დღის რეკომენდაცია: მიეცით თქვენს შვილს არჩევანის უფლება
ოჯახის წევრებსა და ბავშვს შორის არსებული მჭიდრო კავშირი ბუნებრივი და უნიკალურია. ხშირად ეს სიახლოვე საშუალებას გვაძლევს, წინასწარ, სიტყვების გარეშეც კი გამოვიცნოთ ბავშვის საჭიროებები და სურვილები. თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვისთვის ყველაფრის წინასწარ, მყისიერად შეთავაზებამ, შესაძლოა უნებლიეთ შეამციროს მისი ყოველდღიური საჭიროება — თავად გამოიყენოს და ივარჯიშოს კომუნიკაციური, ენობრივი და მეტყველების უნარების პრაქტიკაში.
ბავშვის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ბუნებრივი გზა მისთვის არჩევანის შესაძლებლობის მიცემაა. იმის ნაცვლად, რომ სასურველი საგანი ან აქტივობა წინასწარი დიალოგის გარეშე შევთავაზოთ, შეგვიძლია შევქმნათ მარტივი ალტერნატივები (არჩევანი ორ ვარიანტს შორის). ეს მიდგომა ბავშვს უბიძგებს, აქტიურად და დამოუკიდებლად ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღებაში და გამოიყენოს თავისი საკომუნიკაციო რესურსი სურვილის გამოსახატად.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღებით მოვეკიდოთ და წავახალისოთ ბავშვის მხრიდან გამოხატული კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ჟესტები, თითით მითითება, მზერითი კონტაქტი, ფიქსაცია, საგნის ჩვენება თუ სხეულის პოზის ცვლილება.
როდესაც ბავშვი საუბრის ნაცვლად კომუნიკაციის ამ ალტერნატიულ ფორმებს იყენებს, სასურველია ვუპასუხოთ მას ისევე ბუნებრივად, როგორც მეტყველების შემთხვევაში: გავახმოვანოთ მისი არჩევანი და ვაჩვენოთ, რომ მისი გზავნილი მიღებული და გაგებულია.
მაგალითად:
- „კუბიკებით თამაში გირჩევნია თუ საპნის ბუშტები?“ (თუ ბავშვი ჟესტით მიგითითებთ საპნის ბუშტებზე, შეგვიძლია ვუპასუხოთ: „ბუშტები გირჩევნია, გასაგებია, მოდი, ერთად გავბეროთ!“).
- „ვაშლი გირჩევნია თუ ბანანი?“ (თუ ბავშვი ბანანისკენ გაიწვდის ხელს, შეგვიძლია გავახმოვანოთ მოქმედება: „ბანანი აირჩიე, აი, ყვითელი ბანანი“).
- „ლურჯი მაისური ჩავიცვათ თუ წითელი?“ (თუ ბავშვი მზერით ან სხეულის მოძრაობით გამოხატავს ინტერესს წითელი მაისურის მიმართ, შეგვიძლია დავუდასტუროთ: „წითელი გირჩევნია, ძალიან გიხდება წითელი!“).
ყოველდღიურ აქტივობებშ ბავშვისთვის არჩევანის შესაძლებლობის შეთავაზება და მისი ნებისმიერი საკომუნიკაციო მცდელობის აღიარება ეხმარება მას, თანდათანობით, მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გზით, სრულფასოვნად გამოხატოს საკუთარი სათქმელი და თავი პროცესის აქტიურ მონაწილედ იგრძნოს.
Tell us what you think