როგორ ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა?

2148317141

საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობისა და გაგების უნარი ბავშვის ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ბავშვი, რომელსაც შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი ემოციები: უკეთ მართავს საკუთარ ქცევას, უმკლავდება სტრესსა და იმედგაცრუებას. სხვა ადამიანების ემოციების გაგების უნარი კი ბავშვს ეხმარება ურთიერთობების დამყარებაში, ემპათიის გამოხატვასა და კონფლიქტების თავიდან არიდებაში. 

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საკუთარი ემოციების ამოცნობაში? 

  1. დაასახელეთ ემოციები: როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი რაიმეს  განიცდის, დაეხმარეთ მას ამ ემოციის  სახელდებაში. მაგ: "ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ, რადგან სათამაშო წაგართვეს", "მგონი, მოწყენილი ხარ, რადგან მეგობარი სახლში წავიდა", "რა ბედნიერი ჩანხარ ამ ახალი წიგნით!".  გამოიყენეთ ემოციების ფართო სპექტრის აღმნიშვნელი სიტყვები, მათ შორის: სიხარული, სევდა, ბრაზი, შიში, გაოცება, იმედგაცრუება, მოწყენილობა, აღფრთოვანება და ა.შ.
  2. გამოიყენეთ თვალსაჩინო მასალა ან სარკე: ემოციების ამსახველი ბარათები, წიგნები ილუსტრაციებით, რომელში გამოსახული პერსონაჟების სახის გამომეტყველებაზე ისაუბრებთ, ან თუნდაც სარკის წინ სხვადასხვა ემოციის "გათამაშება" ძალიან ეხმარება პატარებს.
  3. მიიღეთ და დაადასტურეთ მისი გრძნობები:   როდესაც იგი ცდილობს თავისი ემოციების გადმოცემას, მიაქციეთ სრული ყურადღება და აგრძნობინეთ, რომ მისი ემოციები მნიშვნელოვანი და მისაღებია, თუნდაც ისინი ნეგატიური იყოს. ფრაზები, როგორიცაა "ნუ ტირი", "არაფერია სანერვიულო", ბავშვს აგრძნობინებს, რომ მისი გრძნობები „არასწორია“. ამის ნაცვლად, თქვით: "მესმის, რომ გეწყინა/გაბრაზდი...". ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი ემოცია განსჯის შიშის გარეშე.
  4. ისაუბრეთ საკუთარ ემოციებზე: იყავით მისთვის მაგალითი. გაუზიარეთ საკუთარი  განცდები მარტივი ენით: "დღეს ცოტა დავიღალე", "მიხარია, რომ ერთად ვსეირნობთ", "ავღელდი , როცა გასაღები ვერ ვიპოვე".

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სხვა ადამიანების  ემოციების ამოცნობაში? 

  1. მიაქციეთ ყურადღება არავერბალურ ნიშნებს: ასწავლეთ, დააკვირდეს სახის გამომეტყველებას, სხეულის ენას, ხმის ტონს. "შეხედე, შენი დაიკო იღიმის, მგონი, მასაც მოსწონს ეს თამაში", "ვხედავ, ხმა აუკანკალდა, ალბათ, ეშინია", "ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და წარბები შეკრა, მგონი, რაღაცაზე გაბრაზდა".
  2. გამოიყენეთ წიგნები და მულტფილმები: პერსონაჟების განცდებზე საუბარი  ემოციების ამოცნობის სწავლებისთვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ჰკითხეთ: "როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ახლა ეს გმირი?”, “რატომ ფიქრობ ასე?”,  “როგორ მიხვდი?".
  3. ითამაშეთ როლური თამაშები: გაითამაშეთ სხვადასხვა სიტუაცია და ემოცია. ეს დაეხმარება ბავშვს, "მოირგოს" სხვისი მდგომარეობა.
  4. ასწავლეთ სხვისი პერსპექტივის აღქმა: დაეხმარეთ, დაფიქრდეს, რას შეიძლება ფიქრობდნენ ან განიცდიდნენ გარშემომყოფები:  "როგორ იგრძნობდა თავს შენი მეგობარი, შენ რომ მისი სათამაშო დაგემალა?".

გახსოვდეთ, რომ საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა უნარებია, რომელთა განვითარებასაც დრო და თანმიმდევრული მიდგომების გამოყენება სჭირდება. 

Spread the love

Tell us what you think