როგორ ვასწავლოთ ბავშვს რომ არ იყოს ბულინგის პასიური დამკვირვებელი

front-view-boy-being-bullied-by-colleague

ბულინგი, იგივე ჩაგვრა, ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდისათვის დამახასიათებელი მოვლენაა, რომელსაც ყველა ადამიანი ერთხელ მაინც შესწრებია. როგორც სტატისტიკა და გამოცდილება გვიჩვენებს, ბულინგის შემთხვევებზე სათანადო რეაგირების არმოხდენა, როგორც წესი, მის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ ბულინგის შემთხვევებზე რეაგირების შესაბამისი გზები, ამაში კი ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, ბავშვთან ერთად განსაზღვრეთ რა არის ბულინგი და რა ფორმით შეიძლება ვლინდებოდეს იგი. ნათლად აუხსენით, რომ ბულინგი შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკური ჩაგვრის, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფის სახით, რიგ შემთხვევებში კი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანის გარიყვის, მისი რეპუტაციის შელახვის და სოციალურ იზოლაციისკენ. მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითებიც. თუ ბავშვს შეეძლება ბულინგის ამოცნობა, მას შეეძლება ჩარევა და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების თხოვნაც.
ერთად იმსჯელეთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბულინგს. ისაუბრეთ იმ უარყოფით გავლენაზე, რაც ბულინგს აქვს მჩაგვრელსა თუ დაჩაგრულზე. დაეხმარეთ ბავშვს გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩარევა ან უფროსისგან დახმარების თხოვნა, ასევე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს არ ჩარევას და შეუტყობინებლობას. 
ასწავლეთ ბავშვებს, რომ თუკი მათთვის ცნობილი გახდა, რომ რომელიმე თანატოლი ბულინგის მსხვერპლია, ამ ინფორმაციის დამალვა დაუშვებელია. აუხსენით მათ დაბეზღებასა და ინფორმირებას შორის განსხვავება. ამისათვის, განიხილეთ კონკრეტული შემთხვევები და განსაზღვრეთ რასთან გაქვთ საქმე - დაბეზღებასთან თუ ინფორმირებასთან. სთხოვეთ, გაიხსენონ შემთხვევა, როდესაც ვიღაც მოიქცა, როგორც მაბეზღარა და შემთხვევა, როდესაც ვიღაც უფროსის ინფორმირებით მეგობარს დაეხმარა. შეგიძლიათ მაგალითად მოიყვანოთ ბავშვის საყვარელი პერსონაჟებიც. მაგალითად, გაიხსენოთ როგორ გამოექომაგა ჯინი უიზლი ჰარი პოტერს, როდესაც დრაკო მის დაჩაგვრას ცდილობდა.
ასწავლეთ როგორ აღუდგეს წინ მჩაგვრელს. ამისათვის, ერთად მოიფიქრეთ და როლური თამაშის მეშვეობით გაივარჯიშეთ, რა შეიძლება უთხრას მჩაგვრელს. ურჩიეთ, რომ გამოიყენოს მშვიდი, მაგრამ მტკიცე ტონი და არაშეურაცხმყოფელი სიტყვები. მაგალითად: „გაჩერდი, უსამართლოდ იქცევი!“, „არ არის სასაცილო! შეიძლება რამე ატკინო.“, „შენ რომ ასე გექცეოდეს ვინმე, მოგეწონებოდა?“. თუ ბავშვი თავს არ გრძნობს სათანადოდ უსაფრთხოდ ან კომფორტულად რომ მჩაგვრელს გამოელაპარაკოს, ან ფიქრობს რომ მარტო ვერ გაუმკლავდება სიტუაციას, ასწავლეთ როგორ მიმართოს სხვა დამკვირვებლებს „ასე ხომ არ ვიდგებით და ვუყურებთ?!“, „წავიდეთ და მასწავლებელს დავუძახოთ“. 
ასწავლეთ რომ არ გახდეს ბულინგის მონაწილე. აუხსენით ბავშვს, რომ არ შეჩერდეს მხოლოდ საყურებლად ან მოერიდოს სიცილს, თუ ბულინგის ფაქტს შეესწრება, რადგან მაყურებლის ყურადღება და სიცილი, როგორც წესი, ამწვავებს მჩაგვრელის ქცევას. ასევე, ასწავლეთ ბავშვს, რომ თუ სხვა ბავშვის შესახებ განგებ გავრცელებული უარყოფითი შინაარსის ინფორმაცია მის ყურამდეც მიაღწევს, გავრცელების ნაცვლად, აუხსნას სხვა ბავშვებს, რომ ზურგსუკან საუბარი არასწორია. 
ასწავლეთ მსხვერპლის მხარდაჭერა. თუ ბავშვი, ამა თუ იმ მიზეზით, ვერ ახერხებს უშუალოდ ჩაგვრის მომენტში ჩარევას, აუხსენით, რომ ბულინგის მსხვერპლის შემდგომი მხარდაჭერაც ასევე მნიშვნელოვანია. ასწავლეთ, რომ მივიდეს დაჩაგრულთან და მიმართოს მეგობრულად, მაგალითად „ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, როგორ ხარ?“ ან „ეს უსამართლობა იყო, ასეთი რამ არ დაგიმსახურებია“. 
და ბოლოს, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და თავად მიეცით მაგალითი თუ როგორ აღუდეს წინ ჩაგვრას და უსამართლობას.

Spread the love

Tell us what you think