ბავშვის მომზადება ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისთვის

medium-shot-mother-girl-playing-game

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევთ ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასების გავლა. ეს შეფასება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის შემდგომი კეთილდღეობისთვის. 
ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისას ფსიქოლოგი აფასებს ბავშვის კოგნიტურ, აკადემიურ უნარებს,  ემოციურ განვითარებასა და ქცევის სფეროს. შეფასების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბავშვის შესაძლებლობების, ძლიერი მხარეების გამოკვეთა და საჭიროებების გაგება, რათა დავეხმაროთ მას წარმატების მიღწევაში. 
შეფასებებს შეუძლია მოგაწოდოთ ღირებული ინფორმაცია თქვენი შვილის სწავლისა და განვითარების შესახებ, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი რაც შეიძლება კომფორტული და მოქნილი იყოს.  ამისთვის კი მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური მომზადება. 

  • შეფასებამდე ესაუბრეთ თქვენს შვილს: მარტივად და პოზიტიურად აუხსენით, რას ეხება შეფასება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ნათლად გაუჟღერეთ რომ ეს არ არის გამოცდა, რომელიც მან უნდა ჩააბაროს. 
  • ბუნებრივია, რომ ბავშვი ღელავდეს დაგეგმილი შეფასების წინ: ბავშვთან საუბრისას ხაზი გაუსვით, რომ შეფაების მიზანია დაეხმაროს მას წარმატების მიღწევაში და საჭირო დახმარების მიღებაში. 

დაეხმარეთ ბავშვს შეფასებამდე გამოიძინოს კარგად. დარწმუნდით, რომ არ იყოს მშიერი, ეცვას კომფორტული ტანსაცმელი. ეს დაეხმარება ტესტირების პროცესში შეინარჩუნოს კონცენტრაცია. 
შეფასებაზე მიდით დროულად, რათა დაგვიანებამ არ გამოიწვიოს დამატებითი სტრესი. 
შეფასების პროცესში ბავშვს მოეთხოვება სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობების შესრულება, შეკითხვებზე პასუხის გაცემა და წარმოდგენილი პრობლემების მოგვარების გზების მოძებნა. განსაკუთრებით მცირე ასაკში შეფასება ხშირად ჰგაქვს სტრუქტურირებული თამაშის პროცესს. 
გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვევს: რა არის ეს შეფასება? რას მოითხოვენ ჩემგან? ვინ იქნება შემფასებელი? როდის იქნება ეს შეფასება? რას შეცვლის ეს შეფასება ჩემს ცხოვრებაში? 
არ დაგავიწყდეთ შეფასების შედეგების განხილვა ბავშვთან. განაკთრებული ხაზი გაუსვით მის ძლიერ მხარეებს და მხარდაჭერას, რომელსაც მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში არ მოგერიდოთ შემფასებელთან დაკავშირება, რათა დაგეხმაროთ ბავშვისთვის შედეგების ახსნისას.  
გახსოვდეთ, ბავშვის მომზადება ფსიქო-საგანმანათლებლო შეფასებისთვის გულისხმობს პოზიტიური და სასიამოვნო გამოცდილების შექმნას.  

Spread the love

Tell us what you think