რომელი უნარებია საჭირო  პირველი სიტყვების წარმოთქმამდე?

2148208024

ბავშვი კომუნიკაციას იწყებს დაბადებიდანვე, როდესაც ტირილით გატყობინებთ საკუთარ  საჭიროებებს. პირველი სიტყვების წარმოთქმამდე, ბავშვი ეუფლება მთელ რიგ ფუნდამენტურ უნარებს, რომლებიც კრიტიკული მნიშვნელობისაა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების უნარების განვითარებისთვის. ეს უნარები  არა მხოლოდ ენის ათვისების საფუძველია, არამედ ბავშვის გონებრივი განვითარების და სოციალიზაციის  პროცესის მაჩვენებელია.
ქვემოთ მოცემულია 8  ძირითადი უნარი,  რომელთა განვითარებაშიც  ხელი უნდა შევუწყოთ ბავშვს პირველი სიტყვების წარმოთქმამდე. 

1. თვალით კონტაქტი

რა არის: როდესაც ბავშვი მიზანმიმართულად გიყურებთ საუბრისას, ეს იმის მანიშნებელია,  რომ თქვენს სახესა და ხმას ერთმანეთთან აკავშირებს. . თქვენი ხმის გაგონებაზე  თვალებში გიყურებთ, თითქოს გისმენთ და იგებს რას ეუბნებით.
როგორ დავეხმაროთ: ხშირად მოთავსდით ბავშვის წინ, "პირისპირ" პოზიციაში, მისი თვალის სიმაღლეზე და ბევრი ესაუბრეთ მას. კვების, ჩაცმის და ბანაობის დროს მიეცით საშუალება დაგინახოთ სახეზე. გაუღიმეთ და დაელოდეთ საპასუხო  გაღიმებას.

2. მოსმენის უნარი

რა არის:  ბავშვი მიზნობრივად რეაგირებს გარემო ხმებზე, განასხვავებს ინტონაციებს და ყურადღებას ამახვილებს მეტყველებაზე. მაგალითად, კრთება ძაღლის ყეფაზე, იღიმება ნაცნობი სიმღერის გაგონებაზე, წყნარდება, როცა დედის ხმა ესმის და ა.შ.
როგორ დავეხმაროთ: შექმენით მდიდარი ხმოვანი გარემო. აღწერეთ, რას აკეთებთ, იმღერეთ სიმღერები, წაიკითხეთ წიგნები სხვადასხვა  ინტონაციით.

3. გაზიარებული ყურადღება

რა არის: ბავშვი და მშობელი ერთდროულად აკვირდებიან ერთსა და იმავე საგანს; ეს საკვანძო უნარია სიტყვების დასასწავლად. მაგალითად, ბავშვი უყურებს ბურთს, შემდეგ თქვენ გიყურებთ, შემდეგ ისევ ბურთს - თითქოს გეკითხებათ:  "ხედავ, რას ვუყურებ?" ან როცა თქვენ აჩვენებთ ფრინველს ცაში, ისიც იხედება მისკენ. 
როგორ დავეხმაროთ: თუ ბავშვი რაიმეს უყურებს, თქვენც შეხედეთ და დაასახელეთ ობიექტი. გამოიყენეთ ფრაზები: "შეხედე!", "ეს არის…", მიუთითეთ ხელით და შემდეგ დაასახელეთ.

4. ჯერის დაცვა

რა არის: ბავშვი კომუნიკაციის პროცესში სწავლობს  დიალოგის პრინციპს- ელოდება თავის ჯერს და შემდგომ პასუხობს მოსაუბრეს. მაგალითად, როცა თქვენ გაუღიმებთ, ბავშვი ღიმილით გიპასუხებთ; როცა ღუღუნისებრ ხმას გამოსცემთ,  პაუზის შემდეგ ბავშვი თავადაც გამოსცემს მსგავს ხმებს, თითქოს "საუბრობთ" ერთმანეთთან.
როგორ დავეხმაროთ: ბავშვთან კომუნიკაციისას განახორციელეთ მცირედი დაყოვნებები. თუ ბავშვი ტიტინებს,ღუღუნებს ან  სიტყვებს ამბობს,  პასუხი გაეცით და შემდეგ დაელოდეთ კომუნიკაციის მცდელობას მისგან.  შექმენით პატარა "საუბრის" რუტინა.

5. მითითება/მინიშნება/ჩვენება

რა არის: ბავშვი თითს ან მზერას იყენებს მისთვის საინტერესო საგნების საჩვენებლად, ეს მისი პირველი მცდელობაა გითხრათ "აი, ეს მინდა" ან "ამას ვუყურებ". მაგალითად,  თითს იშვერს  ფანჯარაში მჯდომი ჩიტისკენ, შემდეგ თქვენსკენ იხედება, რომ დარწმუნდეს, თქვენც ხედავთ მას. 
როგორ დავეხმაროთ: თავად მიუთითეთ საგნებზე და დაასახელეთ ისინი. როცა ბავშვი თითით  მიგანიშნებთ რაიმეზე,  უპასუხეთ: "თითით ბურთზე მანიშნე.  ბურთი გინდა. აიღე ბურთი.”

6. სოციალური ჟესტები

რა არის: ბავშვი იყენებს ხელის უნივერსალურ  მოძრაობებს კომუნიკაციისთვის, როგორიცაა ხელის დაქნევა დამშვიდობების მიზნით, თავის დაქნევა თანხმობის ნიშნად ან თავის გაქნევა უარყოფის ნიშნად. მაგალითად, ხელს უქნევს, როდესაც მამა მიდის,  და ამავდროულად "მა-მა" ბგერებს წარმოთქვამს;  ან თავს აქნევს, როცა აღარ სურს   მეტი საკვები. .
როგორ დავეხმაროთ: ხშირად გამოიყენეთ აღნიშნული  ჟესტები  ყოველდღიურ ცხოვრებაში. . დაემშვიდობეთ ხელის დაქნევით, დაუქნიეთ ან გააქნიეთ თავი "დიახ" და "არა" პასუხისას. .

7. ტიტინი

რა არის: ბავშვი აქტიურად ვარჯიშობს ბგერების, მარცვლებისა და ბგერათა კომბინაციების წარმოთქმაში, რაც მეტყველების მექანიკურ საფუძველს ქმნის. მაგალითად, ბავშვი ხალისით იმეორებს "ბა-ბა-ბა", "მა-მა-მა", "და-და-და" მარცვლებს სხვადასხვა ინტონაციით, თითქოს საკუთარ ენაზე საუბრობს.
როგორ დავეხმაროთ: გაიმეორეთ ბავშვის ტიტინი და დაამატეთ ახალი ბგერები. ჩაერთეთ "საუბრებში", სადაც ტიტინით "ელაპარაკებით" ერთმანეთს.

8. სიმბოლური ხმები

რა არის: ბავშვი ბაძავს მისთვის ნაცნობ  ხმებს, რაც იმის მანიშნებელია, , რომ აკავშირებს ხმას მის წყაროსთან - ეს სიმბოლური აზროვნების დასაწყისია. მაგალითად, ბავშვი ხედავს წიგნში ძაღლს და თავისით წარმოთქვამს "ჰავ-ჰავ", ან მანქანების დანახვაზე ამბობს "ბრრრრ".
როგორ დავეხმაროთ: გაუხმოვანეთ წიგნებში თუ რეალურ ცხოვრებაში არსებული  ცხოველების და საგნების ხმები. "ძაღლი ამბობს 'ამ-ამ ", "მანქანა ამბობს 'ბრრრ'", "ძროხა ამბობს 'მუუუ'".

Spread the love

Tell us what you think