როგორ ვასწავლოთ ბავშვს თასმის შეკვრა?
დამოუკიდებლად ჩაცმის ერთ-ერთ ყველაზე რთულ კომპონენტს შესაკრავებით მანიპულირება წარმოადგენს, როგორიცაა ღილების, ელვისა და თასმების შეკვრა. დაახლოებით 4 წლიდან ბავშვები ავლენენ თასმის შეკვრასთან დაკავშირებულ ინტერესსა და მზაობის ნიშნებს. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, თუ რამდენად შეუძლია ბავშვს მარტივი ინსტრუქციების შესრულება, როგორ ახერხებს პატარა ზომის ნივთების გამოყენებას და აქვს თუ არა ახალი უნარის სწავლის სურვილი. უპირველეს ყოვლისა, დააკვირდით ამ ნიშნებს და სწორედ მათი გამოვლენის შემთხვევაში შეგიძლიათ აქტიურად წაახალისოთ თასმის დამოუკიდებლად შეკვრა.
ამ უნარზე მუშაობისას შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ ინსტრუქციებს:
- დაიწყეთ მაგიდასთან: უმჯობესია, თუ ვარჯიშს დაიწყებთ არა ფეხზე, არამედ მაგიდაზე. ამისთვის შეგიძლიათ მაგიდაზე მოათავსოთ ბავშვის ფეხსაცმელი ან მუყაოსგან გამოჭრათ ფეხსაცმლის ფორმა, რომელსაც ერთად გააფორმებთ და თასმებს გაუყრით.
- შეარჩიეთ სწორი მასალა: ვარჯიში დაიწყეთ შედარებით სქელი ან/და მყარი თასმით, რადგან მათი გამოყენება უფრო მარტივია. ბავშვებისთვის სახალისოა ამ პროცესში „ბუსუსებიანი მილების“ გამოყენებაც.
- მიჰყევით ერთ მეთოდს: თასმის შეკვრის სწავლისას აირჩიეთ ერთი კონკრეტული ტექნიკა. უმჯობესია, ბავშვმა ჯერ ერთი მეთოდი აითვისოს კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ სხვებზე.
- გამოიყენეთ ფერები: კარგი იქნება ორი სხვადასხვა ფერის თასმის გამოყენება (ერთმანეთზე გადაბმით). ეს ბავშვს უადვილებს მარჯვენა და მარცხენა მხარის ერთმანეთისგან გარჩევას.
- დაყავით ნაბიჯებად: დაშალეთ აქტივობა პატარ-პატარა მონაკვეთებად. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ მას შემდეგ გადადით, რაც ბავშვი წინა ქმედებაში დახელოვნდება.
- ვიზუალური მიმანიშნებლები: გამოიყენეთ ბარათები ან ფოტოები, რომლებზეც მკაფიოდ არის ასახული თასმის შეკვრის თითოეული ნაბიჯი.
გახსოვდეთ, რომ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზოგიერთმა შესაძლოა შედარებით გვიან ასაკში გამოხატოს ინტერესი და მზაობა. უშუალოდ თასმის შეკვრის სწავლამდე შეგიძლიათ ყოველდღიურობაში ჩართოთ სხვადასხვა თამაში თუ აქტივობა, რომელიც ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მანამდე კი, დამოუკიდებლობის წასახალისებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმელები ფხრიწიანი შესაკრავებით, რომლებსაც ბავშვი მარტივად შეიკრავს სხვისი დახმარების გარეშე.
Tell us what you think