„მე თვითონ გადავწყვეტ!“ - როგორ დავეხმაროთ ბავშვს პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილების მიღებაში?
გადაწყვეტილების მიღების უნარი კუნთივითაა – რაც უფრო ხშირად ვიყენებთ, მით უფრო ძლიერდება. ეს უნარი ბავშვს თავდაჯერებულობას, დამოუკიდებლობასა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრაში ეხმარება. როგორ შევუწყოთ ხელი ამ უნარის განვითარებას?
- შესთავაზეთ მარტივი, მაგრამ რეალური არჩევანი. დაიწყეთ მარტივი, ყოველდღიური სიტუაციებით, მაგ: „საუზმეზე რას მიირთმევ, შვრიის ფაფას თუ კვერცხს?“ ან „რომელ მაისურს ჩაიცვამ , წითელს თუ ლურჯს?“ - არჩევანის შესაძლებლობა ბავშვს კონტროლის განცდას უჩენს და ასწავლის, რომ მის აზრი მნიშვნელოვანია.
- ესაუბრეთ შედეგებზე (და არა დასჯაზე). დაეხმარეთ, დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ქცევებსა და მოვლენებს შორის. მაგალითად: „თუ სათამაშოებს არ ავალაგებთ, შეიძლება ფეხი წამოვკრათ და დაგვეყაროს“ ან „თუ ახლა არ მოემზადები, პარკში სათამაშოდ ცოტა დრო დაგვრჩება“. ეს ეხმარება მას, გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილების პოტენციური შედეგი.
- მიეცით „შეცდომის“ დაშვების უფლება (უსაფრთხო გარემოში). თუ ბავშვი დაჟინებით ითხოვს ქუჩაში თხელი მოსაცმელით გასვლას (როცა არც ისე ცივა), მიეცით ამის საშუალება. მცირე დისკომფორტი მას ბევრად მეტს ასწავლის, ვიდრე ათი შენიშვნა. ის სწავლობს საკუთარი გამოცდილებით და ენდობა მას.
- იყავით თავად მაგალითი. გაახმოვანეთ თქვენი გადაწყვეტილებები - „მმმ, ვფიქრობ, სადილისთვის ბოსტნეული ვიყიდო, რადგან ის სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.“ თქვენი მსჯელობის გაზიარება საუკეთესო გაკვეთილია.
გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან ეს პროცესი შეიძლება მეტ დროს, მოთმინებასა და ადაპტირებულ მიდგომას (მაგ: ვიზუალური მინიშნებები, არჩევანის ორამდე დაყვანა) საჭიროებდეს. მთავარია თანმიმდევრულობა და ბავშვის შესაძლებლობების გათვალისწინება. .
Spread the love
Tell us what you think