კარგი საიდუმლო, ცუდი საიდუმლო

girls-hiding-cartoon-box

ხშირ შემთხვევაში, ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში საიდუმლოს შენახვის კომპონენტი ფიგურირებს. როგორც წესი, მოძალადე აიძულებს ბავშვს მომხდარზე არავის მოუყვეს და ჰპირდება, რომ ეს მათი „პატარა საიდუმლო“ იქნება. ხშირად, ეს ბავშვში დაბნეულობას იწვევს და მომხდარიც საიდუმლოდ რჩება.
იმისათვის, რომ დაიცვათ ბავშვი საიდუმლოდ შენახული საფრთხისაგან, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

აუხსენით ბავშვს განსხვავება კარგ და ცუდ საიდუმლოს შორის

კარგია საიდუმლო, რომლის შენახვის დროსაც ბავშვი თავს სასიამოვნოდ მოუსვენრად გრძნობს, რადგან იცის, საიდუმლოს გამხელა ვიღაცას გაამხიარულებს და გააბედნიერებს. კარგი საიდუმლო ყოველთვის ხანმოკლეა და მალე დგება მისი გამჟღავნების დრო. მაგალითად, სიურპრიზად მოწყობილი წვეულება ან შერჩეული საჩუქარი, შეიძლება იყოს კარგი საიდუმლო. კარგი საიდუმლო არ იწვევს დისკომფორტს, შიშს, დაბნეულობას და საფრთხის განცდას.
ცუდია საიდუმლო, რომლის შენახვის დროს, ბავშვი თავს არაკომფორტულად, შეშინებულად ან დაბნეულად გრძნობს. ცუდ საიდუმლოს არ აქვს გამჟღავნების დრო და ადამიანი, რომელიც მის შენახვას ითხოვს, ბავშვს ეუბნება, რომ არასდროს არავისთან თქვას ამის შესახებ. 
განიხილეთ ბავშვთან ერთდ ცუდი საიდუმლოს მაგალითები:

  • როცა შენთვის ახლობელი ადამიანი გეუბნება, რომ არავის უთხრა იმის შესახებ, რაც ნახე ან რასაც ერთად აკეთებთ ხოლმე
  • როცა გეხებიან შენი სურვილის საწინააღმდეგოდ და გთხოვენ, არავისთან თქვა ამის შესახებ
  • როცა ფულს გართმევენ ან შენ გაიძულებენ გადახდას
  • როცა გაიძულებენ ტყუილი თქვა და ამტკიცო, რომ სიმართლეა

ასწავლეთ ბავშვს, არ შეინახოს ცუდი საიდუმლო

აუხსენით ბავშვს, რომ თუ ვინმე საიდუმლოს შენახვას სთხოვს, დაფიქრდეს, კარგი საიდუმლოა ეს თუ ცუდი. 
თუ საიდუმლო ცუდია, ასწავლეთ ბავშვს, რომ აუცილებლად გაუმხილოს ის სანდო ადამიანს, მაგალითად, თქვენ - მშობელს ან მასწავლებელს. რადგან უმეტეს შემთხვევებში, ძალადობა ხდება ოჯახის ან ვიწრო წრის ფარგლებში, განუმარტეთ ბავშვს, რომ საიდუმლო უნდა გაამხილოს მაშინაც, თუ ის ოჯახის წევრს ან ძალიან ახლობელ ადამიანს ეხება.
შეგიძლიათ ითამაშოთ „თუ, მაშინ“, სადაც წარუდგენთ ბავშვს სხვადასხვა სცენარებს და ერთად მოიფიქრებთ, კარგია ეს საიდუმლო თუ ცუდი და გამხელას საჭიროებს. 
სამაგალითო სცენარები:

    • ბიძასთან ერთად საჩუქარი შეარჩიე ერთ-ერთი ბიძაშვილისთვის და ბიძამ გთხოვა, წვეულებამდე საიდუმლოდ შეგენახა ეს (კარგი საიდუმლო)

 

    • მეგობარმა გითხრა, რომ უფროსი ძმა ხშირად სცემს ხოლმე, მაგრამ გთხოვა არავისთვის გაგემხილა ეს (ცუდი საიდუმლო)

 

    • ცეკვის მასწავლებელმა გითხრა, რომ ძალიან ლამაზი ხარ და ფოტოები გადაგიღო, რომელთა შესახებაც გთხოვა, რომ არავისთვის გეთქვა (ცუდი საიდუმლო)

 

იყავით მხარდამჭერი

თუ ბავშვი საიდუმლოს გიმხელთ და თქვენ უარყოფითად რეაგირებთ - ბრაზდებით, წყობიდან გამოდიხართ ან არცხვენთ ამ თემაზე საუბრისთვის - მას მომავალში აღარ გაუჩნდება სურვილი, რომ თქვენთან მოვიდეს სასაუბროდ. რაც არ უნდა იყოს საიდუმლო, მშვიდად და თანაგრძნობით შეხვდით მას, რათა ბავშვისთვის დარჩეთ იმ სანდო ადამიანად, რომელთანაც პრობლემებზე საუბარი ყოველთვის შესაძლებელია.

Spread the love

Tell us what you think