ინტელექტუალური დარღვევა
რა არის ინტელექტუალური დარღვევა?
ინტელექტუალური დარღვევა ნეიროგანვითარების დარღვევათა ჯგუფს განეკუთვნება და ხასიათდება ინტელექტუალური სფეროს ფუნქციონირების და ადაპტური ქცევის გამოხატული დეფიციტით, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენს გავლენას ადამიანის ფსიქიკური განვითარების და ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
ინტელექტუალური ფუნქციონირება - მოიცავს კოგნიტურ უნარებს, რაც საჭიროა ახალი ინფორმაციის დასწავლის და ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტისას.
ადაპტური ფუნქციონირება - მოიცავს ისეთ უნარებს რაც საჭიროა ყოველდღიურ გარემოში დამოუკიდებლად ფუნქციონირებისათვის.
როგორ ხდება ინტელექტუალური დარღვევის დიაგნოსტირება?
ინტელექტუალური დარღვევის დიაგნოსტირება კომპლექსური პროცესია. პირველ რიგში ფასდება ეტიოლოგიური ფაქტორები - რა სამედიცინო მდგომარეობის თანმხლებია ინტელექტუალური დარღვევა. სტანდარტიზებული ინსტრუმენტებით ფასდება ინტელექტუალური და ადაპტური ფუნქციონირება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირების და მხარდაჭერის საჭიროების მიხედვით გამოიყოფა ინტელექტუალური დარღვევის ოთხი ხარისხი: მსუბუქი, საშუალო, მძიმე და ძლიერი. ხარისხი განისაზღვრება ადაპტური ფუნქციონირების შეფასების შედეგად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირების და მხარდაჭერის ხარისხის საჭიროების მიხედვით.
რა ასაკში ვლინდება ინტელექტუალური დარღვევის მახასიათებლები?
ადრეულ ეტაპზე ინტელექტუალური დარღვევის მახასიათებლები ვლინდება კოგნიტური, მოტორული და სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარების ასაკობრივი ნორმების ჩამორჩენით. გამოვლენის პერიოდი განსხვავებულია. მაგალითად, მძიმე და ძლიერი ხარისხის ინტელექტუალური დარღვევის შემთხვევაში დეფიციტი შესამჩნევია უკვე 2 წლის ასაკისთვის, მაშინ როდესაც მსუბუქი ხარისხის ინტელექტუალური დარღვევის შემთხვევაში დიაგნოსტირება უფრო ხშირად ხდება სასკოლო ასაკში, მაშინ როდესაც აკადემიური ცოდნის ათვისების საჭიროება დგება.
Tell us what you think