რა სარგებელი მოაქვს კოსტიუმირებულ თამაშს ბავშვებისთვის?

Portrait of playful children laughing

 ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ხალისით ირგებს  კოსტიუმებს, განასახიარებს რეალურ თუ წარმოსახულ პერსონაჟებს და ახდენს სხვადასხვა სიტუაციის გათამაშებას. სხვა ტიპის წარმოსახვითი თამაშების მსგავსად, კოსტიუმირებულ თამაშსაც გართობისა და დადებითი ემოციების გარდა, ბავშვებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, ესენია:

 

  • სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება: სხვადასხვა როლისა და სიტუაციების გათამაშებით, ბავშვებს შეუძლიათ ემოციათა ფართო სპექტრი გამოსცადონ, მაგალითად შიში, გაკვირვება, დარდი და სხვა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია, ემოციათა გადამუშავება და ემოციების გამოხატვაც ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში ხორციელდება, ეს კი ემოციურ განვითარების უწყობს ხელს. გარდა ამისა, რომელიმე პერსონაჟის როლის მორგება, მისი პერსპექტივიდან მოვლენების დანახვასაც მოითხოვს, სწორედ ამიტომ ბევრი ავტორი მიიჩნევს რომ მსგავსი ტიპის თამაშები ბავშვებში სხვების ემოციების გაგებისა და თანაგრძნობის უნარის განვითარებისთვისაც სასარგებლოა.
  • მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარება: კოსტიუმის შესაბამისი როლის მორგება, ხშირად შემთხვევაში კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზეოლოგიის დაუფლებასაც მოითხოვს, რაც ბავშვს ლექსიკური მარაგის გამდიდრებისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს ხშირად უფრო უმარტივდებათ თანატოლებთან საუბრის წამოწყება და მეგობრული ურთიერთობების დამყარება.
  • თავდაჯერებულობის მატება: კოსტიუმში გამოწყობა ხშირად ეხმარებათ მომატებული შფოთვის მქონე ან სიმორცხვით გამორჩეულ ბავშვებს უკეთ იგრძნონ თავი თანატოლების გარემოცვაში და მეტად ჩაერთოთ სხვადასხვა თამაშში.  
  • შემეცნებითი უნარების განვითარება: განსახიერებული პერსონაჟის შესაბამისად, ბავშვებს უწევთ სხვადასხვა წარმოსახვითი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა,  პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება- ეს კი შემეცნებითი უნარების სტიმულირების ერთ-ერთი ეფექტური გზაა.
  • მოძრაობასთან დაკავშირებული უნარების განვითარება: კოსტიუმის მორგება, მათ შორის მისი ღილების ან თასმების შეკვრა-გახსნა, ნატიფ მოტორულ უნარებს მოითხოვს, გარდა ამისა, ზოგიერთი პერსონაჟის განსახიერებისთვის მხოლოდ კოსტიუმის ჩაცმა არ კმარა და საჭიროა მისთვის დამახასიათებელი მოძრაობების იმიტაციაც, მაგალითად ცეკვა ან რომელიმე საბრძოლო ილეთის შესრულება- ეს კი ბავშვის მოძრაობასთან და კოორდინაციასთან დაკავშირებული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
  • წარმოსახვის უნარის განვითარება: სხვა ადამიანად თავის წარმოდგენა ბავშვის ფანტაზიის ჩართულობას მოითხოვს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის თამაშებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებული კოსტიუმების შეძენა. მოიძიეთ სახლში სხვადასხვა ნივთი ან აქსუსუარი, მაგალითად ქუდები, ხელთათმანები, სხვადახვა ზომის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დიდი ზომის ნაჭერი, ჰალსტუხი, წინდები,სამკაულები, ქოლგა და სხვა. ჩაალაგეთ ისინი კალათში და შესთავაზეთ ბავშვებს ამოირჩიონ მათთვის სასურველი ნივთები და თავად შექმნან მათი გამოყენებით კოსტიუმი მათი. ასეთი ტიპის აქტივობა იძლევა იმპროვიზაციის საშუალებას და უკვე მზა კოსტიუმებზე მეტად უწყობს ხელს შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვითი უნარების განვითარებას.
Spread the love

Tell us what you think