როგორ დავეხმაროთ ბავშვს, იყოს დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული?
აუცილებელია, რომ ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნოთ ბავშვის ისეთი მნიშვნელოვანი ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, როგორებიცაა: ავტონომიურობა, კომპეტენტურობის განცდა და თვითიდენტობა.
რატომ არის ეს საჭიროებები ბავშვის განვითარებაში ამდენად მნიშვნელოვანი?
ბავშვის განვითარება მხოლოდ ფიზიკურ ზრდას არ გულისხმობს. ის მოიცავს შინაგანი სამყაროს ფორმირებასაც — იმას, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს, როგორ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და რამდენად დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება.
ავტონომიურობა — ბავშვის მოთხოვნილება, იყოს დამოუკიდებელი!
ავტონომიურობა ნიშნავს, რომ ბავშვმა ასაკის შესაბამისად თავად მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში; ჰქონდეს თავისუფლება - იმოქმედოს საკუთარი სურვილის მიხედვით.
როცა ბავშვი გრძნობს, რომ მას ენდობიან და საკუთარ მოქმედებებზე გავლენა აქვს, ეს ზრდის მის თავდაჯერებულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას. ამის საპირისპიროდ კი, გადაჭარბებული კონტროლი ხშირად იწვევს შინაგან დაძაბულობას, სიჯიუტეს ან უინიციატივობას.
კომპეტენტურობის განცდა — „მე ვიცი, შემიძლია!“
ბავშვს სჭირდება იგრძნოს, რომ რაღაც გამოსდის. ეს შეიძლება იყოს ძალიან პატარა საქმე — მაისურის გადაცმა, ჩანთის ჩალაგება, მცირე დავალების შესრულება. როდესაც ბავშვი ხედავს საკუთარი ძალის და უნარების შედეგს, მას უჩნდება განცდა, რომ შეუძლია და გამოსდის კიდევაც. ეს განცდა არის შრომისმოყვარეობის, პრობლემების გადაჭრის და თვითმოტივაციის უნარების საფუძველი.
თვითიდენტობა — საკუთარი თავის მკაფიო აღქმა
თვითიდენტობა არის ბავშვის განცდა, იმასთან დაკავშირებით, თუ „ვინ ვარ მე“ — რა მომწონს, რა შესაძლებლობები და ფასეულობები მაქვს. თვითიდენტობა დროთა განმავლობაში ყალიბდება, თუმცა მასზე პირდაპირ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ ურთიერთობენ ბავშვთან მშობლები.
5 რეკომენდაცია მშობლებისთვის
-
- მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება, თუნდაც მცირე საკითხთან მიმართებით. .
მაგ.: „რომელი წიგნი წაიკითხო?“, „წითელი მაისური გინდა თუ ლურჯი?“. არჩევანი ზრდის ავტონომიურობას.
-
- შეაქეთ ბავშვის გამოვლენილი ძალისხმევა, არა მხოლოდ შედეგი.
„ხედავ, როგორ ეცადე? ეს ძალიან მნიშვნელოვანია!“ — ასეთი შეფასება აძლიერებს კომპეტენტურობის განცდას.
-
- დაუტოვეთ სივრცე შეცდომისთვის. შეცდომა სწავლების ბუნებრივი ნაწილია. ნუ ჩაერევით ყველაფერში. აცადეთ, თავად გამოსცადოს, გამოასწოროს, ეცადოს და ისწავლოს.
-
- მოუსმინეთ ბავშვის აზრს და ემოციებს ინტერესით. როცა ბავშვი გრძნობს, რომ მისი აზრი გარშემომყოფებისთვის მნიშვნელოვნია , ეს აძლიერებს თვითიდენტობას და თავდაჯერებულობას.
-
- მიეცით ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობა. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო გაზარდეთ მისი პასუხისმბებლობები. ეს შეიძლება იყოს: საკუთარი ნივთების მოწესრიგება, გადაწყვეტილებების მიღება, დროის ორგანიზება და სხვა.
აღზრდის ამ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, აუცილებელია, ბავშვი გრძნობდეს, რომ მშობელი ბოლომდე მის მხარეს არის, რომ ის იღებს მას ისეთად, როგორიც არის, მშობლისგან იღებდეს პოზიტიურ უკუკავშირებს და მხარდაჭერას. ამის საპირისპიროდ კი, როცა მშობელი მუდმივად აკრიტიკებს ბავშვს და მის ნაცვლად აკეთებს ყველაფერს - ეს ბავშვს უძლურად და დაუცველად აგრძნობინებს თავს.
Tell us what you think