როგორ მუშაობს მოზარდის ტვინი? - ერთი დღე მოზარდის ცხოვრებაში

2151354149

კატო სკოლისთვის გვიან იღვიძებს, მაღვიძარას გაღიზიანებული თიშავს და სანამ ლოგინიდან ადგება ტელეფონს ამოწმებს. სოციალურ ქსელში საუკეთესო მეგობრის ფოტოს ხედავს წვეულებიდან, "მე რატომ არ მითხრეს?" - ეკითხება საკუთარ თავს და სანამ სკოლაში წასასვლელად ემზადება, ცდილობს ამაზე არ იფიქროს, მაგრამ ვერ იშორებს განცდას  რომ რაღაც რიგზე არ არის. სკოლისკენ მიმავალ გზაზე მეგობრისგან შეტყობინებას იღებს და მცირე უთანხმოება სერიოზულ კამათში გადაიზრდება. კატო იმედგაცრუებული და სევდიანია, ფიქრობს, რომ შესაძლოა სამუდამოდ დაკარგოს საუკეთესო მეგობარი. თუმცა, სკოლაში მისულ კატოს მეგობარი გულთბილად ხვდება და ერთი საათის შემდეგ, უკვე ერთად იცინიან, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
გაკვეთილზე კატო შაბათ-კვირის დადგომაზე  ოცნებობს და ყურადღების კონცენტრაცია უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელმა უკვე ორჯერ მოუწოდა ყურადღების მოკრებისკენ. ზარის დარეკვის შემდეგ კი, გაკვეთილის შინაარსი თითქმის აღარც ახსოვს. კატო ღელავს, რადგან იცის, რომ გამოცდა ახლოვდება და თუ ასე გაგრძელდა, კარგ ქულას ვერ მიიღებს.
სახლში დაბრუნებული კატო თავის ოთახში განმარტოვდება და დასამშვიდებლად მუსიკას რთავს. კარზე დედა აკაკუნებს და საუბარს სთავაზობს, მაგრამ კატო უხეშად პასუხობს - "არ მცალია". მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან უყვარს, კატოს არ შეუძლია ახსნას, რატომ აღიზიანებს ახლა დედასთან საუბარზე ფიქრიც კი. 
ძილის წინ, კატო განვლილ დღეზე ფიქრობს და ცდილობს გზა გაიკვლიოს ემოციებისა და ფიქრების ქარიშხალში.

მოზარდის ტვინი და ქცევა

მოზარდობის პერიოდში ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები და თავის ტვინის განვითარების დინამიური პროცესი განაპირობებს მნიშვნელოვან ცვლილებებს კოგნიტური, ემოციური და სოციალური ფუნქციონირების დონეზე. სხეულსა და გონებაში მიმდინარე ეს ცვლილებები, ახალ სოციალურ გამოცდილებებთან ერთად, ქმნის მოზარდების აზროვნების, ემოციების გამოხატვისა და ურთიერთობის უნიკალურ სტილს და შედეგად, განასხვავებს მოზარდების ქცევას როგორც ბავშვების, ისე ზრდასრულების ქცევისგან.
განვიხილოთ ეს ცვლილებები კატოს დღის მაგალითზე.
კოგნიტური ცვლილებები: პრეფრონტალური ქერქი, ტვინის ის ნაწილი, რომელიც განსჯასა და თვითკონტროლზეა პასუხისმგებელი, მოზარდობის პერიოდში ჯერ კიდევ მომწიფების პროცესშია. ამის გამო, მოზარდებს, კატოს მსგავსად, ხშირად უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია იმ დავალებებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში მათთვის უინტერესოა. . გარდა ამისა, ისინი ხშირად იღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, თანმდევი რისკების სათანადო გააზრების გარეშე.
ემოციური ცვლილებები: ამიგდალა, ტვინის ემოციური ცენტრი, მოზარდებში უფრო აქტიურია, რის გამოც ისინი უფრო ინტენსიურ ემოციებს და ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს განიცდიან. კატოს რეაქცია მეგობრის პოსტზე, ეჭვიანობა და იმედგაცრუება, რომლებსაც სწრაფი ემოციური ცვლილება მოჰყვა, ამის ნათელი მაგალითია.
სოციალური ცვლილებები: მოზარდობის პერიოდში, თავის ტვინის დოფამინის სისტემა უფრო მგრძნობიარე ხდება. ეს ნიშნავს, რომ მოზარდები ჯილდოებს უფრო ინტენსიურად განიცდიან და შედეგად, განსაკუთრებით მოელიან სოციალურ განმამტკიცებელს. სწორედ ამიტომაა, რომ მოზარდებისთვის თანატოლებისგან აღიარება და სოციალურ ქსელებში აქტივობა ასე მნიშვნელოვანია. კატოს ეჭვიანობა წვეულებაზე გადაღებული სურათების მიმართ, კარგად წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ვალიდაცია მოზარდობის პერიოდში. გარდა ამისა, მოზარდები ესწრაფვიან დამოუკიდებლობას, მაგრამ მაინც საჭიროებენ ემოციურ მხარდაჭერას. კატოს სურვილი იყოს მარტო, აჩვენებს მის ბრძოლას დამოუკიდებლობას და ოჯახთან ურთიერთობას შორის ბალანსის მოსაპოვებლად.

რეფლექსია მშობლებისთვის

ამჩნევთ თუ არა მსგავს ქცევებს თქვენს შვილში? მასაც ახასიათებს გაკვეთილზე ყურადღების გაფანტვა ან ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება? ფიქრობთ, რომ შედარებით უმნიშვნელო მოვლენებზე გადაჭარბებულად რეაგირებს? რა როლი აქვთ თანატოლებს თქვენი შვილის ცხოვრებაში და როგორ აისახება ეს მის ქცევასა და ემოციებზე თქვენთან ურთიერთობისას?
მოზარდის თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებზე დაფიქრება დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ თქვენი შვილის ერთი შეხედვით გაუგებარი ქცევები.

Spread the love

Tell us what you think