როგორ ვასწავლოთ ბავშვს საათის ცნობა თამაშის გზით

ბავშვისთვის საათის ცნობა დროში ორიენტაციის, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების საჭირო უნარების განვითარების ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. დროის გაცნობიერება ეხმარება მას, რომ დაალაგოს დღის რუტინა და დროულად შეასრულოს მისთვის საჭირო აქტივობები დამოუკიდებლად.
სანამ ბავშვი საათის ცნობას დაიწყებს, მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი საკითხის გათვალისწინება, მაგალითად იცის თუ არა ბავშვმა რას ნიშნავს „მდე“ და „შემდეგ“; „დღე“ და „ღამე“; „დილა“ და „საღამო“; როდის იწყება და მთავრდება აქტივობები და სხვა. საათის ცნობისა და დროების დასახელებისთვის, ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს შეუძლია თუ არა ბავშვს მაგალითად დათვლა და ციფრების ამოცნობა.
როდის უნდა დავიწყოთ საათის ცნობაზე მუშაობა?
დროის ამოცნობა საათზე და სწორად დასახელება საკმაოდ კომპლექსური პროცესია. მნიშვნელოვანია ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა, ამ უნარზე მუშაობა უმჯობესია დაიწყოს 5-7 წლის ასაკიდან, რადგან ამ დროს ბავშვს უკვე შეუძლია დროის ელემენტარული აღქმა და აქვს მზაობა.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივი სტრატეგიას და აქტივობას საათის ცნობისთვის
დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანია ბავშვი ჩართული იყოს ისეთ აქტივობებში, რომელიც დაკავშირებული იქნება საათის ცნობასთან.
- დაიწყეთ ყოველდღიური რუტინით - აქცენტი გააკეთეთ ფრაზებზე, როგორიც არის მაგალითად - „საღამო იწყება 7 საათზე“; „საბავშვო ბაღში მივდივართ 9-საათზე“; „მულტფილმი მთავრდება 6-ზე“ და სხვა. ასე ბავშვი დაკავშირებს დროს კონკრეტულ ქმედებებთან.
- გამოიყენეთ რეალური, მექანიკური საათი ციფერბლატით - რაც დაეხმარება ბავშვს, ვიზუალურად დაინახოს დროის ცვლილება. პირველ ეტაპზე, ასწავლეთ: გრძელი ისარი - წუთები და მოკლე ისარი - საათები.
- დაგეგმეთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, მაგალითად: აპლიკაციების გაკეთება _ შესთავაზეთ მას მოზრდილი ზომის თაბახის ფურცელი, რომელზეც წინასწარ იქნება გამზადებული წერტილოვანი კონტურებით შექმნილი წრე, სთხოვეთ შემოხაზოს წრე და თქვენი დახმარებით დააწეროს ციფრები. ნახატზე გამოსახული უნდა იყოს ციფერბლატიანი საათი.
- მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ფერები, რომელიც მას განსაკუთრებით უყვარს. მიღებულ ნახატს გაუკეთეთ მოძრავი ისრები, რომელსაც იგივე პრინციპით გამოჭრის წინასწარ გამზადებული კოტურების მეშვეობით,
- უმჯობესია რამდენიმე ციფრი_ 3, 6, 9 და 12 იყოს განსხვავებული ფერის.
- დაუსახელეთ მას სხვადასხვა დროები, პირველ ეტაპზე თქვენ თავად მიუთითეთ საათები და შემდეგ სთხოვეთ მოძრავი ისრებით გაიმეოროს იგივე. მნიშვნელოვანია ეს დროები ასევე აჩვენოთ რეალურ საათზეც.
- თავდაპირველად აქცენტი გააკეთეთ კონკრეტულ საათებზე, შემდეგ ყოველ ნახევარ საათზე, ხოლო შემდგომში ნელ-ნელა გაართულეთ ეს აქტივობა.
- აჩვენეთ სხვადასხვა სურათები, ბარათები, სადაც გამოსახულია სხვადასხვა დროები. მიუთითეთ დრო და სთხოვეთ იპოვოს მოცემული დრო სურათზე.
- ასევე ზოგჯერ დამხმარეა ორ ფერად დაყოფილი მუყაოს საათი, რომელიც შესაძლებელია გაკრული იყოს ოთახში ჩვეულებრივ ციფერბლატიან საათთან ერთად. მეტი თვალსაჩინოებისთვის სცადეთ მუყაოს საათის და აქტივობების ვიზუალური განრიგის გამოყენება, მაგალითად საუზმის დაწყებამდე სთხოვეთ განრიგზე შეხედოს დროს, შემდეგ იგივე დრო მიუთითოს მუყაოს საათზე.
Tell us what you think