რა არის რუტინა და რატომაა იგი მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის?

children-spending-time-together-comfort-their-home

რუტინა იმ აქტივობების ერთობლიობაა, რომელსაც ყოველდღიურად ვასრულებთ. ბავშვების შემთხვევაში რუტინა როგორც წესი მოიცავს დაძინებისა და გაღვიძების, ასევე კვების, ჰიგიენური პროცედურების,  მეცადინეობისა და თამაშისთვის გამოყოფილ მეტ-ნაკლებად ფიქსირებულ დროს. 

რატომ არის მნიშვნელოვანი რუტინის დაცვა? 

  • დღის სტაბილური, განმეორებითი განრიგის არსებობა პირველ რიგში დროის უკეთ განაწილებასა და მართვაში გვეხმარება.  
  • როდესაც ბავშვისთვის ცნობილია ყოველდღიური აქტივობების ჩვეული თანმიმდევრობა,  მას ნათელი წარმოდგენა ექმნება იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოელიან მისგან გარშემომყოფები დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მაგალითად, იცის რა დრო უნდა დაჯდეს სამეცადინოდ. არ არის გასაკვირი, რომ რუტინის დარღვევას, ხშირად მოჰყვება ქცევის სირთულეების გამოვლენა ბავშვებში. 
  • გარდა ამისა, როგორც დაკვირვების არაერთი მონაცემი მიუთითებს, რუტინის არსებობა მნიშვნელოვანია ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვისაც, რადგან სტაბილური დღის განრიგის არსებობა მათში აძლიერებს განცდას, რომ სამყარო არა ქაოტური, არამედ ორგანიზებული და პროგნოზირებადია. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, პანდემიის პირობებში. 

 

როგორ შევიმუშავოთ რუტინა? 
რუტინის შემუშავებისას გასათვალისწინებელია ბავშვის შესაძლებლობები, მისი სურვილები და საჭიროებები. ქვემოთ მოცემული რამდენიმე რომელიც ეფექტური რუტინის შემუშავებაში დაგეხმარებათ: 
განსაზღვრეთ პრიორიტეტები
აქვს თუ არა თქვენ შვილს გარკვეული აქტივობები, რომელიც განსაზღვრულ დროს უნდა შეასრულოს? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შესრულდეს დღის განმავლობაში? თუკი თქვენმა შვილმა განსაზღვრულ დროს უნდა მიიღოს საკვები, აბაზანა, ან წამალი, დღის განრიგი პირველ რიგში სწორედ აღნიშნული აქტივობების გარშემო უნდა დაიგეგმოს. 
განსაზღვრეთ, რომელია დღის ყველაზე ნაყოფიერი მონაკვეთი ბავშვისთვის: 
ზოგიერთი ბავშვი დღის პირველ ნახევარში უფრო ნაყოფიერად მუშაობს, მაშინ როდესაც სხვები დღის მეორე ნახევარში არიან უფრო ეფექტურები. გაითვალისწინეთ ეს განრიგის შედგენისას. დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ბავშვს როგორც წესი ყურადღების კონცენტრირება უჭირს, შედარებით მარტივი აქტივობები დაგეგმეთ, მაგალითად, ხმამაღლა კითხვა, ფიზიკური ვარჯიში, თამაშები ან ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობა. უფრო რთული აქტივობები კი იმ დროისთვის შემოინახეთ, როდესაც ბავშვი თქვენი დაკვირვებით უფრო  პროდუქტიულია.  
გამოიყენეთ ვიზუალური მასალა
რუტინის დაცვა უფრო გამარტივდება, თუკი მას არა მარტო სიტყვიერად გააცნობთ ბავშვს, არამედ თვალსაჩინო მასალასაც დაურთავთ. ჩამოწერეთ და გააკარით დღის განრიგი მცირე ზომის დასათაურებული ნახატებთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ თავად ბავშვთან ერთადაც შექმნათ. გამოიყენეთ ფერადი ფურცლები, ფანქრები ან ამა თუ იმ აქტივობის ამსახველი მცირე ზომის გამოსახულებები. ვიზუალური მასალის გამოყენება განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც ჯერ არ ფლობენ კითხვის უნარს, თუმცა მისი გამოყენება ყველა ბავშვთან ეფექტურია.   

