როგორ გავხვდე პროფესიული სტუდენტი თუ მაქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება ან შეზღუდული შესაძლებლობა
-
- რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული განათლება?
პროფესიული განათლება საშუალებას იძლევა ადამიანმა შეიძინოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარები და ზრდის დასაქმების შესაძლებლობას. პროფესიული განათლება ნაბიჯია თვითკმარობის, კარიერული ზრდისა და ცხოვრების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
-
- რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული განათლებისთვის?
დღესდღეობით, საქართველოში ფორმალური პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია განსხვავებული საჭიროებებისა და შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათ შორის, სმენის, მხედველობის, ქცევითი და ემოციური, ინტელექტუალური, ფიზიკური ან/და სწავლის სირთულეების მქონე პირებისთვის. პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სახელმწოფოს მიერ დაფუძნებულ და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
-
- რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის?
ფორმალურ პროფესიულ განათლებაში ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი საბუთის - 9 კლასის ატესტატის ფლობა. ზოგიერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, შესაძლოა გააჩნდეს დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად: ასაკი (მხოლოდ 18 წლიდან) და განათლება (სრული საშუალო).
-
- როგორ დავრეგისტრირდე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე?
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდიდან https://vet.emis.ge. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირების მსურველ პირს რეგისტრაციის პროცესში დახმარების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ვებ გვერდზე vet.ge
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა, აუცილებელია რეგისტრაციისას მონიშნონ ველი: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი“ და ამასთანავე, რეკომენდებულია, გამოიყენოს 3 საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევის შესაძლებლობა.
-
- როგორ ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩარიცხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ, ხორციელდება პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება და სტატუსის დადასტურება. აღნიშნული სტატუსის დადასტურების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება ალტერნატიული წესით - პრაქტიკული მოსინჯვის საფუძვლად.
-
- რას გულისხმობს პრაქტიკული მოსინჯვა?
პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს აპლიკანტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებში, მის მიერ დარეგისტრირებული პროფესიული პროგრამების ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის პრაქტიკულ გამოცდას და მიღებულ გამოცდილებაზე რეფლექსიას მისთვის საუკეთესო პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად. მაგალითად, თუ პირი დარეგისტრირდა თმის სტილისტის პროფესიულ პროგრამაზე, მან შესაძლოა პრაქტიკულად მოსინჯოს თმის შეჭრა, დავარცხნა, საღებავის მომზადება და სხვა მსგავსი აქტივობები. პრაქტიკულ მოსინჯვას უზრუნველყოფს ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დარეგისტრირდა აპლიკანტი.
-
- ვინ აფინანსებს პროფესიულ განათლებას?
პროფესიული განათლების მიღებას აფინანსებს სახელმწიფო. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყველა სტუდენტისთვის, სტანდარტულ ვაუჩერზე დამატებით გათვალისწინებულია 1000 ლარი კვარტალში. აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის გამოყენება სასწავლო პროცესში კონკრეტული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ხდება.
-
- რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა პროფესიული განათლების საფეხურზე?
საგანმანთლებლო მხარდაჭერა დამოკიდებულია პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სასწავლო სტრატეგიების და აქტივობების მორგება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, პერსონალური ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტის მომსახურება, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა და სხვა.
Tell us what you think