მაინდფულნესი მთელი ოჯახისთვის

2148872486

როგორ ვიპოვოთ სიმშვიდე ყოველდღიური ცხოვრების ქაოსში
თანამედროვე სამყაროში ოჯახების უმეტესობა დატვირთული განრიგით ცხოვრობს, რაც ზრდის ემოციური გადაწვის რისკებს როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის. უახლესი კვლევების თანახმად, მაინდფულნესის სავარჯიშოების სისტემატიური შესრულება მნიშვნელოვნად ამცირებს მშობლების სტრესის დონეს და აუმჯობესებს ოჯახურ ურთიერთობებს.
რა არის მაინდფულნესი?
მაინდფულნესი ყურადღების მიზანმიმართული მიმართვაა აწმყო მომენტზე, განსჯისა და შეფასების გარეშე. ეს არის უნარი, სრულად ჩაერთო იმ საქმეში, რასაც აკეთებ, ფოკუსირდე „აქ და ამჟამად“ არსებულზე, იქნება ეს ადგილი, სადაც იმყოფები, თუ ადამიანები, ვის გარემოცვაშიც ხარ.
რა დადებითი მხარეები აქვს მაინდფულნესის გამოყენებას?
ნეირომეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ მაინდფულნესის დადებითად ზემოქმედებს თავის ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც ყურადღებაზე, ემოციების რეგულაციასა და თვითცნობიერებაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, მშობლები, რომლებიც მაინდფულნესის სავარჯიშოებს სისტემატიურად იყენებენ, როგორც წესი, საკუთარ ემოციებს უკეთ მართავენ,ნაკლებად რეაქტიულები არიან სტრესულ სიტუაციებში და ზოგადად, მეტ სიამოვნებას იღებენ მშობლობისგან.
ბავშვებში კი მაინდფულნესი აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, ამცირებს იმპულსურ ქცევებს და აძლიერებს მათ მედეგობას სტრესისადმი.
როგორ გამოვიყენოთ მაინდფულნესი ყოველდღიურ ცხოვრებაში:

    • ყოველდღიურად გამოყავით 5-10 წუთი მაინდფულნესისთვის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მთავარია არა ხანგრძლივობა, არამედ თანმიმდევრულობა. ამიტომ უმჯობესია მაინდფულნესისთვის გამოყოფილი დრო თქვენს ყოველდღიურ რუტინაში ჩასვათ, მაგალითად, დილით გაღვიძებისას ან ძილის წინ.

 

    • დაიწყეთ ხანმოკლე, მარტივი სავარჯიშოებით, შემდეგ კი გაამრავალფეროვნეთ და გაზარდეთ მათი ხანგრძლივობა.

 

    • მოიფიქრეთ თქვენი ოჯახისთვის უნიკალური რიტუალი, რომელიც აქ და ამჟამად ყოფნაში დაგეხმარებათ, ეს შეიძლება იყოს სეირნობა, დღის მნიშვნელოვანი მომენტების გახსენება ან მუსიკის მოსმენა სრული ყურადღებითა და ჩართულობით.

 

    • შეგიძლიათ სახლში გამოყოთ სპეციალური კუთხეც მაინდფულნესისთვის, სადაც ოჯახის წევრებს შეეძლებათ განმარტოვება.

 

    •  გამოიყენეთ სუნთქვის სახალისო ვარჯიშები, რომელთა შესრულების პროცესშიც მხოლოდ სუნთქვაზე იფიქრებთ, მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ მუცელი ბუშტია, რომელიც ჩასუნთქვისაც იბერება და ამოსუნთქვისას იფუშება, ან სცადეთ ერთი ხელის თითებს მეორე ხელით ხაზი შემოავლოთ,  ჩასუნთქვისას ავდივართ, ამოსუნთქვისას ჩამოვდივართ.

 

    • მიეცით ბავშვებს მაინდფულნესის გამოყენების მაგალითი- გახსოვდეთ, რომ ისინი ზრდასრულბზე დაკვირვებით სწავლობენ. როდესაც სტრესული სიტუაცია შეგექმნებათ, დაანახეთ მათ როგორ იყენებთ მაინდფულნესის ტექნიკებს ემოციების რეგულაციისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ამ პროცესის გახმოვანება: "ახლა ძალიან ვღელავ, ამიტომ რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქავ, დავმშვიდდე".

 

    • გამოიყენეთ ტექნოლოგია თქვენს სასარგებლოდ და გაეცანით აპლიკაციებსა და ვიდეო რესურსებს, რომლებიც მაინდფულნესის სახალისო აქტივობებს გთავაზობთ ბავშვებისთვის.

 

Spread the love

Tell us what you think