როგორ მოვიქცეთ როდესაც ბავშვი ზედმეტად თვითკრიტიკულია?

Girl bored at the lesson

ბავშვები, ისევე როგორც მოზრდილები, შეცდომის დაშვებისას საკუთარ თავს აკრიტიკებენ, მათ შორის ისეთი ფრაზების გამოყენებით, როგორიცაა  "რა სულელი ვარ", " როგორი უყურადღებო ვარ" და ა.შ. მართალია საკუთარი ქცევის შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ინდივიდს თვითგანვითარებაში ეხმარება, მაგრამ თუკი ასეთ უარყოფითი შინაარსის შეფასებას სისტემატიური ხასიათი აქვს, ეს შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული და სათანადო ყურადღებას საჭიროებდეს გარშემომყოფების მხრიდან, კერძოდ:

    • შავ-თეთრი აზროვნებაბავშვები ზოგჯერ მოვლენებზე მსჯელობისას, “ყველაფერი ან არაფერი” პრინციპით ხელმძღვანელობენ და ერთი მოვლენის მიხედვით, ზოგად დასკვნებს აკეთებენ, მაგალითად თუ ერთხელ ვერ შეძლებენ მათემატიკაში მაღალი ქულის მიღებას, ასკვნიან რომ ეს საგანი საერთოდ არ ეხერხებათ.

 

    • პერფექციონიზმი: ზოგიერთი ბავშვი საკუთარ თავს არეარეალისტურ სტანდარტებს უწესებს, რომელთა დაკმაყოფილებაც შეუძლებელია და შესაბამისად, იწვევს საკუთარი თავის უარყოფით შეფასებას.

 

    • ყურადღების მიქცევა: ზოგჯერ ბავშვების თვითკრიტიკული განცხადებების მიზანი, გარშემომყოფთა მხრიდან დამშვიდების ან/და საწინააღმდეგო შინაარსის განცხადებების მოსმენაა. ბავშვი შესაძლოა ამბობდეს, რომ ცუდად გამოიყურება ან რომ რაიმე არ გამოსდის, მხოლოდ იმიტომ რომ გარშემომყოფებმა მისი გადარწმუნება სცადონ.

 

    • უსიამოვნო სიტუაციებთან გამკლავების უნარის ნაკლებობა: თუკი ბავშვი წარუმატებლობებს გადაჭარბებული თვითკრიტიკით პასუხობს, ეს ზოგჯერ იმაზე მიუთითებს, რომ მას არ აქვს სირთულეებთან გამკლავების სათანადო უნარი და წარუმატებლობის შიშის გამო, თავი აარიდოს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას.

 

    • ბულინგის/ჩაგვრის მსხვერპლი: არის შემთხვევები, როდესაც თვითკრიტიკული დამოკიდებულება გარშემომყოფთა მხრიდან გაკეთებული უარყოფითი კომენტარებიდან მომდინარეობს, რომლებსაც ბავშვები იჯერებენ და საკუთარ თავსაც უმეორებენ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს

    • მოუსმინეთ ბავშვს და მიეცით საკუთარ განცდებზე საუბრის საშუალება: რაც არ უნდა სულელურად ან რეალობასთან შეუსაბამოდ ჟღერდეს ბავშვის განცხადებები, ეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ მათ და მისცეთ საშუალება გაგიზიარონ საკუთარი განცდები.

 

    • შესთავაზეთ რეალისტური ხედვა, ოპტიმისტურის ნაცვლად: იმის ნაცვლად, რომ უთხრათ ბავშვს, “სკოლის პირველ დღეს აუცილებლად ყველას მოეწონები და უამრავ მეგობარს გაიჩენ”, შესთავაზეთ მას უფრო რეალისტური ხედვა, “სკოლის პირველი დღე შეიძლება ცოტა საშიში იყოს, მაგრამ ნელნელა ახალ სკოლას შეეგუები და ალბათ მეგობრებსაც შეიძენ და უფრო მეტად მოგეწონება იქაურობა.”

 

    • დაეხმარეთ სიტუაციის გაანალიზებაში: დაეხმარეთ ბავშვს დაინახოს კავშირი მის აზრებსა და ემოციებს შორის. აუხსენით, რომ ხშირად ჩვენი შეფასებები და არა თავად სიტუაცია განსაზღვრავს ჩვენს ემოციურ მდგომარეობას. სთხოვეთ დაფიქრდეს იმაზე, თუ კონკრეტულად რა იყო მისთვის უსიამოვნო ამა თუ იმ სიტუაციაში, რა იფიქრა ამ დროს და როგორ გამოიწვია მისმა უარყოფითმა აზრებმა, უარყოფითი ემოციები.

დაეხმარეთ ბავშვებს, შეამოწმონ საკუთარი მსჯელობის სისწორე: თუ ერთხელ წაგების შემდეგ, ბავშვი ფიქრობს, რომ ფეხბურთის თამაში არ გამოსდის, დაეხმარეთ მას გააცნობიეროს ეს გამოცდილება უფრო ფართო კონტექსტში და დაინახოს, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაზე დაყრდნობით, არ შეიძლება იმსჯელო იმაზე, თუ რა არ გამოგდის ან გამოგივა მომავალში.

    • იყავით მაგალითი ბავშვისთვის: ნუ გაამახვილებთ ზედმეტ ყურადღებას საკუთარ შეცდომებზე, ამის ნაცვლად, მიეცით ბავშვს საკუთარი თავის უფრო სასურველი ფორმით შეფასების მაგალითი, მაგალითად, თუ რაიმე კერძი არ გამოგივიდათ, იმის ნაცვლად, რომ ბავშვის გასაგონად განაცხადოთ, “რა საშინელი მზარეული ვარ”, აღნიშნეთ: “ზოგადად საკმაოდ კარგი მზარეული ვარ, მაგრამ ეს კერძი არ გამომივიდა, არა უშავს, არ დავუშვებ, რომ ამან ხელი შემიშალოს კერძების მომზადებაში მომავალში.”

მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ

    • ბავშვის მიერ გაკეთებული თვითკრიტიკული განცხადებები სისტემატიური, გლობალური და მრავლისმომცველია.

 

    • არსებობს მნიშვნელოვანი შეუსაბამობა ბავშვის განცხადებებსა და რეალობას შორის. მაგალითად, ბავშვი რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, ამტკიცებს რომ ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას, ან ამტკიცებს, რომ არავის მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ თანატოლები დადებითად არიან მის მიმართ განწყობილნი და ა.შ.

 

    • ბავშვის თვითკრიტიკულობა უარყოფით გავლენას მის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე, მათ შორის აკადემიურ საქმიანობასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე.

 

Spread the love

Tell us what you think