ბავშვები და შინაური ცხოველები
როგორც სხვადასხვა კვლევის მონაცემები მიუთითებს, ბავშვების 90 % გამოთქვამს სურვილს იყოლიოს რომელიმე შინაური ცხოველი. მშობლებიც ხშირად ინტიუციურად გრძნობენ, რომ ცხოველებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება მათი შვილებისთვის. ამ შეხედულებას მართლაც ამყარებს სხვადასხვა კვლევის მონაცემები. ქვემოთ ჩამოთვლილია ის დადებითი შედეგები, რომლებიც შეიძლება ახლდეს შინაური ცხოველის ყოლის გამოცდილებას:
- ასწავლის ბავშვებს პასუხისმგებლობას და ზრდის მათში თავდაჯერებულობას: ჩართულობა ცხოველზე ზრუნვის, მისი კვების, დასუფთავების ან თუნდაც გასეირნების პროცესში, ბავშვისგან პასუხისმგებლობის გამოვლენას მოითხოვს, ამ დავალებებთან წარმატებით გამკლავება კი თავის მხრივ მათში თვითეფექტურობის განცდას აძლიერებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 10 წლამდე ბავშვების უმეტესობისთვის რთულია დამოუკიდებლად ისეთი ზომის ცხოველების მოვლა, როგორიცაა ძაღლი ან კატა და შესაძლოა დასჭირდეთ ხშირი შეხსენება, რომ ადამიანების მსგავსად, ცხოველისთვისაც აუცილებელია საკვები, წყალი და მოძრაობა. ამასთან გახსოვდეთ, რომ ბავშვები ქცევების დიდ ნაწილს ზრდასრულებზე, მათ შორის მშობლებზე დაკვირვებით სწავლობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია თავად მისცეთ ცხოველზე შესაფერისი ზრუნვის მაგალითი.
- ახდენს ცხოვრების ჯანსაღი სტილის წახალისებას: ძაღლების პატრონ ოჯახებში, ბავშვები ხშირად თანატოლებზე მეტი ფიზიკური აქტიურობით გამოირჩევიან და ეკრანებთანაც ნაკლებ დროს ატარებენ.
- ეხმარება სწავლაში: ბავშვები შინაურ ცხოველებისგან კრიტიკას ნაკლებად ელიან, ამიტომ ხშირად მზად არიან სწორედ მათი თანდასწრებით წაიკითხონ წიგნი, რაც კითხვის სირთულის მქონე ბავშვების შემთხვევაში განსაკუთრებით სასარგებლოა.
- დადებითად აისახება ემოციურ მდგომარეობაზე: ბავშვების დიდი ნაწილი ნაკლებად მარტოსულად გრძნობს თავს და უკეთ უმკლავდება შფოთვას შინაური ცხოველის გარემოცვაში.
გაითვალისწინეთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე, უჭირთ საკუთარი იმპულსების მართვა და შინაური ცხოველთან ურთიერთობისას საჭიროებენ მუდმივ მეთვალყურეობას. უფრო მოზრდილი ბავშვების უმრავლესობა დადებით ემოციებს გამოხატავს ცხოველების მიმართ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი ავლენს უხეშ ან ზოგჯერ სასტიკ ქცევებს ამა თუ იმ ცხოველის მიმართ. თუკი ცხოველისადმი მსგავს მოპყრობას აქვს განმეორებითი ხასიათი, ეს როგორც წესი ფსიქო-ემოციური სირთულეების არსებობაზე მიუთითებს და რეკომენდებულია დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართოთ სპეციალისტს.
Tell us what you think