ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები ბავშვებთან სასაუბროდ

happy-father-helping-his-son-with-homework

მოზარდებიც კი, რომლებიც პირველ რიგში თანატოლებთან ურთიერთობას და საუბარს ანიჭებენ უპირატესობას, უფრო მეტად უზიარებენ მშობლებს საკუთარ ფიქრებსა თუ ემოციებს, როდესაც ისინი ე.წ. აქტიური მოსმენის სტრატეგიებს იყენებენ. ეფექტური კომუნიკაცია აგრძნობინებთ ბავშვებს, რომ მათი ესმით და შესაბამისად უჩენთ მზაობას მეტი გახსნილობისთვის და რაც ასევე მნიშვნელოვანია, აძლიერებს მშობელი-ბავშვის ურთიერთკავშირს.

როგორ მოვუსმინოთ ბავშვს: 

  • დაუთმეთ სრული ყურადღება: როდესაც ხედავთ, რომ ბავშვს თქვენთან საუბარი სურს, ამ დროს პარალელურად საქმის კეთება არც ისე კარგი იდეაა. ამის ნაცვლად, უმჯობესია ბავშვთან დაამყაროთ თვალით კონტაქტი, მიტრიალდეთ მისკენ, მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში სასურველია ისე დახრა ან ჯდომა, რომ მათ სიმაღლეზე აღმოჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში ბავშვსაც აგრძნობინებთ რომ მზად ხართ მის მოსასმენად.
  • დააკვირდით რა ემოციას განიცდის ბავშვი: ბავშვის სახის გამომეტყველებაზე, მისი ნათქვამი შინაარსზე დაყრდნობით, შესაძლოა ივარაუდოთ თუ რომელ ემოციას განიცდის ბავშვი. შეგიძლიათ თქვენი დაკვირვება გაუზიაროთ თავად ბავშვს, მაგალითად უთხრათ: „ვხედავ რომ ღელავ, რადგან ფიქრობ, რომ დავალების დაწერას ვერ მოასწრებ.“ ასეთი განცხადებები ბავშვს აგრძნობინებს რომ ესმით მისი და როგორც წესი უბიძგებთ მათ მეტად გაგიზიარონ საკუთარი განცდები. 
  • მიეცით საშუალება ბოლომდე გითხრათ სათქმელი: მაშინაც კი, თუ ხვდებით, რომ ბავშვის მიერ გაჟღერებული აზრი არასწორია, ეცადეთ არ შეაწყვეტინოთ და მაშინვე არ დაიწყოთ მისი შესწორება. ამის ნაცვლად, პირველ რიგში ეცადეთ ბავშვისგან სრული ნარატივი მიიღოთ. ეს დაგეხმარებათ იმის გაგებაში თუ როგორ აღიქვამს ბავშვი კონკრეტულ სიტუაციას და ბავშვიც დიდი ალბათობით, მეტად ითანამშრომლებს თქვენთან.
  • გამოიყენეთ „მე- შეტყობინებები“- მე-შეტყობინებების საშუალებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, თუ როგორ ზემოქმედებს ბავშვის ქცევა ჩვენზე და ბავშვსაც უკეთეს წარმოდგენას უქმნის მისდამი არსებული მოლოდინების შესახებ.  ამიტომ, იმის ნაცვლად რომ უთხრათ ბავშვს: „შენ მოუწესრიგებელი ხარ“, უთხარით შემდეგი: „მე მინდა, რომ მაგიდიდან შენი ნივთები აალაგო.“ 
  • აგრძნობინეთ, რომ იღებთ მას, ისეთს, როგორიც არის: მიმღებლობა არ გულისხმობს ბავშვის ყველა ქცევის მოწონებას და წახალისებას. ის მოიცავს ბავშვის, როგორც ღირებული პიროვნების აღიარებას და მისდამი უპირობო სიყვარულის არსებობას. ბავშვებს, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებას გრძნობენ მზრუნველი პირების მხრიდან, საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენა უყალიბდებათ, ასევე უადვილდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა და უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს საკუთარი ემოციებისა და აზრების გაზიარების თვალსაზრისით. 

Spread the love

Tell us what you think