სტიჩი - ბავშვი რთული ქცევებით და ოჰანა
დისნეის ანიმაციურ ფილმში „ლილუ და სტიჩი“ არის ერთი ძალიან ემოციური სცენა: როდესაც სტიჩი მის ირგვლივ არსებულ ნივთებს დაამსხვრევს, ამით დიდ ქაოსს გამოიწვევს და ყველას გულდაწყვეტილს დატოვებს, შემდეგ კი მარტო ჯდება და გონებაში ძალიან მტკივნეული ფიქრი უჩნდება - შესაძლოა მისი ადგილი არსად არ არის.
ბევრმა მშობელმა შესაძლოა აღმოაჩინოს მსგავსი განცდა, მაგრამ არა საკუთარ თავში, არამედ საკუთარ შვილში.
ზოგიერთი ბავშვი ჩვენს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოდის. ის უფრო ხმაურიანი და იმპულსურია და გამუდმებით ჩვენს საზღვრებს და მოთმინებას ამოწმებს, ჩვენ ვიღლებით და ჩვეულებრივი დღეებიც კი რთულ დღეებად გადაიქცევიან. როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, გონებაში ერთი კითხვა გვიტრიალებს: რატომ არის ასეთი რთული?
ანიმაციურ ფილმში ჩვენ ვხედავთ, რომ სტიჩი სამყაროს გასანადგურებლად შეიქმნა. ასეთი იყო მისი ისტორია, სანამ მან აღმოაჩინა ოჰანა - ოჯახი. ბევრი ბავშვი, რომელიც რთულ ქცევებს ავლენს, შესაძლოა ამ ქცევის მიღმა დიდ ისტორიას ატარებდეს - დანაკარგს, შიშს, დაბნეულობას, უნარების დეფიციტს, სენსორული გადამუშავების სირთულეს. ისინი ყველაფერს უფრო ძლიერად განიცდიან, ვიდრე ჩვენ.
ჩვენ მარტივად ვხედავთ ქცევებს, მაგრამ გვიჭირს ამოვიცნოთ ის კითხვა, რომელსაც ბავშვი ამ ქცევების მეშვეობით გვისვამს:
აქ უსაფრთხოდ ვარ? ყოველთვის ჩემთან ერთად იქნები რაც არ უნდა გავაკეთო?
თუკი არსებობს ჯადოსნური გასაღები, ეს ნამდივილად იქნება ოჰანა - ოჯახი.
ოჰანა არ ნიშნავს, საზიანო ქცევების უპირობოდ მიღებას. ოჰანა ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს ვტოვებთ ერთმანეთს და ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღებას.
ოჯახში არსებულ სიტუაციას დიდი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე. თუ ოჯახის წევრები ბავშვის ქცევაზე მხოლოდ ბრაზით რეაგირებენ, ბავშვიც უფრო თავდაცვით პოზიციაში გადადის, თუ ოჯახის წევრები მხოლოდ სითბოს გასცემენ ისე, რომ არ აწესებს წესებსა და საზღვრებს, ეს ბავშვში იწვევს დაბნეულობას და დაუცველობის განცდას. მაგრამ თუ ოჯახი აერთიანებს სითბოს, სიყვარულს და საზღვრებს ბავშვი გრძნობს სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
სტიჩის ცვლილება იწყება მაშინ, როდესაც მან ოჯახის წევრად იგრძნო თავი. არა იდეალური მშობლობა, არა იდეალური ქცევები, არამედ მიკუთვნებულობა და მხარდაჭერა.
თუ გყავთ შვილი, რომელიც ავლენს რთულ ქცევებს, ბუნებრივია, რომ იგრძნოთ გადაღლა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი რეაქცია ბავშვის რთულ ქცევაზე ხშირად ბავშვის შინაგან ხმად გადაიქცევა. მაინც რას ნიშნავს ოჰანა?
ოჰანა ნიშნავს, რომ:
- ჩვენ შეიძლება ერთმანეთს შევუსწოროთ რაიმე, მაგრამ არ ვტოვებთ ერთმანეთს მარტო
- ჩვენ ვაწესებთ საზღვრებს, ლიმიტებს, მაგრამ ყოველთვის ერთად ვართ.
- ჩვენ შეიძლება ახლა რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ერთად გადავლახავთ მას.
- ყოველ დღე ერთმანეთს ვეხმარებით, რათა უკეთესი ადამიანები გავხდეთ.
თუ თქვენ ხართ მშობელი, რომელსაც ჰყავს შვილი რთული ქცევებით, გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ.
იმ შემთხვევაში, თუ გიჭირთ ბავშვის რთული ქცევის მართვა ან ხვდებით, რომ ძალიან გადაიღალეთ, აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს ან სხვა შესაბამის სპეციალისტს.
ჩვენ ყველა გავჩნდით იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ოჰანაში!
Tell us what you think