ბედნიერი ბავშვობის საფუძველი - ბაზისური ემოციური საჭიროებები
მშობლებს ხშირად უჩნდებათ ბავშვის აღზრდასთან დააკავშირებული შეკითხვები.
- როგორ მოვექცე ჩემს შვილს, რომ იგი ბედნიერი, ლაღი და თავდაჯერებული იყოს?
- როგორ დავეხმარო, რომ თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობების დაამყარება შეძლოს?
- რა ტიპის მხარდაჭერაა საჭირო ჩემი მხრიდან, რომ ბავშვმა საკუთარი პოტენციალის გამოვლენა შეძლოს?
ამ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად ბავშვზე მხოლოდ ფიზიკური და მატერიალური ზრუნვა საერთოდაც არ არის საკმარისი. ფიზიკური საჭიროებების, როგორებიცაა მაგალითად - კვება, ძილი, ტანსაცმელი და ა.შ. პარალელურად, დაბადების პირველივე წუთიდან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ბავშვის ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. სპეციალისტები ასეთ მოთხოვნილებებს ბაზისურ ემოციურ საჭიროებებსაც უწოდებენ. მათი დაკმაყოფილება არ მოითხოვს მატერიალურ დანახარჯს უფროსების მხრიდან და მხოლოდ ურთიერთობის ხარისხით გამოიხატება.
კონკრეტულად რა ემოციური საჭიროებებზეა საუბარი?
- უსაფრთხო მიჯაჭვულობა - სითბოს, სიყვარულის, სტაბილურობისა და უპირობო მიმღებლობის მოთხოვნილება. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ გარემო საიმედოა; რომ იგი უყვართ და აფასებენ სწორედ ისეთს, როგორიც არის; რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიქცევა ბავშვი, მშობელი მის გვერდით არის და საჭირო დროს დაეხმარება.
- ავტონომიურობა, კომპეტენტურობის განცდა და თვითიდენტობა - დამოუკიდებლობის განვითარების, საკუთარი ძალების რწმენის და საკუთარი თავის მკაფიო შეგრძნების მოთხოვნილება.
- საკუთარი მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის თავისუფლება – მოთხოვნილება იმის, რომ ბავშვმა ღიად გამოხატოს საკუთარი ემოციები და სურვილები უარყოფის ან სირცხვილის და შიშის განცდების გარეშე.
- სპონტანურობა და თამაში – მოთხოვნილება ჩაერთოს თამაშში სიამოვნების მიღებისთვის, ბავშვურად, მხიარულად და კრეატიულად; მიიღოს და გამოხატოს დადებით ემოციები, იყოს სპონტანური და თავისუფალი მოქმედებებში.
- რეალისტური საზღვრები და თვითკონტროლი – მკაფიო, თანმიმდევრული და ადეკვატური საზღვრების ქონის მოთხოვნილება (პოზიტიური წესები, მოლოდინების განსაზღვრა და ა. შ.), რომლებიც ასწავლის ბავშვს პასუხისმგებლობას, თვითდისციპლინას და სხვებისა და საკუთარი თავის პატივისცემას.
მშობლის მთავარი ამოცანაა, შექმნას გარემო, სადაც ბავშვი იგრძნობს სიყვარულს, ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, თავისუფლებას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. გარემო, რომელიც ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, არა მხოლოდ ბედნიერი ბავშვობის, არამედ მომავალი კეთილდღეობის საფუძველია.
Tell us what you think