გაკვეთილები, რომლებიც სახელმძღვანელოებში არ წერია: რას გვიყვება ჰარი პოტერის ისტორია სკოლაზე?

pocket-potters-kid-holding-books-web-header

როდესაც შვილებს სკოლაში ვაცილებთ, ხშირად, ჩვენი მთავარი საზრუნავი მათ მიერ სასწავლო პროგრამის ათვისება და აკადემიური მოსწრებაა. თუმცა თუ ცნობილი პერსონაჟის -  ჰარი პოტერის ისტორიას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ სკოლა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. ოჯახური გარემოს შემდეგ, სკოლა პირველი სივრცეა,  სადაც ისინი დამოუკიდებელ, სოციალურ ცხოვრებას იწყებენ.

 

რას უნდა ასწავლიდეს სკოლა  ბავშვებს თავისი არსით, გაკვეთილებს მიღმა?

  • შეცდომა, როგორც ზრდის საწინდარი

წარმოიდგინეთ გარემო, სადაც ყოველი არასწორად გადადგმული ნაბიჯი სწავლის პროცესის ნაწილია. ჰარი პტერის ისტორიაში ბავშვები ხშირად უშვებენ შეცდომებს გამოუცდელობის თუ ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო, თუმცა გაკიხვის ნაცვლად, სკოლა მათ უფლებას აძლევს თავადვე გამოასწორონ დაშვებული შეცდომა..
გავიხსენოთ ნევილ ლონგბოტომი, რომელსაც თავიდან ყველაფერი უფუჭდებოდა - წამლების მომზადებისას ქვაბები უფეთქდებოდა, ცოცხიდან ვარდებოდა და არც შელოცვები გამოსდიოდა. მიუხედავად ამისა, სკოლა მას ხელს არ ჰკრავდა. სწორედ ამ მიმღებლურმა გარემომ მისცა მას საშუალება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ეპოვა საკუთარი ძლიერი მხარე (ბალახთმცოდნეობა) და საბოლოოდ ერთ-ერთ ყველაზე მამაც პერსონაჟად ჩამოყალიბებულიყო. 
გაკვეთილი N1: თუ მოზარდს შეცდომის დაშვების ეშინია, ის ვერასოდეს გახდება გაბედული ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში მცდელობა მეტად  ფასდებოდეს, ვიდრე მაღალი ქულა. 

  • მარტო აღარ ვარ - როგორ სწავლობენ ბავშვები სხვებზე ზრუნვას

სკოლა ხშირად ის პირველი სივრცეა, სადაც ბავშვი აცნობიერებს, რომ მის გარკვეული ნაბიჯები სხვებზეც აისახება და საერთო ატმოსფეროს ცვლის. ჰარი პოტერის სამყაროში ყოველი მოსწავლის საქციელი გავლენას ახდენს თავისი ფაკულტეტის ქულებზე: როდესაც ჰერმიონი, ჰარი და რონი წესებს არღვევდნენ, ამით მთელი ჯგუფი ზარალდებოდა, ხოლო გამბედაობის გამოჩენისას - მთელი გუნდი იმარჯვებდა. ამგვარი სასკოლო სისტემა ბავშვს ასწავლის, რომ ის საერთო საქმის ნაწილია. 
გაკვეთილი N2: სკოლა  სხვებთან საერთო ენის გამონახვისა და ჯგუფური პასუხისმგებლობის სასწავლო სივრცე უნდა იყოს.

  • სამართლიანობის სტატუსს მიღმა

სკოლა, გვასწავლის, რომ ადამიანის ავტორიტეტი ან სტატუსი (იქნება ეს მასწავლებლისა თუ დირექტორის) ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იგი შეუმცდარია. ჰარი პოტერის ისტორიაში ვხედავთ პროფესორ მაკგონაგელს - მკაცრს, მაგრამ სამართლიანს და პროფესორ ამბრიჯს, რომელიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და მოსწავლეებს ჩაგრავს. სკოლამ ბავშვს უნდა გამოუმუშავოს უნარი, გაარჩიოს ობიექტური მოთხოვნა უსამართლო წნეხისგან. 
გაკვეთილი N3: თუ სკოლა მხოლოდ ბრმა მორჩილებას ითხოვს, ის ზრდის შემსრულებელს და არა თავისუფალ პიროვნებას. ჰარი პოტერის ისტორია კი გვაჩვენებს, რომ ნამდვილი პატივისცემა ნდობითა და სამართლიანობით მოიპოვება და არა მხოლოდ კათედრასთან დგომით.

სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ საგნებს, არამედ იმას, თუ როგორ დარჩეს ადამიანად ნებისმიერ გარემოში. ეს არის ადგილი, სადაც ის სწავლობს საკუთარი საზღვრების დაცვას, სხვებთან ურთიერთობასა და სამართლიანობის ფასს. ჩვენი, როგორც მშობლების როლი კი ისაა, რომ დავეხმაროთ მათ ამ მნიშვნელოვანი გაკვეთილების გააზრებაში.

 

Spread the love

Tell us what you think