შემიძლია თუ არ შემიძლია? -თვითეფექტურობა ბავშვებში

რა არის თვითეფექტურობა?
თვითეფექტურობა, ეს არის ადამიანის რწმენა იმის შესახებ თუ რამდენად შეუძლია კონკრეტული სიტუაციაში კონკრეტული ამოცანის შესრულება. მაგალითად, ერთსა და იმავე სიტუაციაში, ერთ ბავშვს შეიძლება სჯეროდეს, რომ შეძლებს ველოსიპედის გატარებას, მეორეს კი - არა. თვითშეფასებისგან განსხვავებით, რომელიც ზოგადი დამოკიდებულებაა საკუთარი თავის მიმართ, თვითეფექტურობა შეიძლება სიტუაციიდან სიტუაციამდეც შეიცვალოს. მაგალითად, ბავშვს შეიძლება სჯეროდეს რომ მათემატიკაში ძლიერია, მაგრამ მოგვიანებით იფიქროს, რომ გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებს?
რატომაა თვითეფექტურობა მნიშვნელოვანი?
თვითეფექტურობას უდიდესი გავლენა აქვს ბავშვის ქცევაზე. რაიმე დავალების შესრულებისას, მაღალი თვითეფექტურობის მქონე ბავშვები, როგორც წესი, უფრო მეტ ძალისხმევას დებენ და უკეთ უმკლავდებიან გამოწვევებს, დაბალი თვითეფექტურობის მქონე ბავშვები კი ხშირად საერთოდ თავს არიდებენ დავალების შესრულებას.
რა ახდენს გავლენას თვითეფექტურობაზე?
1. პირადი გამოცდილება
წარმატების განცდა ყველაზე ძლიერი წყაროა თვითეფექტურობის ასამაღლებლად. “თუ ერთხელ გამომივიდა, მეორედაც გამომივა” - ფიქრობს ბავშვი.
როგორ დავეხმაროთ:
-
- შექმენით წარმატების მიღწევის შესაძლებლობები ბავშვისათვის, დაიწყეთ მარტივი ამოცანებით და თანდათან გაზარდეთ სირთულის ხარისხი.
-
- დაყავით დიდი მიზნები მცირე ნაბიჯებად, რათა ბავშვმა დაინახოს პროგრესი.
-
- ხაზი გაუსვით დავალების შესრულების პროცესს და ბავშვის მიერ გაწეულ ძალისხმევას და არა მხოლოდ შედეგს.
2. სოციალური მოდელირება
სხვების, განსაკუთრებით კი თანატოლების წარმატების დანახვა ბავშვს აძლევს რწმენას, რომ ისიც შეძლებს იმავეს.
როგორ დავეხმაროთ:
-
- გააცანით ბავშვს ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც დაძლიეს სირთულეები.
-
- გაუზიარეთ სირთულეებთან გამკლავების პირადი გამოცდილება.
-
- წაახალისეთ ისეთი ჯგუფური აქტივობები, სადაც ბავშვები ერთმანეთისგან სწავლობენ.
3. სოციალური დარწმუნება
მშობლების, მასწავლებლების და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების მიერ წახალისება ასევე ზრდის ბავშვის თვითეფექტურობას.
როგორ დავეხმაროთ:
-
- უთხარით, რომ გჯერათ მისი შესაძლებლობების, მაგრამ იყავით გულწრფელი.
-
- ახალი გამოწვევების წინაშე დგომისას, შეახსენეთ, როგორ გაუმკლავდა მსგავს სიტუაციას წარსულში.
-
- კონკრეტულად აღნიშნეთ ის უნარები, რომლებიც ბავშვს უკვე აქვს და რომელიც საჭიროა ცალკეული ამოცანის შესასრულებლად. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ - “თასმის შეკვრა უკვე იცი, შეგიძლია ფეხსაცმელი დამოუკიდებლად ჩაიცვა”.
4. ემოციური მდგომარეობა
გადაჭარბებული შფოთვა და სტრესი ამცირებს თვითეფექტურობას, ხოლო პოზიტიური ემოციური მდგომარეობა ზრდის მას.
როგორ დავეხმაროთ:
- შექმენით უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი შეძლებს ახალი გამოცდილებების შეძენას და საკუთარი თავის გამოცდას.
- ასწავლეთ, რომ შეცდომები სწავლის ნაწილია და არა წარუმატებლობის ნიშანი.
დაეხმარეთ შფოთვასთან გამკლავებაში. შფოთვის მართვის სტრატეგიების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად, გაეცანით ჩვენს სტატიას.
Tell us what you think