განშორების შფოთვა ბავშვებში
მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ტირიან და განიცდიან როდესაც მშობლებთან განშორება უწევთ. ეს ტენდენცია დაახლოებით 18 თვის ასაკიდან იწყება და 2-2,5 წლამდე გრძელდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშიც ვლინდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს შვილზე არასდროს არავინ ზრუნავდა თქვენს გარდა ან/და ბავშვი ხასიათით მორცხვია. განშორების შფოთვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ოჯახის წევრების რეაგირებაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ განშორების შფოთვა ბავშვის განვითარების სრულიად ნორმალური ნაწილია, ის შეიძლება სტრესული იყოს როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ მშობლებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში:
სწორად შეარჩიეთ დრო - ეცადეთ, არ წახვიდეთ მაშინ, როდესაც თქვენი შვილი მშიერი, გაღიზიანებული ან გამოუძინებელია. თუ შესაძლებელია, დაგეგმეთ წასვლა ძილისა და კვების შემდეგ.
ნელ-ნელა შეაჩვიეთ განშორებას - ივარჯიშეთ ერთმანეთისგან განცალკევებით ყოფნაზე, დაიწყეთ ხანმოკლე განშორებებით და ნელ-ნელა გაზარდეთ დრო. ეტაპობრივად გააცანით ახალი ადამიანები და ადგილები. მაგალითად, თუ გეგმავთ თქვენი შვილის ნათესავთან ან ძიძასთან დატოვებას, წინასწარ მოიწვიეთ ეს ადამიანი, რომ ბავშვთან ერთად გაატაროს დრო, სანამ თქვენც ოთახში იქნებით.
თუ თქვენი შვილი ახალ საბავშვო ბაღში მიგყავთ, რამოდენიმეჯერ ერთად ეწვიეთ დაწესებულებას. სრული განაკვეთის ნაცვლად, თავდაპირველად შემცირებული დროით დაგეგმეთ ბავშვის დატოვება ბაღში.
იყავით მშვიდი და თანმიმდევრული - შეიმუშავეთ დამშვიდობების სახალისო რიტუალი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოხატეთ ნდობა თქვენი შვილის მიმართ. დაარწმუნეთ, რომ დაბრუნდებით — და მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, როდის (მაგალითად, სადილის შემდეგ). დამშვიდობებისას სრული ყურადღება მიაქციეთ და როდესაც ამბობთ, რომ მიდიხართ, იყავით თანმიმდევრული. დაბრუნება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.
შეასრულეთ დაპირება - აუცილებელია დაბრუნდეთ ზუსტად მაშინ, როცა დაპირდით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია — ასე განუვითარდება თქვენს შვილს უსაფრთხოების განცდა.
გაითვალისწინეთ, თუ განშორების შფოთვა მძაფრად გამოხატულია, დროსთან ერთად არ მცირდება და ხელს უშლის ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვაში, უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაიარეთ კონსულტაცია ბავშვთა ფსიქოლოგთან.
Tell us what you think