ბაღის ასაკის ბავშვების განვითარების ხელშეწყობა ზაფხულის არდადეგების პერიოდში
ზაფხულის არდადეგები ძალიან ხელსაყრელი პერიოდია ბაღის ასაკის ბავშვების მშობლებისთვის, რათა მათ აქტიური წვლილი შეიტანონ შვილის განვითარების ხელშეწყობაში.
გაგაცნობთ რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციას:
- ესაუბრეთ ბევრი: მაგალითად, საყიდლებზე წაყვანის დროს, სკვერში სეირნობისას, საუზმის მომზადებისას; ზრდასრულებთან მუდმივი დიალოგი ეხმარებათ ბავშვებს ახალი სიტყვების დასწავლაში. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მდიდარია ბავშვის ლექსიკური მარაგი ადრეულ ასაკში, როგორც წესი, მით უფრო უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ მოგვიანებით სკოლაში;
- წაუკითხეთ ხმამაღლა: წიგნის კითხვა ასწავლის ბავშვს წიგნის სწორად დაჭერას, ტექსტისთვის შესაბამისი მიმართულებით თვალის გაყოლებას; უვითარებს მათ წარმოსახვისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარებს, ეხმარებათ ახალი სიტყვების ათვისებაში;
- წაახალისეთ დამოუკიდებლობა: ხელი შეუწყვეთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების დასწავლას. წაახალისეთ ბავშვები, რომ დამოუკიდებლად ჩაიცვან, დაიბანონ პირი და სხვა.
- ასწავლეთ თამაშით: თამაშით სწავლება სკოლამდე ასაკში ყველაზე ეფექტური სწავლის საშუალებაა. მაგალითად, დაუსვით შემდეგი სახის შეკითხვები:
- შენი აზრით, რა ჰქვია მანქანის შემკეთებელს?
- მოდი აბა, დავხატოთ მანქანები, რამდენი მანქანა დავხატეთ?
- რომელი ფერები ავირჩიოთ გასაფერადებლად?
- ისეირნეთ: ხშირად ატარეთ სასეირნოდ სხვადასხვა გარემოში, მაგალითად ზოოპარკში, გასართობ ცენტრებში. ბავშვები, რომლებსაც მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, როგორც წესი, უკეთესი ლექსიკური მარაგით გამოირჩევიან;
- დაეხმარეთ სოციალიზაციაში: ხშირად ჩაიყვანეთ ეზოში თანატოლებთან სათამაშოდ, ეს დაეხმარებათ ისწავლონ ისეთი უნარები, როგორიცაა: რიგის დაცვა, მოსმენა, სხვებთან თანამშრომლობა. სხვა ბავშებთან თამაში ეხმარებათ მათ კოგნიტური და მოტორული უნარების განვითარებაშიც.
Spread the love
Tell us what you think