ახალი წელი და ახალი მიზნები

Group of children try to lift christmas tree

ახალი წლის დასაწყისში, ადამიანთა უმეტესობა ერთი მხრივ განვლილი წლის გაანალიზებას და შეჯამებას ახდენს, მეორე მხრივ კი ახალი მიზნებისა და გეგმების დასახვას ცდილობს. მიზნების არსებობა აუმჯობესებს თვითდისციპლინის უნარს და დადებითად აისახება ჩვენს მოტივაციასა და თვითშეფასებაზე, სწორედ ამიტომ იგი არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ მიზნების დასახვა ეფექტური იყოს, სასურველია შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინოთ:

  • შეარჩიეთ გაზომვადი მიზნები: კითხვის ან მათემატიკური უნარების გაუმჯობესება, მართალია სასურველი, მაგრამ ბუნდოვანი მიზნებია. ამის ნაცვლად, სცადეთ მათი დაკონკრეტება, მაგალითად: „ყოველ დღე 5 ან 10 გვერდის წაკითხვა“, ან „გამრავლების ტაბულის სწავლა.“ ასეთ შემთხვევაში, მიღწეული შედეგები უფრო დაკვირვებადი და გაზომვადი იქნება.
  • თითო მიზანი, თითო ჯერზე: როგორც ემპირიული მონაცემები გვიჩვენებს, ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევა, საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მათი მიღწევა დიდ ნებისყოფასა და ძალისხმევას მოითხოვს. შეარჩიეთ რამდენიმე მიზანი, დაალაგეთ ისინი პრიორიტეტების მიხედვით და მიჰყევთ თანმიმდევრობით.
  • გამოყავით საკმარისი დრო მიზნის მისაღწევად: ცვლილების დანერგვას დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ თუკი მიზანი რომელიმე მავნე ჩვევის დაძლევას ან რომელიმე ახალი ჩვევის გამომუშავებას უკავშირდება. იმისათვის, რათა თავიდან აირიდოთ ფრუსტრაცია და საკუთარი თავით უკმაყოფილება, დარწმუნდით რომ მიზნის მისაღწევად გამოყოფილი დრო ნამდვილად რეალისტურია და ასახავს გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობასაც.
  • დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით: ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ თუკი რაიმე იდეალურად არ გამოგვდის, არც ღირს მისი გაგრძელება. ასეთი ტიპის „შავ-თეთრი“ აზროვნება და პერფექციონისტული დამოკიდებულება მიზნის მიღწევისთვის ერთ-ერთი გავრცელებული დაბრკოლებაა. დარწმუნდით, რომ შერჩეული მიზანი და მის მისაღწევად გამოყოფილი დრო გონივრულობის ფარგლებშია, შემდეგ კი შეაქეთ ბავშვი და საკუთარი თავი მიზნის მიმართულებით გადადგმული მცირე ნაბიჯებისთვის.
  • აქციეთ მიზნების დასახვა ოჯახურ აქტივობად: ბავშვებთან ერთად განიხილეთ გასული წელი, იმსჯელეთ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, რისი მადლიერი ხართ, რა ისწავლეთ და რას გააუმჯობესებდით ამ გადმოსახედიდან, შემდეგ კი შესთავაზეთ სამომავლო გეგმებზე მსჯელობა.  ოჯახის წევრებს შეუძლიათ რიგრიგობით გააჟღერონ საკუთარი მიზნები და გამოხატონ მხარდაჭერა ერთმანეთის მიმართ. 

 

Spread the love

Tell us what you think