თავდაჯერებულობის გაზრდა მოზარდებში

მშობლის ერთ-ერთი მთავარი როლია დაეხმაროს შვილს საკუთარი თავის რწმენისა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში. ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა ბავშვის წახალისება მის ძლიერ მხარეებზე ფოკუსირებით. შექებისგან განსხვავებით, წახალისება საჩუქარია და არ მოითხოვს რაიმეს შესრულებას; მისი გაცემა უსასყიდლოდ შეიძლება, რადგან ყველა იმსახურებს მის მიღებას. 
მოზარდებს, რომლებიც აქვთ მშობლების მხრიდან წახალისების სისტემატიური გამოცდილება,  არ აშინებთ ის, რომ არ არიან იდეალურები, ამასთან აცნობიერებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია, მნიშვნელოვანია ძალისხმევის გამოვლენა და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა.

ქვემოთ მოცემულია მოზარდების წახალისების რამდენიმე სტრატეგია, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგიძლიათ:

    • დააკისრეთ პასუხისმგებლობა: საკუთარი თავის რწმენა პირველ რიგში დაკისრებული მოვალეობებისთვის წარმატებით თავის გართმევის შედეგად ყალიბდება. Მიეცით მოზარდს სხვადასხვა დავალება და დაეხმარეთ პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებში. თუკი აღმოაჩენთ, რომ ამა თუ იმ დავალებას იგი სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდება, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ჯერ არ არის მზად მის შესასრულებლად, ამიტომ ფოკუსირება მოახდინეთ ისეთ დავალებებზე, რომლებსაც შეიძლება წარმატებით გაუმკლავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ,  ეტაპობრივად გაზარდეთ მისი პასუხისმგებლობები. 

 

    • გამოხატეთ მადლიერება სახლის საქმეებში შეტანილი წვლილისთვის: თუკი მოზარდი პროდუქტების შეძენაში ან სადილის მომზადებაში გეხმარებათ, ან სხვა მხრივ შეაქვს თავის წვლილი ოჯახური საქმეების შესრულებაში, დარწმუნდით, რომ არ გამოგრჩათ ამის აღნიშვნა. გამოიყენეთ სპეციფიკური წახალისება, მაგალითად უთხარით:  „რა კარგად შეალაგე პროდუქტი მაცივარში.“

 

    • ჰკითხეთ რჩევა და აზრი: მოზარდებს, როგორც წესი, აქვთ ცოდნა ისეთ საკითხებზე, რომლებშიც შეიძლება მშობელი კარგად ვერ ერკვეოდეს, ეს შეიძლება ეხებოდეს მოდას, ხელოვნებას, ტექნოლოგიას, მუსიკას, პოლიტიკას, სპორტს ან ნებისმიერ სხვა თემას. გაარკვიეთ რისი სწავლება ან გაზიარება შეუძლია თქვენთვის ამა თუ იმ საკითხზე. 

 

    • ჩართეთ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: მოზარდის შეხედულებების მიმართ პატივისცემის გამოხატვის საუკეთესო გზაა მისი მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას, მაგალითად დასვენების ან ქალაქგარეთ გასვლის დაგეგმვა, სახლის საქმეები, ჯიბის ფული, სკოლის შემდგომ არსებული გეგმები და ა.შ. 

 

    • გამოავლინეთ მიმღებლობა შეცდომების მიმართ: სწავლა შეცდომების გარეშე არ არსებობს. შეცდომების დაშვება შეიძლება სახლის, სკოლის, მეგობრებისა ან ნებისმიერ სხვა გარემოცვაში მოხდეს. მოერიდეთ საკუთარი ან მოზარდის მიერ დაშვებული შეცდომების კატასტროფიზაციას. ისაუბრეთ საკუთარ შეცდომებზე და შექმენით ისეთი ატმოსფერო, სადაც მოზარდს ექნება განცდა, რომ შეცდომების დაშვება, მათი განხილვა და მათ საფუძველზე სწავლა, უსაფრთხო და მისაღებია.  

 

    • ხაზი გაუსვით პროცესის და არა მხოლოდ საბოლოო შედეგის მნიშვნელობას: ნებისმიერი ცვლილების დანერგვა ან მიზნის მიღწევა დროს მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოზარდი წავახალისოთ არა მხოლოდ საბოლოო შედეგისთვის, არამედ გამოვლენილი ძალისხმევისთვის. პროგრესისა და ძალისხმევის წახალისება თავდაჯერებულობის ზრდას უწყობს ხელს. 

 

    • დაეხმარეთ საკუთარი მახასიათებლების პოზიტიური კუთხით დანახვაში: ზოგიერთი პიროვნული მახასიათებელი, მაგალითად სენზიტიურობა, შეიძლება აღქმული იქნას არა მხოლოდ როგორც პრობლემა, არამედ როგორც ძლიერი მხარე, რომელიც მოზარდს შესაძლოა გარშემომყოფების ემოციების უკეთ გაგებასა და თანაგრძნობაში ეხმარებოდეს.

 

    •  აგრძნობინეთ, რომ მის მიმართ გაქვთ პოზიტიური, თუმცა არა პერფექციონისტული მოლოდინები: თუკი მოზარდისგან მხოლოდ რაიმე ცუდის გაკეთებას ველით, დიდი ალბათობით სწორედ ეს მოლოდინები გამართლდება. თუმცა ნეგატიური მოლოდინების საპირისპირო საუკეთესოს მოლოდინი სულაც არ არის!  მშობლები, რომლებიც შვილებისგან სრულყოფილებას ელიან, როგორც წესი, იმედგაცრუების რისკის ქვეშ დგანან. ასეთი მოლოდინები თავად მოზარდსაც უჩენს ეჭვებსა და შიშს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების მიმართ.

 

    • გამოხატეთ ნდობა მოზარდის გადაწყვეტილებების მიმართ: როდესაც მშობელი გამოხატავს ნდობას მოზარდის მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ, ეს მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება. ეცადეთ გონივრულობის ფარგლებში, პატივი სცეთ მოზარდის გადაწყვეტილებებს ჩაცმულობასთან, მეგობრების არჩევასთან, სამომავლო გეგმებთან და თავისუფალი დროის გატარებასთან დაკავშირებით.  

 

Spread the love

Tell us what you think