როგორ დავეხმაროთ ბავშვს შფოთვასთან გამკლავებაში

close-up-sad-kid

მაღალი შფოთვის მქონე ბავშვები არაერთგვაროვან კატეგორიას წარმოადგენენ და მათ მხარდაჭერის გზები ხშირად კონკრეტულ სირთულესა და სიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა ქვემოთ მოცემული ზოგადი რეკომენდაციები გამოსადეგია ბავშვების უმეტესობის შემთხვევაში: 

  • გახსოვდეთ, რომ შფოთვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ამიტომ მიზანი მისი სრულად გაქრობა ვერ იქნება. ამის ნაცვლად ბავშვს მისი შემცირება და მასთან ეფექტური გამკლავება უნდა ვასწავლოთ.
  • შფოთვის გამომწვევი სიტუაციებისთვის თავის არიდება, ამრიდებლური ქცევების დასწავლას და განმტკიცებას უწყობს ხელს. თუკი თავს შეიკავებთ ბავშვის წვეულებებზე ტარებისგან, მხოლოდ იმიტომ რომ მას როგორც წესი ახალი ადამიანების გაცნობა ერიდება, ამით მხოლოდ მოკლევადიანად დაეხმარებით, გრძელვადიანი თვალსაზრისით კი მეტად გაუმყარებთ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი სიტუაციები მართლაც სახიფათოა. 
  • აუხსენით ბავშვს, რომ შფოთვისა და შიშის გადალახვის საუკეთესო გზა, ხშირად მათ გამომწვევ სიტუაციასთან მიახლოვებაა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი შფოთვის დონე გარკვეულ მრუდს მიჰყვება, შეიძლება სრულად არ გაქრეს, მაგრამ როგორც წესი დროთა განმავლობაში შემცირდება. ხაზი გაუსვით იმას, რომ შფოთვის გამომწვევ სიტუაციებთან მიახლოვება გამბედაობას მოითხოვს და შეაქეთ ბავშვი მისი მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისთვის.
  • შფოთვას როგორც წესი წინ სიტუაციის ნეგატიური შეფასებები უსწრებს. ესაუბრეთ ბავშვს და გაარკვიეთ, კონკრეტულად რისი ეშინია და რაზე ღელავს იგი. საუბრის პროცესში შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ბავშვის შფოთვა სრულიად არარეალისტურ სცენარს უკავშირდება, თუმცა მნიშვნელოვანია რომ მზა პასუხების მიწოდების ნაცვლად, თავად მისცეთ სიტუაციაზე მსჯელობის და მისი გაანალიზების საშუალება. 
  • მაღალი შფოთვის მქონე ბავშვების უმეტესობაზე დამამშვიდებლად მოქმედებს კონკრეტული სამოქმედო გეგმის არსებობა,  მაგალითად, შეიძლება გაარკვიოთ, რომ ბავშვი დაბადების დღეზე თქვენს გარეშე დარჩენას თავს იმიტომ არიდებს, რომ ღელავდეს იმაზე, თუ რა ბედი ეწევა თქვენი დაგვიანების შემთხვევაში. ჰკითხეთ მისი აზრით რა მოხდება თუ დაგაგვიანდებათ, შემდეგ კი იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს ასეთ შემთხვევაში, მაგალითად შეუძლია იუბილარის მშობელს უთხრას რომ მისთვის ჯერ არ მოუკითხავთ, დაგირეკოთ ან დაბადების დღის ცენტრის შესასვლელში დაელოდოს თქვენს მოსვლას.
  • გახსოვდეთ, რომ ბავშვები ბევრ რამეს გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით კი მშობლებზე დაკვირვებით სწავლობენ. როდესაც შფოთვის გამომწვევ სიტუაციაში ცდილობთ ერთი მხრივ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ამავე დროს, გაქცევისა და თავის არიდების ნაცვლად, პრობლემის გადაჭრას ცდილობთ, ამით ბავშვსაც შფოთვასთან გამკლავების დადებით მაგალითს აძლევთ. 

 

გახსოვდეთ, რომ თუკი შფოთვა ხელს უშლის ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასურველია დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართოთ სპეციალისტს.  

 

Spread the love

Tell us what you think