ლექსიკური მარაგის გამდიდრება

ლექსიკონის ერთ-ერთი განმარტება შემდეგნაირად ჟღერს: „ სიტყვები, რომლებიც ნაცნობია კონკრეტული პიროვნებისთვის.“ ამერიკელი განმანათლებლის, ედგარ დეილის (1965) თანახმად, კონკრეტული სიტყვის ცოდნა,  4 სხვადასხვა დონით შეიძლება შეფასდეს. ესენია:
I დონე: პიროვნებას არასდროს წაუკითხავს ან სმენია კონკრეტული სიტყვა.
II დონე: წაუკითხავს ან სმენია სიტყვა, მაგრამ არ იცის მისი მნიშვნელობა.
III დონე: აქვს ზოგადი წარმოდგენა სიტყვის მნიშვნელობის შესახებ, შეუძლია დააკავშიროს იგი რომელიმე ცნებას ან კონტექსტს.
IV დონე: კარგად ესმის სიტყვის მნიშვნელობა, შეუძლია მისი განმარტება და გამოყენება.
ბავშვებს როგორც წესი ყოველდღიურად უწევთ ახალ სიტყვებთან შეხება და მათი ცოდნაც ზემოთ აღწერილი დონეების მიხედვით პროგრესირებს.
მასწავლებლები და მშობლები ხშირად მოუწოდებენ ბავშვებს უცხო სიტყვების განმარტების ლექსიკონში მოძებნისკენ. მართალია ლექსიკონის გამოყენება სასარგებლო უნარია, თუმცა ლექსიკური მარაგის გამდიდრებისთვის არც თუ ისე ეფექტურ სტრატეგიას წარმოადგენს, რადგან სიტყვის განმარტება ზოგჯერ ბავშვისთვის უცნობ სიტყვებს შეიცავს, ზოგიერთი სიტყვა კი სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია.  ეს ყველაფერი ართულებს სიტყვის სწორი მნიშვნელობის დადგენას და იმის გაგებას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება წინადადებაში. იმისათვის, რომ ზემოთ აღწერილი ოთხი სხვადასხვა დონე ბავშვმა წარმატებით გაიაროს, სასურველია ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ქვემოთ მოცემული სტრატეგიებით ვიმუშაოთ:
მრავალჯერადი ექსპოზიცია - რაც უფრო ხშირად და სხვადასხვა კონტექსტში გხვდება სიტყვა, მით უფრო მეტია მისი მნიშვნელობის წვდომისა და დამახსოვრების ალბათობა. სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვების უმრავლესობისთვის, ერთ-ერთი პირველი სიტყვა, რომელთა მნიშვნელობასაც ეუფლებიან, არის „არა“ და „გაჩერდი.“ მშობლები აღნიშნულ სიტყვებს ხშირად ავტომატურად იყენებენ და როგორც წესი მაშინ, როდესაც სურთ ბავშვმა რაიმე არასასურველი მოქმედება შეწყვიტოს.
მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ღიად არასოდეს განმარტავს იმას, თუ რას ნიშნავს „არა“ ან „გაჩერდი“, ბავშვები მაინც სწავლობენ მათ მნიშვნელობას, რადგან აღნიშნული სიტყვები განმეორებითად ესმით, სხვადასხვა კონტექსტში და კონკრეტული მოქმედებებთან და სახის გამომეტყველებასთან კომბინაციაში.  გამოიყენეთ აღნიშნული მიდგომა უფრო ფორმალური ლექსიკონის გამდიდრებისთვისაც. ახალი სიტყვის წაკითხვის ან გაგონებისას,  გააკეთეთ ჩანაწერები თქვენი შვილისთვის. განათავსეთ ისინი თვალსაჩინო ადგილას და მოუწოდეთ ოჯახის წევრებს, მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაშ გამოიყენონ აღნიშნული სიტყვა სხვადასხვა წინადადებაში.  შეგიძლიათ აწარმოოთ ქულების აღრიცხვაც და მიუთითოთ, ოჯახის რომელმა წევრმა დააგროვა შეინარჩუნოთ ქულა ბარათის უკანა მხარეს თითოეული ადამიანის სახელის დაწერით, ვინც წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას.

თვალსაჩინო მასალა- აჩვენეთ ბავშვს სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნახატი ან ილუსტრაცია. ასეთ შემთხვევაში ბავშვი შეძლებს მისი მნიშვნელობა კონკრეტულ ხატს დაუკავშიროს. როგორც მრავალი კვლევის მონაცემი მიუთითებს, ტექსტის გააზრების უნარი მჭიდრო კავშირშია წაკითხული ინფორმაციის მენტალური ხატებად გარდაქმნასთან, ამიტომ ყოველთვის როდესაც ბავშვს კონკრეტული სიტყვის გაცნობისას, მის შესაბამის თვალსაჩინო მასალას ვაწვდით, იგი ქმნის გარკვეულ „ფონდს“ რომელიც მომავალში სიტყვის განმეორებით მოსმენისას შეუძლია გამოიყენოს.

თამაშები- ახალი სიტყვების სწავლება სხვადასხვა თამაშის გამოყენებითაც შეიძლება. დაამზადეთ სპინერი, ამისათვის დაგჭირდებათ ფანქარი და ქაღალდის სკრეპი. (დეტალური ვიდეო ინსტრუქციის ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=RtZBx_wYs9Q). შეარჩიეთ რომელიმე სიტყვა (მაგალითად წაკითხული მოთხრობიდან ან საინფორმაციო ტექსტიდან) შემდეგ კი სპინერის საშუალებით გადაწყვიტეთ რა დავალებას შეასრულებთან მასთან მიმართებაში- შეგიძლიათ სცადოთ აღნიშნული სიტყვის განსახიერება, მისი გამოყენებით წინადადების შედგება, დახატვა, სინონიმის ან ანტონიმის დასახელება და სხვა. შეგიძლიათ აღრიცხოთ თითოეული მოთამაშის მიერ დაგროვილი ქულები.

Spread the love

Tell us what you think