დაეხმარეთ ბავშვს ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლის პროცესში 
ზოგიერთ ბავშვს უჭირს ერთი აქტივობიდან მეორეზე გადართვა და ამიტომ მოზრდილების მხრიდან დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ამ პროცესში შესაძლოა მშობელმა გამოიყენოს მობილური ტელეფონის წამზომის ფუნქციაა,  რომელიც ბავშვს დაეხმარება იმის განსაზღვრაში თუ რამდენი დრო დარჩა კონკრეტული აქტივობის დასრულებამდე. რიგ  შემთხვევებში შესაძლოა საკმარისი იყოს ერთი შეხსენება, ბავშვების გარკვეულ ნაწილი კი მრავალჯერად შეხსენებას საჭიროებენ- მაგალითად, მოზრდილმა უნდა შეახსენოს, რომ აქტივობის დასრულებამდე დარჩენილია 10 წუთი, შემდეგ შეახსენოს, რომ  დარჩენილია 5 წუთი, მესამე შეხსენება კი აქტივობის დასრულებამდე 1 წუთით ადრე შეიძლება გაკეთდეს.  
სიტყვიერად შეახსენეთ ბავშვს თქვენი მოლოდინის შესახებ. 
მაგალითად:
„შენ გაქვს _ წუთი დარჩენილი, და შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ ___________“
„როდესაც წამზომზე დანიშნული დრო გავა, ჩვენ გავჩერდებით და გავაკეთებთ _______“

შეიმუშავეთ  ელექტრონული მოწყობილობის გამოყენების წესი
გადაწყვიტეთ, დღის რა მონაკვეთში დართავთ ბავშვს ნებას  გამოიყენოს ესა თუ ის ელექტრონული მოწყობილობა და რაც მთავარია, რა მიზნით. მაგალითად, თქვენ შეიძლება მას უფლება მისცეთ  გამოიყენოს მოწყობილობა წიგნის წაკითხვის მიზნით ან, თამაშისთვის 10-15 წუთით. დაუწესეთ ელექტრონული მოწყობილობის გამოყენების დროითი შეზღუდვა და გეგმა თუ როდის უნდა დაასრულოს გამოყენება (იხილეთ ერთი აქტივობიდან მეორე გადასვლასთან დაკავშირებული რეკომენდაცია).  
დღის რუტინის ნიმუში:
ქვემოთ მოცემული განრიგი წარმოადგენს ნიმუშს, რომელიც  შეიძლება შეიცვალოს, თქვენი საჭიროებების შესაბამისად.
8:00    გაღვიძება და დილის ჰიგიენური პროცედურები
8:30    საუზმის მომზადება ერთობლივად
9:30    გადაავლეთ თვალი განრიგს და შეახსენეთ ბავშვთან დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები.

9:45    კითხვის უნარის გავარჯიშება
10:30   ხელოვნება - გაფერადება, ხატვა, ან ხელსაქმე 
11:00   შესვენება - ცეკვა, მოძრაობა, დასვენება
11:30   მათემატიკა
12:00   ერთობლივად რაიმე მარტივი კერძის მომზადება 
13:00   ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების დრო
14:00   სახლის საქმეები/ მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში  ძილი
15:00   სატელევიზიო გადაცემების ან ფილმის ყურება
17:00   ფიზიკური აქტივობა
18:00   ვახშამი
19:00   თავისუფალი დრო ან ერთობლივად თამაში         
20:00   ერთობლივი კითხვა ძილის წინ

Spread the love

Tell us what you think