რატომ ბრაზდება ზოგიერთი ბავშვი სხვებზე ადვილად?
ბრაზი ერთ-ერთი უნივერსალური ემოციაა, რომელიც ევოლუციის პროცესში წარმოიშვა და ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც. თუმცა, არსებობს თვალშისაცემი ინდივიდუალური განსხვავებებიც. ზოგიერთი ბავშვი თანატოლებთან შედარებით უფრო მარტივად ბრაზდება და მეტი სიმძაფრით გამოხატავს საკუთარ ემოციებს, თუმცა არ არის აუცილებელი ბრაზს ჩხუბი ან ყვირილიც ახლდეს თან, ზოგ შემთხვევაში გაბრაზება საკუთარ თავში ჩაკეტვით და განმარტოვებითაც შეიძლება გამოიხატოს.
- გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები:
ბავშვების ნაწილი დაბადებიდანვე მეტადაა მიდრეკილი გაღიზიანებადობისა და მარტივად გაბრაზებისკენ.
- სოციო-კულტურული ფაქტორები: ბევრ საზოგადოებაში ბრაზი მიუღებელ და ცალსახად ნეაგატიურ ემოციადაა მიჩნეული, რომლის დაძლევის საუკეთესო გზად, მისი სრული დათრგუნვა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სხვა ემოციებისგან განსხვავებით ნაკლები აქცენტი კეთდება ბრაზის მისაღები ფორმით გამოხატვის გზების სწავლებაზე.
- ოჯახური ფაქტორები: ბავშვებს, რომლებიც ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც ოჯახის წევრები იოლად ბრაზდებიან და უჭირთ ემოციების კონსტრუქციული ფორმით გამოხატვა, თავადაც ბრაზის მართვის სირთულეები აქვთ.
როდისაა ბავშვის სიბრაზე საყურადღებო?
იმ შემთხვევაში თუკი ქვემოთ ჩამოთვლილიდან ვლინდება ერთი ან რამდენიმე ნიშანი, სასურველია დამატებითი კონსულტაციისთვის მიმართო სპეციალისტს:
- ბავშვს, დაახლოებით 7-8 წლის ასაკის შემდგომაც ახასიათებს სიბრაზის ძლიერი გამოვლინებები.
- ბრაზის ემოციის ქვეშ მყოფი ბავშვის ქმედებები საფრთხისშემცველია თავად მისთვის ან გარშემომყოფთათვის.
- ბავშვი ბრაზისა და გაღიზიანების ხშირი შემთხვევების გამო სირთულეები აქვს თანატოლებთან ურთიერთობაში. ისინი თავს არიდებენ მასთან თამაშს, მის დაბადების დღეზე დაპატიჟებას და ა.შ.
- ბავშვს ბრაზის გამო ხელი ეშლება სასწავლო აქტივობებში ჩართულობაში.
- ბავშვის ბრაზი წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებსა და დაძაბულობას ოჯახურ გარემოში.
- ბავშვი განიცდის საკუთარი ემოციების მართვის სირთულეს.
Spread the love
Tell us what you think