფად და ზერელედ) თუ აგურისას (ხარისხიანად)?“
  • „მოდი, კბილები ისე გავიხეხოთ, რომ “აგურის სახლივით” გამძლე იყოს და მგელმა (კარიესმა) ვერაფერი დაგვაკლოს.“
Spread the love

Tell us what you think